Digest Logo

რატომ დააპატიმრეს ნინო კუზანოვას მშობლები მისი ნიშნობის წინა დღეს და რა დაავადებას ებრძოდა ახალდაბადებული

1610988545
ნადირაძე ნინო

ჩემი ცხოვრება დაბადების დღიდან რთული იყო, რადგან მეოთხე ხარისხის ასფიქსიით დავიბადე და ექიმები ჩემს გადასარჩენად ორი საათი იბრძოდნენ - ამ წინადადების მოსმენას ყველაზე ნაკლებად მუდამ ლაღი და პოზიტიური ნინო ნადირაძისგან ელოდით. სინამდვილეში, მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ინსტაგრამისა და ფეისბუქის კედლებს მიღმა ბევრ ტკივილი, სირთულე და იმედგაცრუება იმალება - როგორც ყველა ოჯახში. 

არ მიყვარს ჩემს რთულ ცხოვრებაზე საუბარი და წუწუნი. რა აზრი აქვს პრობლემებზე საუბარს, თუ არ გაქვს იმედი, რომ ვიღაც გვერდით დაგიდგება. ზოგადად, ჩემს პრობლემებს თავად ვუმკლავდები.
– ვიცი, ბევრი ადამიანი უცნაური დახმარების თხოვნით გაკითხავს.
– დახმარების თხოვნით ძალიან ბევრი მაკითხავს, ალბათ, ჰგონიათ პრემიერ-მინისტრი ვარ, ან ძალიან დიდი ფულის პატრონი, ან ჯადოქარი. ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ახალგაზრდა ადამიანები მოდიან, ჯან-ღონით სავსე და მატყუებენ, თითქოს ბინა წაართვეს და ფინანსური პრობლემები აქვთ. 25 წლის გოგონა მოვიდა, კაზინოში ფული წავაგე, ბინას ვკარგავ და დამეხმარეო. კაზინოში რომ ადამიანი ფულს წააგებს და მას დაეხმარები, ფაქტობრივად, ღუპავ მას. ერთხელ, უცნაური თხოვნით შავებში ჩაცმული რძალ-დედამთილი მოვიდა. ქალმა მითხრა, შვილი გარდამეცვალა, ჩემს რძალს შვილი არ დარჩა მეუღლისგან და იქნებ, ხელოვნურად გაანაყოფიეროთ, შვიდ თვეში გაჩნდეს ბავშვი და ვიტყვით, რომ ჩემი შვილიშვილია ქონებრივი დავა რომ ავიცილოთ თავიდანო. ვუთხარი, ქონებრივი დავა არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ასე გსურთ, ინ-ვიტრო განყოფილებაში გაგგზავნით-მეთქი. მოკლედ, დავტრიალდი, ხელოვნური განაყოფიერების სპეცილისტებს ავუხენი სიტუაცია და რომ დავფაცურდი, მიხვდნენ, მზად ვიყავი დასახმარებლად და აღმოჩნდა, რომ დაღუპული მეუღლისგან ბავშვი კი არა, ჩემგან უნდოდათ ფული.


– მართალია, რომ შენი ნიშნობის წინა დღეს, მშობლები დაიჭირეს, იმის გამო, რომ სახლში ზვიად გამსახურდიას წიგნი გიპოვეს და არც ის გაითვალისწინეს, რომ მამას რამდენიმე დღის წინ სიმსივნის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული?


– დიახ, ჩემი ნიშნობის წინა დღეს, სახლში შემოვარდა ექვსი შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი. ისეთი სტრესი მივიღე, გახსენება ახლაც არ მინდა. გადაჩხრიკეს მთელი სახლი, აღმოაჩინეს ზვიად გამსახურდიას წიგნი და ამის ნიადაგზე, მშობლები დამიპატიმრეს. დედაჩემი მაშინ 41 წლის იყო, მამა კი ახალნაოპერაციები. მათემატიკოს, ანტიკომუნისტ კაცს ზვიადისტობა დააბრალეს, არადა საერთოდ არ იცნობდა ზვიადს. მიზეზებისა და ახსნების გარეშე დააპატიმრეს. ზოგადად, როცა რეალური საფრთხის წინაშე ვდგავარ, შიშის შეგრძნებას ვკარგავ. შეიარაღებული პირები რომ შემოცვივდნენ, ვაგინე, ვუყვირე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მაინც წაიყვანეს. კოლმეურნეობის მოედანზე, შენობაში მივუვარდი იმ ტიპებს, საშინელი ამბები ჩავატარე, იქაც ვაგინე, ვიჩხუბე, ვუყვირე. არადა, 1993 წელი იყო, სრული განუკითხაობა. რომ იგრძნეს შეურაცხადი ვიყავი, უკან არ დავიხევდი და თავს შევაკლავდი, ამან გაჭრა. უცებ დათბნენ, მომიბოდიშეს და ჩემი მშობლებიც გაათავისუფლეს. იმ დროს ჩვენს ოჯახში ოქროს ბეჭედი დაიკარგა, თუმცა ეს არ გვიდარდია, მთავარია, მშობლები მყავდნენ გვერდით. როცა ადამიანის პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას ვხედავ, უმიზეზოდ ჩაგვრას, ეს ჩემთვის დიდი სტრესია და შემიძლია ამას შევაკვდე. არც სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა მიყვარს და არც მორალისტობა, რადგან ცხოვრებამ მაჩვენა, ვინც მეტს მორალისტობს, ყველაზე მეტი ჩონჩხი აქვს თავის კარადაში დამალული. ჩემი დიდი ბაბუა – ამბერკი ადეიშვილი, დასავლეთში, ანტიბოლშევიკურ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. მისგან მებრძოლი ხასიათი დამყვა. ორივე ბებია უავესი მყავდა და ავი ხასიათი მათგან მერგო (იცინის). სულ ვხუმრობ, მამაჩემის დედას, ნინა ბებოს ვგავარ, ჩემნაირი მეძონძია და პრანჭიკელა იყო. იმ პერიოდში შემოჰქონდათ ირანიდან ტანსაცმელი და მთელი ოქროული იმაში გადაცვალა (იცინის). ზოგადად, ჩემი პრინციპია – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ამიტომ, ჩემი ცხოვრებიდან არცერთ მოვლენას, შეცდომას, პრობლემას, დაგებულ მახეს არ ამოვჭრიდი. ამან უფრო გამაძლიერა და გამოცდილება შემძინა. ჩემი ცხოვრების ყველა სიხარული და ტკივილი მიყვარს. ხშირად, ახლობელ ადამიანებს უღალატიათ და ამის მსხვერპლიც ვყოფილვარ, ამანაც გაიარა და ვაპატიე. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ამის მერე, მათი ცხოვრება კარგად წარიმართა. ვცდილობ, არ მეტკინოს გული, რადგან ისეთი კარმა მაქვს, ის ადამიანები ცხოვრებას ცუდად ამთავრებენ. ასე რომ, ჩემს კარმასთან ბრძოლა ყველამ წააგო.
– ბედნიერი ხარ? ახლა ცხოვრების რა ეტაპს გადიხარ?
– სულ ვამბობ, ყოველდღიურობით ვცხოვრობ და ვერ გავიგე, რა არის ბედნიერება, როგორც მცნება-მეთქი. ახლა ცხოვრების გაფურჩქვნის ეტაპს გავდივარ, როცა ზუსტად ვიცი ჩემი თავის ფასი, ბოლო თეთრამდე. ასე რომ, ბევრი ვღირვარ, მაგრამ არასდროს გავყიდულვარ. მე მხოლოდ სიყვარულსა და ერთგულებაზე ვიყიდები.
– ამბობ ხოლმე, მე ვერაფრი გამაოცებს და გამაკვირვებსო. თუმცა, შენი მეუღლე, გუგა ამას ხშირად ახერხებს და მისი რომანტიკული ქმედებები შოკშიც გაგდებს.
– დიახ, გუგა ყოველთვის ახერხებს გამაოცოს და შოკში ჩამაგდოს. ასე რომ არ იყოს, ჩემ გვერდით ვერ იქნებოდა, თუმცა მაინც იაფად გამოდის (იცინის).
– რატომ იაფად, ახლახან ისეთი ძვირად ღირებული მანქანა გაჩუქა, ყველა ქალი რომ ოცნებობს.
– მანქანების გარდა, არსებობს ისეთი რამეებიც, რასაც მისგან დიდი დოზით ვითხოვ, მაგალითად, არ უნდა დაიღალოს ჩემი მოფერებით, სიყვარულითა და საჩუქრებითაც. მოკლედ, მივედი სახლში და გუგას ვუთხარი, ჩემმა მანქანამ აურია და მგონი, შესაცვლელია-მეთქი. მითხრა: ახლა მაგის თავი არ მაქვს, ცოტა ხანი მოიცადეო. მე არასოდეს მანქანაში ფული არ მემეტება, ჩემი ფინანსები ჩემს ვიზუალს, ჩაცმა-დახურვასა და სხვების დახმარებას ხმარდება. ამიტომ, ვთვლი, რომ მანქანა მეუღლემ უნდა მიყიდოს და ყველა მანქანა მისი ნაყიდია. სამ დღეში სიყვარულის დღე მოდიოდა. უყიდია, მიუყვანია სახლში წითელი ლენტებით გაბანტული და რომ დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა, დამხამრე ცუდად არის და ჩქარა მოდიო, გიჟივით წამოვედი. ეზოში შევვარდი და გაბანტული, მორთულ-გაპრანჭული მანქანა დამხვდა. გუგა, იქ არ იყო, ჩემს ემოციებს ეზოში დაყენებული კამერებიდან ადევნებდა თვალყურს.

ახლახან, დაბადების დღე მქონდა და გუგამ აღსანიშნად ამსტერდამში წამიყვანა. მოვრჩით შოპინგს, გასეირნებას, ფოტოსესიას, ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მინდოდა და საღამოს, დაღლილები ვზივართ სასტუმროს ფოიეში. გუგას ვეუბნები: ზუსტად ვიცი, დიდხანს ვიცოცხლებ და როგორ მინდა, ცალი თვალით დამანახა ჩემი სიბერე-მეთქი. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ჩოჩქოლი ატყდა ჰოლში, მომსახურე პერსონალი წინ და უკან დარბის და ვიღაც გამწარებული, ასაკოვანი ქალი, ყველაფერს თავზე ახურავს. მოკლედ, გავხედე და დავინახე, დაახლოებით 80 წლის, ქერა ქალი, თავზე დაკოსებული თმით, კაი შენახული, ბეწვის ქურთუკით, თავიდან ფეხებამდე ბრილიანტებში და დაცვის თანხლებით, ინგლისურად ყვირილით გამოთქვამდა პრეტენზიას: რატომ არის სასტუმრო ასეთი ქვით მოპირკეთებული, რომ დამიცურდეს ფეხი და დავეცეო. გუგას აუტყდა სიცილი და მეუბნება: აი, ხომ გინდოდა შენი სიბერე გენახა და ა, ბატონო, შეხედეო. უცებ, ეს ქალი შემოტრიალდა და ჩვენკენ დაიძრა. გადავხედე გუგას და ვეუბნები: მგონი, დაგვერხა-მეთქი. მომიახლოვდა, ჩამეხუტა და მეუბნება, ზუსტად შენნაირი ვიყავი ახალგაზრდობაშიო. თან დაცვის ბიჭებს და სასტუმროს პერსონალს დაუძახა, უთხრა, აი, ჩემი ახალგაზრდობა და სათითაოდ ემთხვიეთ ხელზეო (იცინის). აღმოჩნდა, რომ ეს ქალი იყო ამერიკელი „მილიარდერშა“. რომ გამომელაპარაკა და ვუთხარი, ჩემს ქმართან 25 წელია, ვარ-მეთქი, მითხრა: მე ჩემს ქმართან 40 წელი ვიცხოვრე და რომ დავმარხე, უფრო მაგარი ცხოვრება დაიწყოო. გუგამ გადმომხედა, გაეცინა და მითხრა: ესე იგი, შენი სიბერე და ორეული ხომ განახე და 15 წელი დამრჩენია სიცოცხლე, გამიძელიო (იცინის).


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

კიკაბიძე:კენედის ბრალია ცოლი რომ მოვიყვანე


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“