Digest Logo

როგორ გადაუსწრო პოპულარობით გიორგი ჭინჭარაულმა სპორტსმენებს და ვინ ანებივრებს ქართველ ოლიმპიელებს უცხოეთში? - ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ძალოსანთა ექიმთან

1725343472
გიორგი ჭინჭარაული

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული, რომელსაც სოციალური ქსელიდან სახალისო პოსტებითა თუ ვიდეოებით უამრავი ადამიანი იცნობს, ჩვენი საამაყო სპორტსმენებისა და ოლიმპიადის შესახებ „თბილისელებთან“ საუბრობს.

გიორგი ჭინჭარაული: ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. როდესაც ამ სპორტსმენების წარმატებაში შრომა გაქვს ჩადებული, კიდევ უფრო ბედნიერი ხარ. მათი გამარჯვება, საერთო ჯამში, შეკრული გუნდის შრომის შედეგია, მათ შორის არიან მწვრთნელები, სამედიცინო გუნდი და რა თქმა უნდა, თავად სპორტსმენები. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავ. ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიაზრებ და ვაფასებ ჩვენს მიღწევებს.

– ბევრი ხუმრობა შემხვედრია იმაზეც, რომ უკვე თითქმის გადაასწარი ბიჭებს პოპულარობით. ალბათ, გარშემო ძალიან პოზიტიური განწყობებია.

– მაგალითად, აეროპორტშიც უცნობი ადამიანებიც მოდიოდნენ, რომ ოლიმპიელების მატიანეს ვწერ ჩემი კადრებით. არ გაჩერდე, გააგრძელეო, მეუბნებოდნენ და ეს ნიშნავს, რომ დაინტერესებული არიან ჩემი კონტენტით, რომელსაც „ფეისბუქზე“ ვქმნი. ზოგადად, ვფიქრობ, რაც უფრო სერიოზულ პოსტებს აქვეყნებ, ნაკლებად იქცევს ყურადღებას, რაც უფრო ლაღი ხარ, იუმორით გადმოსცემ სპორტსმენების ცხოვრების შიდა სამზარეულოს, მით უფრო ინტერესდებიან ადამიანები. ძალიან მიხარია, თუ მოვახერხე ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება თითოეული ფოტოსა თუ ვიდეოს გადაღებით და გამოქვეყნებით. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ კონტენტის გამო მქომაგობს.

– ორი ოქროს მედალი მაქვს, ბიჭებს ჩაეძინათ და ხომ არ იცით, საფრანგეთში კარგ ფასად სად იბარებენო, წერდი, იუმორის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივი, არა?

– ეგ ცალკე თემა იყო. წინა დღით ეს მედლები ორივეს გულზე ჰქონდა ჩამოკიდებული და არცერთმა არ მათხოვა, რომ მეც ჩამომეკიდა, ერთმანეთში არ აგერიოსო, გეგონება, რამე განსხვავება ყოფილიყო (იცინის). მეორე დილით ვფიქრობდი, ნეტა, მართლა მომეპარა და მეწუწუნებინა-მეთქი, მაგრამ გადაღლილები იყვნენ და შემეცოდნენ, ამიტომ თავი დავანებე (იცინის).

– ბიჭები რამდენად გყვებიან ხოლმე იუმორში?

– თავიდან, როცა, ასე ვთქვათ, „საღლიცინო“ კონტენტის გადაღება დავიწყე, კრიტიკაც მიმიღია მათგან, არ გინდა ყველაფრის გადაღებაო. ახლა პირიქით, მაგალითად, ლაშაც თვითონ მეუბნება ხოლმე, აბა, გადაიღებ? იღებ თუ არაო?! მივაჩვიე (იცინის). სპორტის პიარში ადამიანები მუშაობენ, მაგრამ ჩემი აზრით, მე, ამ მხრივ, ტალახაძის ეპოქა შევქმენი, მთლიანად ლაშას პიარზე ვარ გადართული (იცინის). არც სხვა ბიჭებს ვაკლებ ენერგიას, როცა ერთად ვართ, მაგრამ ლაშა ყოველდღიურად გვერდით მყავს და ყველაფერი მასზე მაქვს აწყობილი (იცინის). ძალიან მიხარია, რომ მაყურებელი ამ ყველაფერზე ხალისობს.

– თან მეგობრობაც გაკავშირებთ.

– კი, უკვე მეთერთმეტე წელია, ვიცნობ, თითქმის ყოველდღე ერთად ვართ. დღესასწაულებზეც ხშირად ერთად ვიკრიბებით ოჯახებით. წელიწადის 11 თვე შეკრებაზე ვიმყოფებით და მეგობრობაცაა და ოჯახის წევრობაც. მისი მეჯვარეც ვარ და ბავშვის ნათლიაც. ეს ჩემი დამატებითი ფუნქციებია და ვცდილობ, ჩემი მაიმუნური პოსტებით რამე არ გავაფუჭო და ვინმეს არ ვაწყენინო, განსაკუთრებით – ლაშას. ბევრი ვიდეო გადამიღია, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, შეიძლებოდა, ვინმეს რამე ისეთი დაეწერა, რაც სპორტსმენზე ნეგატიურად იმოქმედებდა და ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ. ამიტომ არის რაღაცები, რაც კადრს მიღმა რჩება (იცინის).

– ოლიმპიელების ჩაცმულობა ცალკე განხილვისა და იუმორის თემა იყო. არც ამას ჩამორჩენიხარ.

– მე მიმუშავია სატელევიზიო შოუში, ამიტომ ჩემთვის სასცენო ტანსაცმელი უცხო არ არის. როცა ეს ფორმები ვნახე, მაშინვე ვთქვი, შესაძლოა, ერთი შეხედვით, ეს ვერ აღიქვა ლამაზად მაგრამ რაოდენობაში და სასცენო-სატელევიზიო გადაღებისთვის, რისთვისაც ეს გათვლილი იყო, კონკრეტულად გახსნის ცერემონიალისთვის, ძალიან კარგი-მეთქი და თუ დამიჯერებთ, ასეც იყო. რომ ვნახე, სხვების ჩაცმულობა როგორ ჩანდა ეკრანებზე, ჩვენ ერთ ერთ-ერთი საუკეთესო სასცენო კოსტიუმით ვიყავით წარდგენილები.

ჩემთვის თვითირონია ყოველთვის სახალისოა. რატომ გავაკრიტიკებ სხვის ჩაცმულობას, როცა შემიძლია, საკუთარზე ვიხუმრო და გავერთო. თუმცა, ლაშასგან კრიტიკა მივიღე, შენც ხომ გაცვია ეს ფორმა, მარტო ჩვენ ხომ არ ვატარებთ და ამაზე რატომ ხუმრობო?! მე არ მითქვამს, რომ ცუდად გვეცვა, უბრალოდ, სახალისო იყო ამ ფორმებში საკუთარი თავის ხილვა. ყოველდღიურად ასე ხომ ვერ ივლი. გაცილების ცერემონიაზე რომ მოგვიწია წასვლა და მერე შუა ქალაქში დავტანტალებდით ამ ფორმებით, ის მართლა სახალისო იყო (იცინის). დანარჩენი არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ახლოდან თუ ნახავთ ამ ფორმებზე ძალიან ბევრი ქართული ორნამენტია დატანილი და პირიქით, მადლობა მის დიზაინერს, იმედია, არ იწყინა ჩემი თვითირონია. ჩემი აზრით, ეს უფრო სწორი მიდგომა იყო, ვიდრე ის საქილიკო პოსტები, რასაც სოციალურ ქსელებში თქვენც ნახავდით.

– რა დამოკიდებულება იგრძნობოდა ოლიმპიადაზე ქართველების მიმართ, როგორი იყო შიდა სამზარეულო, თან ამდენი წარმატების შემდეგ – სამი ოქრო ძალიან ბევრს ნიშნავს.

– ზოგადად, ოლიმპიადებზე ძალიან მეგობრული გარემო არის ხოლმე, ყველა თანაბარ პირობებშია და მაქსიმალურად ეხმარებიან ერთმანეთს მაქსიმალური შედეგის დასადებად.

ბექაურს, ტალახაძეს, პეტრიაშვილს, იმდენი ფანი ჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში, ლიცენზირებულ სპორტსმენებზე მაქვს საუბარი, რომ გამოვდიოდით გარეთ, მათთან ერთად რომ ვმოძრაობდით, ფოტოს გადაღებას ვერ აუდიოდნენ და ყველგან ვაგვიანებდით. ქართველ სპორტულ გიგანტებს ძალიან დიდ პატივს სცემენ უცხოელი სპორტსმენები და ძალიან კარგად იცნობენ. ქუჩის მეორე მხრიდან მესმოდა შეძახილები, წარმატებები ლაშა, მეფე ხარ და ასე შემდეგ.

– გამარჯვების ამაღლებულ წუთებს მედიის საშუალებით თვალს ვადევნებთ ხოლმე, მაგრამ შენ კიდევ მეტის ხილვის საშუალება გაქვს, მით უმეტეს. სამივე ოქრო განსაკუთრებული იყო, თავისი ბექგრაუნდით. რა ხდება ამის იქით?

– გამარჯვებისთვის იმდენი შრომა იდება, ყველა სპორტსმენს სხვადასხვა ემოცია ეუფლება. ცრემლიც მინახავს, სიცილიც, ისეთი მოძრაობებიც, რომელსაც ნორმალური ადამიანი არ გააკეთებს (იცინის). ისეც მომხდარა, რომ გონზე ვერ მოდიოდნენ, მართლა მოვიგეო?! ასეთ მომენტში გონება იმხელა ემოციას იღებს, შეიძლება, ბევრი რამ ვერ გააცნობიერო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ზეპირად იცი, რაც იქ ხდება. ხან რა ავიწყდებათ, ხან საერთოდ არ ახსოვთ ის წუთები თუ ბევრი დეტალი. ემოციებს ვერ განსაზღვრავ.

– როგორი სირთულეები იყო სამზადისში?

– როდესაც ოლიმპიური წელი იწყება, ჩათვალეთ, რომ იმ წელს ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. ახლობლების ქორწილსა თუ ნათლობაში ვერ წავსულვართ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ვართ მოკლებული. ისე იზრდებიან ჩვენი შვილები, რომ ხანდახან შეიძლება, თვეში ერთხელ მივიდე სახლში, დავხედო და ვერც დავრჩე, რადგან რომელიმე სპორტსმენს დახმარება დასჭირდეს და ადგილზე უნდა ვიყო. ასეა ლაშაც, ძალიან მონატრებულია ოჯახს. ძირითად პრობლემას ეს ქმნის. ადამიანმა შეიძლება, ოჯახის წევრთან იკამათო თვეში სამჯერ და ჩვენ სულ ერთად რომ ვართ, მარტივად რომ გითხრათ, ხანდახან ვეღარ ვიტანთ ხოლმე ერთმანეთს (იცინის). სპორტული ცხოვრება და ამ ტიპის ვარჯიშები, რომ ტრავმულია და ჯანმრთელობაზე კარგად არ აისახება, ყველასთვის ცნობილია. ძალისმიერი პროფესიული სპორტი ყოველთვის ტრავმებთანაა ასოცირებული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ყოველთვის არის. მთელი სამედიცინო გუნდი ჩართული ვართ პროცესში, რომ რაც შეიძლება, მალე დავუბრუნოთ სპორტსმენს ფორმა და ამ გაწამაწიაში უცებ მოდის ხოლმე ოლიმპიადისა თუ სხვა ჩემპიონატის დრო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს

⭕ +33, +35 გრადუსი - როგორია უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი