მსოფლიო პოპ-არტისტი მადონა საკუთარი ცხოვრების უმძიმეს მომენტებს, სულიერ ტრანსფორმაციასა და ოჯახურ დრამებზე ექსკლუზიურად ჯეი შეტის პოდკასტში - Jay Shetty Podcast საუბრობს. მომღერალმა დეტალურად გაიხსენა ის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც მძიმე ბაქტერიული ინფექციისა და სეფსისის გამო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ჯეი შეი: მინდა, პირველ რიგში გკითხოთ, თქვენ ბევრი ინტერვიუთი არ გამოირჩევით. შეიძლება, ბოლო 9-10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, საერთოდაც არ გვინახავს თქვენი ინტერვიუ. რა არის დღეს აქ ყოფნის მიზეზი? რატომ ახლა? რატომ დღეს?
მადონა: წარსულში ინტერვიუებს, ძირითადად, ჩემი საქმიანობის, მუსიკის, ტურნეს ან ფილმის პოპულარიზაციისთვის ვაძლევდი. მაგრამ დღეს მინდა ვისაუბრო ჩემს სულიერ ცხოვრებაზე და იმ სულიერ გზაზე, რომელსაც უკვე 28 წელზე მეტია მივყვები.
ეს სიბრძნე ძალიან დამეხმარა ცხოვრების აღმავლობებსა და დაღმასვლებში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. წლების განმავლობაში ადამიანები ხშირად მეკითხებოდნენ: „რა არის მიზეზი, რომ ჯერ კიდევ გონივრულად აზროვნებ? რატომ განაგრძობ წინსვლას? რატომ არ გადაუხვიე გზიდან, როგორც სხვა ადამიანები?“
ჩემს ბევრ თანატოლზე ვფიქრობ, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. რა არის მთავარი მიზეზი? მე ვიტყოდი, რომ ეს ჩემი სულიერი ცხოვრებაა. ნამდვილად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ და ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ, ეს რომ არ მქონოდა. როგორც ვთქვი, სულიერება ძალიან დამეხმარა ცხოვრების აღმავლობებისა და სირთულეების გადალახვაში. ამიტომ ვიგრძენი, რომ მსურდა ეს გამოცდილება ადამიანებისთვის გამეზიარებინა.
ამიტომაც ვარ აქ. მე არ ვცდილობ პროდუქტის რეკლამირებას და არც მინდა, ვინმემ რამე იყიდოს. უბრალოდ, მინდა ადამიანებს გავუზიარო ის, რამაც, ფაქტობრივად, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. შეიძლება, ეს დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ ასეა.
ჯეი შეტი: როგორც ჩანს, ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ცხოვრების ღრმა ნაწილია, რომელზეც სხვა სივრცეებში ხშირად ვერ საუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის სამი ათწლეულია თქვენი ცხოვრების ნაწილია, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, ეს გზა რომ არ გეპოვათ?
მადონა: მჯეროდა, რომ მხოლოდ ფიზიკური სამყარო არსებობდა. დავიჯერებდი ყველა იმ ილუზიას, რაც არსებობს, და სწორედ ეს დამღუპავდა. ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობის დაღუპვის მიზეზიც ეს არის.
ჯეი შეტი: რას ნიშნავს თქვენთვის სულიერება? ვფიქრობ, ეს სიტყვა სხვადასხვა ადამიანისთვის ძალიან განსხვავებულ რამეს ნიშნავს.
მადონა: დიახ. სულიერი ცხოვრება ან სულიერი გზა შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავდეს. ვიცი, რომ თქვენც გაქვთ თქვენი სულიერი გზა და ჩემთვის აქ არ არსებობს კითხვა, ვისი გზაა უკეთესი. მნიშვნელოვანია ის, რაც კონკრეტულად თქვენთვის მუშაობს. მე კაბალას 29 წელია ვსწავლობ - 1996 წლიდან.
დიდი დროა და მე ზედაპირული ადამიანი არ ვარ. სისულელესა და ფარსს ადვილად არ ვეგუები. თუ რამე მცდარი, კორუმპირებული ან არაგულწრფელი მეჩვენებოდა, ამდენ ხანს იქ არ დავრჩებოდი. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი და იგივე მასწავლებელი მყავდა.
ჩემთვის სულიერი ცხოვრება ნიშნავს შინაგანი ცხოვრების ქონას. დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით ეს. თუ იმ რწმენაში აღმოვჩნდებით ჩაფლული, რომ ჩვენი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, გვიყვარს თუ არა სხვები, ვიღებთ თუ არა სხვებისგან მოწონებას, რამდენი ფული გვაქვს, რამდენი შესანიშნავი სამოსი გვაქვს ან რამდენი გამომწერი გვყავს „ინსტაგრამზე“ - ეს ყველაფერი ბედნიერებას ვერ მოგვიტანს. ეს ყველაფერი სიმშვიდეს ვერ მოგვიტანს.
ამიტომ მნიშვნელოვანია შინაგანი ცხოვრების ქონა, საკუთარ თავში ჩახედვა და რაიმე პრაქტიკის არსებობა - როგორიც არ უნდა იყოს ის: ლოცვა, მედიტაცია... ყოველდღიურად დროის გამოყოფა იმისთვის, რომ გაჩერდე, საკუთარ თავს გადახედო და დაფიქრდე.
ჩვენ ძალიან დატვირთულ და ქაოსურ სამყაროში ვცხოვრობთ. უამრავი ხმაური და უამრავი ყურადღების გამფანტავი რამეა. რამდენჯერ გაგიგიათ, რომ ადამიანები ამბობენ: „სოციალური მედია... ადამიანები ქუჩაშიც კი ვერ დადიან მუსიკის მოსმენის გარეშე.“ თითქოს ყველას მუდმივად სჭირდება ვიზუალური სტიმული.
სიმშვიდე აღარ არსებობს. სიჩუმე აღარ არსებობს. ჩვენ საკუთარ თავთან ჩუმად ყოფნა, შინაგან სამყაროში ჩახედვა და კითხვების დასმა აღარ გვაკომფორტულებს: რატომ ვარ აქ? რას ვაკეთებ? ან რა არის ჩემი განზრახვა იმ კონკრეტულ არჩევანში, რომელსაც ახლა ვაკეთებ? იქნება ეს ჩემი სამუშაო, შვილების აღზრდა თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება.
თუ სულიერი ცხოვრება არ გაქვს, არასდროს ჩერდები და საკუთარ თავს კითხვებს არ უსვამ. უბრალოდ, ცხოვრებას მიექანები. ყველაფერს, რაც შენს თავს ხდება, შემთხვევით მოვლენად აღიქვამ.
მე კი არ მჯერა, რომ რამე შემთხვევით ხდება. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ხდება, რაღაც მიზეზით უნდა მოხდეს - იმისთვის, რომ რაღაც გაკვეთილი გვასწავლოს. მაგრამ საკითხავია: საკმარისად გაცნობიერებული ხარ? საკმარისად „გამოფხიზლებული“ ხარ? საკმარისად გაინტერესებს, გაარკვიო, რატომ მოხდა ეს? რატომ დამემართა ეს? რა არის ჩემი გაკვეთილი?
არ მინდა, ცხოვრებას ისე გავყვე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, შემთხვევითობად მივიჩნიო. მაგრამ არც მსურს, თავი მსხვერპლად ვიგრძნო. საკმაოდ რთული ცხოვრება მქონდა და ადვილია იმ ხაფანგში მოხვედრა, როცა საკუთარ თავს ეცოდები ან მსხვერპლის როლში აღმოჩნდები: „რატომ ხდება ეს ჩემთან? რატომ არ ხდება სხვებთან? რატომ არ მაქვს ის, რაც იმ ადამიანს აქვს?“
დარწმუნებული ვარ, გამოთქმა „შედარება სიხარულის მკვლელია“ თქვენც გსმენიათ. ამ თამაშიდან უნდა გამოხვიდე. ჩემთვის ამისთვის სულიერი ცხოვრება აუცილებელია.
თუ სულიერ პრაქტიკას მოაშორებ, თითქოს სამუშაოში ხარ გამოკეტილი. შემდეგ სახლშიც გადადიხარ. სახლიდან კი კიდევ უფრო შორს ხარ, როცა ტელეფონს უყურებ.
ჯეი შეტი: რაც სახლიდანაც კი გაგიყვანს.
მადონა: ზუსტად. მაშინ სად ხარ? არსად. ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ. მატერიალურ სამყაროშიც კი აღარ ვიმყოფებით - უბრალოდ ვირტუალურ სამყაროში ვართ.
ვირტუალური სამყარო თავისთავად ცუდი არ არის. მაგრამ თუ გაცნობიერება არ გაქვს, ცხოვრებას აზრი ნამდვილად ეკარგება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სწავლაა. ყოველ კვირას დრო უნდა გამონახო იმისთვის, რომ დაჯდე და ისწავლო. შეგიძლია ბიბლია შეისწავლო, ჯალილ ჯიბრანის პოეზია, ვედები... თქვენც გააკეთეთ ეს, ხომ? თქვენც შეისწავლეთ სხვადასხვა სულიერი ტრადიცია.
სიმართლე გითხრათ, სანამ კაბალა აღმოვაჩენდი, პასუხებს ვეძებდი.
ჯეი შეტი: რატომ ფიქრობთ, რომ პასუხებს ეძებდით? რატომ გქონდათ ამის საჭიროება?
მადონა: იმიტომ, რომ მქონდა ყველაფერი, რაც, ადამიანების წარმოდგენით, ბედნიერებას უნდა განიჭებდეს. მქონდა წარმატებული კარიერა, პოპულარობა, ფული, მატერიალური და ფიზიკური შესაძლებლობები. მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი.
მოგვიანებით დავიწყე იოგას, კერძოდ, აშტანგა იოგას პრაქტიკა. ჩემი მასწავლებელი ედი, ედი სტერნი დღემდე ძალიან მიყვარს, შესანიშნავი ადამიანია. ძალიან ჩამითრია და კონკურენტული გავხდი, პირველი სერია, მეორე სერია, მესამე სერია... მაგრამ შევამჩნიე, რომ ბევრი ადამიანი მის სტუდიაში მოდიოდა და პოზებს საერთოდ არ ასრულებდა. უბრალოდ, განეშას ქანდაკების წინ სხდებოდნენ, სანთლებს ანთებდნენ ან ლოცულობდნენ.
მივხვდი და ედიმაც მიმითითა ამაზე რომ ზოგჯერ ტრავმა მქონდა, ან ვმოგზაურობდი და იოგას პრაქტიკას ვერ ვასრულებდი. ის მეკითხებოდა: „შეხედე, სუნთქავ?“ მე ვპასუხობდი: „დიახ.“ და ის მეუბნებოდა: „მაშინ იოგას აკეთებ.“
მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ზედმეტად ვიყავი ჩაფლული ფიზიკურ პოზებში. ის მეუბნებოდა: „არა, ვერ ხვდები. შენ საერთოდ არსი გამოგრჩა. პოზები მხოლოდ საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც სუნთქვას სწავლობ, ამშვიდებ ნერვულ სისტემას და საკუთარ ცენტრში ბრუნდები.“
ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
იოგას სტუდიის კედელზე დიდი ნახატი იყო, რომელზეც ეწერა: „სურვილი და მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება“.
ვკითხე: „რას ნიშნავს ეს?“ მან მიპასუხა: „რა თქმა უნდა, გვინდა სიამოვნება, ბედნიერება, ყველაფერი გვინდა. ამაში არაფერია ცუდი. მაგრამ ამას არ უნდა მიეჯაჭვო, რადგან თუ მიეჯაჭვები და ის აღარ გექნება, რა დაგემართება?“
მაშინ ჩემი ქალიშვილი ლოლა, უფროსი ქალიშვილი, მყავდა მუცლად. ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი და უცებ მივხვდი: ახლა სხვა ადამიანის წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი. რას ვასწავლი მას?
თითქოს მეტეორივით მივქროდი ამ პლანეტაზე. გადარჩენის შესანიშნავი ინსტინქტები მქონდა. ძლიერი შრომისუნარიანობა მქონდა. ძალიან ამბიციური ვიყავი. მაგრამ უბრალოდ ყველაფერს ვანგრევდი და წინ მივიწევდი, უკან არასდროს ვიყურებოდი.
როცა ნიუ-იორკში ჩამოვედი, საკუთარ თავს ვუთხარი: „არასდროს დავბრუნდები იმ არავინად, ვინც ბავშვობაში ვიყავი.“
ამიტომ შინაგანი მამოძრავებელი ძალა ნამდვილად მქონდა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ სულიერი ან გაცნობიერებული ადამიანი ვიყავი. ორსულობისას უცებ მივხვდი, რომ არაფერი ვიცოდი და რომ სხვების მოსაზრებების მონა ან მსხვერპლი ვიყავი.
გარედან შეიძლება თავდაჯერებული, მამაცი და თამამი ვჩანდი, მაგრამ სინამდვილეში, ღრმად ჩემში, ასეთი არ ვიყავი. ორსულობისას ლოს-ანჯელესში მეგობრებთან ვახშამზე ვიყავი. გვერდით ერთი ქალი იჯდა, რომელსაც ზედაპირულად ვიცნობდი. ის კოსტიუმების დიზაინერი იყო, მისი ქმარი კი რეჟისორია.
მითხრა: „ჩემთან ერთად გაკვეთილზე უნდა წამოხვიდე.“
ვკითხე: „რა გაკვეთილზე? სხვათა შორის, გაკვეთილები მიყვარს. სტუდენტობა მიყვარს. რაზეა ეს გაკვეთილი?“
მითხრა: „იქ ერთი მასწავლებელია. რაღაცას კაბალა ჰქვია. სინაგოგასთან ახლოსაა.“
მე ვკითხე: „მოიცა, ანუ ის ებრაელია?“ მან მიპასუხა: „დიახ, მაგრამ ამას ებრაელად ყოფნასთან კავშირი არ აქვს. ეს ცხოვრების ერთგვარი ფილოსოფიაა, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეგიძლია.“
ვუთხარი: „კარგი, წამოვალ.“
ასე გავიცანი ჩემი მასწავლებელი. წლების განმავლობაში გაკვეთილებზე უკანა რიგში ვიჯექი. იმ დროს იქ ძირითადად კაცები დადიოდნენ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო. ამან გამბედაობა მომცა, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ და ვინც უნდა ვყოფილიყავი. ასევე დამაფიქრა განზრახვაზე და ცხოვრების ნამდვილ მიზანზე.
ჩემი ცხოვრების მიზანი ხომ მხოლოდ ის ვერ იქნება, რომ მდიდარი და ცნობილი გავხდე, პოპულარული ვიყო ან ბევრი ჩანაწერი გავყიდო, რადგან ეს ყველაფერი არ არის მუდმივი.
სწორედ გაკვეთილებზე სიარულის შემდეგ დავიწყე ამ საკითხებზე რეალურად ფიქრი. და უბრალოდ გავაგრძელე სიარული. აი, დღეს აქ ვარ.
მაგრამ დედობამ, მშობლობამ ნამდვილად მაიძულა დამესვა ის კითხვები, რომლებიც, ალბათ, უფრო ადრე უნდა დამესვა. უბრალოდ, მანამდე საკუთარ თავში ვიყავი ჩაკარგული.
ჯეი შეტი: როგორ შეუთავსეთ ერთმანეთს ეს ორი რამ, როცა გარედან შეიძლება სრულიად საპირისპიროდ ჩანდეს?
მადონა: უცნაურად? იმას გულისხმობთ, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, თითქოს სულიერება და წარმატება ერთმანეთს არ ეწყობა? ბევრი ფიქრობს, რომ ეს აბსურდია.
სინამდვილეში, წარმატებისთვის სულიერი ცხოვრება გჭირდება. წარმატება არის სულიერი ცხოვრების ქონა. წერტილი.
ერთხელ მყავდა შეყვარებული და დაშორებიდან წლების შემდეგ ერთმანეთს შევხვდით. კაბალაზე ვუყვებოდი. მითხრა: „კი, ამას აზრი აქვს, რადგან კათოლიკედ გაიზარდე. ვიცი, როგორი რელიგიური იყო დედაშენი.“
მე ვუთხარი: „არა, არა, საქმე ამაში საერთოდ არ არის. ამას რელიგიასთან კავშირი არ აქვს.“
ყველამ უნდა იპოვოს ის გზა, რომელიც მას ესაუბრება და შინაგანად ეხმიანება. მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს სულიერი გზა ჰქონდეს.
და ვიტყოდი, რომ სულიერი გზის გარეშე დღეს ისეთი წარმატებული ვერ იქნებოდი, როგორიც ხარ, როგორც საქმიანობაში, ისე ქორწინებაში, მეგობრობასა და სხვა ურთიერთობებში.
მართალია, ეს შეიძლება კლიშედ ჟღერდეს, მაგრამ სულიერი ცხოვრება ნამდვილად შეგიძლია გქონდეს და ამავე დროს წარმატებული იყო. მე აქ არ ვიქნებოდი, სულიერი გზა რომ არ მქონოდა.
ინტერვიუს განმავლობაში მან 4-დღიანი კომატოზური მდგომარეობის დროს მან მიღმიერ სამყაროსთან შეხება გაიხსენა, რამაც მთელი მისი შემდგომი ცხოვრება და მსოფლმხედველობა შეცვალა.
„სიტყვა „პატიება“ გონებაში მაშინ ამოტივტივდა, როდესაც საავადმყოფოში გონს მოვედი. თითქმის უკვე „მეორე მხარეს“ ვიყავი გადასული. იმ გაცნობიერების მომენტში გარდაცვლილი დედაჩემი გამოჩნდა და მკითხა: „გინდა ჩემთან წამოსვლა?“ მე კი ვუთხარი: „არა“. იმ დროს ოთახში ჩემი ასისტენტიც იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უგონოდ ვიყავი, მას ფიზიკურად გაიგონა, როგორ წარმოვთქვი ხმამაღლა ეს „არა“. როდესაც საბოლოოდ გავიღვიძე, მივხვდი, რომ ეს უარი ნიშნავდა ჩემს ვალდებულებას, მიმეტევებინა იმ ადამიანებისთვის, ვის მიმართაც წყენასა და ბოღმას წლები ვინახავდი“, - იხსენებს მადონა.
ინტერვიუში პოპ-დივამ ღიად ისაუბრა ცხოვრების სხვა მტკივნეულ ეტაპებზეც, მათ შორის ვაჟის მეურვეობისთვის გამართულ სასამართლო დავაზე, რაც მისთვის უმძიმესი ემოციური დარტყმა აღმოჩნდა:
„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი შვილის მეურვეობისთვის ბრძოლა იყო. იმ დროს ტურნეში ვიყავი, ყოველ საღამოს სცენაზე უნდა გავსულიყავი, შოუს წინ კი საგრიმიოროს იატაკზე ვეგდე და ვქვითინებდი. მეგონა, ეს სამყაროს დასასრული იყო. ბავშვობაში საკუთარმა დედამ მიმატოვა, ამიტომ შვილის დაკარგვის შიში ძველი ტრავმის გაღვიძება და იმავე კოშმარის განმეორება გახლდათ“,- აღნიშნა მომღერალმა.
მან ასევე გაიხსენა ურთიერთობა გარდაცვლილ ძმასთან, რომელსაც წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა:
„წლები ვფიქრობდი, რომ მას ვერასდროს ვაპატიებდი. მაგრამ როდესაც ის მძიმედ გახდა ავად და დახმარება მთხოვა, ეგო გვერდზე გადავდე. მისი ხელის დაჭერა გარდაცვალების წინ და თქმა - „მიყვარხარ და გპატიობ“ - ჩემი სულისთვის უდიდესი ტვირთის ჩამოხსნა იყო“,- იხსენებს მომღერალი.
მადონას თქმით, მიღებულმა სულიერმა გამოცდილებამ და კაბალას შესწავლამ მას ასწავლა, რომ საკუთარ ბედისწერასა და ქმედებებზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.
ამ ტრანსფორმაციამ ასახვა ჰპოვა მის ახალ მუსიკალურ პროექტებშიც. მან უკვე დაწერა ორი ახალი კომპოზიცია — Fragile, რომელიც ძმას მიუძღვნა და Forgive Yourself.
„მკაცრი სიტყვები და უხეში ქცევა ენერგიაა, რომელსაც უკან ვერასდროს დაიბრუნებ, მაგრამ შენი კარმული ბედისწერის შეცვლა ყოველთვის შეგიძლია. ამის მთავარი გზა სხვებისა და საკუთარი თავის პატიებაა. თუ ჩვენ კოლექტიურად ავალთ ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ნამდვილად შევძლებთ“, - აცხადებს მადონა.
მასალა ვიდეოზე დაყრდნობით მოამზადა „დაიჯესტის“ რედაქციამ.