სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ელენეს როლს 9 წლის ელენე ჩარკვიანი ასრულებს. ასაკისა და სამსახიობო გამოცდილების არქონის მიუხედავად, მაყურებელზე ზემოქმედების მოხდენა სულაც არ უჭირს. შეუძლებელია, ეკრანს მიღმა გულგრილი დარჩე მისი სიხარულის, დარდის, ცრემლების მიმართ.
აღნიშვნას იმსახურებს, გუშინდელი სერია, სადაც მსახიობებმა არნახული პროფესიონალიზმი გვაჩვენეს, მათ შორის კი რა თქმა უნდა იყო ელენე.
ჟურნალმა „გზამ“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ელენე, საოცარი გოგო ხარ. ასე დამაჯერებლად, პროფესიონალივით როგორ თამაშობ?
- დიდი მადლობა! თავადაც არ ვიცი, როგორ ვთამაშობ. ეს მეც მაინტერესებს. ამ შეკითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ, მაგრამ პასუხი არ ვიცი.
- როლში როგორ შედიხარ, ამაში რა გეხმარება?
- არ ვიცი, ტექსტს რომ ვკითხულობ, მერე ეს ბუნებრივად ხდება. მგონი, როლში შესვლაზე მეტად, როლიდან გამოსვლა მიჭირს.
- რამდენი წლის ხარ?
- 9 წლის ვარ, მეოთხე კლასში ვსწავლობ.
- სერიალში როგორ აღმოჩნდი?
- დედამ გაიგო, რომ კასტინგი ტარდებოდა, ჩემი ფოტო გაგზავნა, შემდეგ მივედი, სცენა გავიარეთ და მალე მითხრეს, რომ ელენეს როლზე ვიყავი დამტკიცებული.
- ამის მოლოდინი გქონდა?
- კი, ვფიქრობდი, რომ ამ როლისთვის მე ამირჩევდნენ.
- საკუთარ თავს ეკრანზე რომ ხედავ, როგორი განცდა გაქვს?
- მიხარია. გააჩნია, ჩემი პერსონაჟი რა მდგომარეობაშია. ზოგიერთ შემთხვევაში მაქვს განცდა, რომ რაღაც წინადადება კარგად ვერ ვთქვი, ზოგან მოძრაობა არ მომწონს, ზოგიერთ შემთხვევაში მომწონს.
- გადასაღებ მოედანზე პირველი დღე როგორი იყო, ღელავდი?
- დიახ, ვნერვიულობდი. ცოტა ხანი რომ გავიდა, ჯერ ერთ სცენაში გადამიღეს, შემდეგ - მეორეში, ნერვიულობა თანდათან მომეხსნა.
- რას გვეტყვი ანკა ვასაძესა და თაზო გახარიაზე - მსახიობებზე, რომლებიც შენი მშობლების როლებს თამაშობენ, ისინი შენთვის როგორი პარტნიორები არიან?
- ვაიმე!.. ორივე ძალიან მიყვარს, სულ მეფერებიან და მიხარია, რომ ჩემი "მშობლები" არიან. ჩემი "ბებიაც" (მსახიობი ქეთი გეგეშიძე) ძალიან მიყვარს, სულ ცდილობს, გამართოს.
რჩევებს გაძლევენ?
- დიახ. მეუბნებიან, რა დროს როგორ მოვიქცე. მათ მეც ვეხმარები.
- როცა შენი სცენის გადაღება არ ხდება, ამ დროს იქ როგორ ერთობი?
- სხვა მსახიობებთან ერთად ოთახში ვარ და ხან რაზე ვლაპარაკობთ, ხან - რაზე. გადაღებებზე დედას დავყავარ, ზოგჯერ - ბიძაჩემსაც.
- გადაღების პროცესში ყველაზე რთული რა არის?
- ტირილი. ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა.
- მერე ეს სირთულე როგორ დასძლიე?
- ამ დროს წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ გავირტყამ...
- ძალიან საყვარელი ხარ!
- (იცინის)...
- მიამბე, სკოლაში შენი მასწავლებლები და კლასელები რას გეუბნებიან?
- რადგან სკოლის მოსწავლე ვარ, ცდილობენ, გადაღება ისეთ დროს დამინიშნონ, რომ გაკვეთილების გაცდენა არ მომიხდეს. გადაღების გამო სკოლა ჯერ მხოლოდ ორჯერ გავაცდინე. მასწავლებლები მეუბნებიან, როცა მიყურებენ და როცა ეკრანზე მხედავენ, უხარიათ. კლასელებსაც უხარიათ. სულ მეკითხებიან, შემდეგ სერიებში რა ხდებაო? ამის თქმის უფლება არ მაქვს. ზოგჯერ კი თავადაც არ ვიცი, რა მოხდება.
- ელენეს პერსონაჟის შექმნაში, შემოქმედებითი ჯგუფის წევრების გარდა, კიდევ ვინ გეხმარება?
- დეიდა. ის მსახიობი არ არის, მაგრამ მაინც მეხმარება. როლს რომ მიგზავნიან, ფურცელზე ვბეჭდავ და ვსწავლობ, დეიდას ვაკითხებ, ის მაძლევს რჩევებს, რა დროს როგორი უნდა ვიყო, რა იქნება უფრო კარგი და ა.შ.
- ქუჩაში გცნობენ? გაჩერებენ?
- ხშირად მაჩერებენ, მიღიმიან და მეუბნებიან, რომ მიცნეს. უმეტეს შემთხვევაში ფოტოების გადაღებას მთხოვენ.
- პოპულარობა სასიამოვნოა?
- დიახ, მომწონს.
- ცნობილი მსახიობებიდან ვინ არის შენთვის მისაბაძი?
- ჩემი „დედა" და „მამა", ორივე მიყვარს. გამიმართლა, რომ მათთან თამაში მიწევს.
- როგორ ფიქრობ, მსახიობობა ის პროფესიაა, რომელსაც მომავალში აირჩევ?
- რა თქმა უნდა. ეს პროფესია მიყვარს.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ელის მარია სააკაშვილი ბაღში წავიდა - ფოტოები
წყარო: gza.kvirispalitra.ge