მომღერალი და „ღამის შოუს“ ბენდის ახალი სახე ნინი ყულეჯიშვილი მეუღლესთან, თორნიკე ინწკირველთან, ურთიერთობის ისტორიას ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს.
წყვილის სიყვარული ექვსი წლის წინ დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდნენ. წლების შემდეგ მათი გზები საერთო მეგობრის დახმარებით კვლავ გადაიკვეთა. ნინი განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს ბებიასაც, რომელსაც თორნიკე ძალიან მოსწონდა და ყოველთვის მოსწონდა სასიძოდ.
„ჩემი მეუღლე არის თორნიკე ინწკირველი. ჩვენი ისტორია ექვსი წლის წინ დაიწყო. მაშინ მე უნივერსიტეტში ვაბარებდი, ბავშვები ვიყავით. ჩემგან განსხვავებით, თოკო ბევრად მზრუნველი და პასუხისმგებლიანი, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. არასდროს არაფერი ავიწყდება. ისიც კი, რომ ფრჩხილის ან წამწამის სპეციალისტთან მივდივარ, საქმე მაქვს, თუ ასე შემდეგ (იცინის). ახლა, მით უმეტეს, ქორწილის და ტელევიზიის ამბებზე ძალიან ვნერვიულობდი და თორნიკე მამშვიდებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ის მიორგანიზებს. მისი ძალიან მადლიერი ვარ.

ჩვენი ისტორია, როგორც ვთქვი, 6 წლის წინ დაიწყო. იმ პერიოდიდან ოჯახებით ვიცნობდით ერთმანეთს და ერთმანეთის ოჯახებშიც მივსულვართ. ჩემს ბებოს თორნიკეს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. სულ მეუბნებოდა: ბებო, ძალიან კარგი ბიჭია, არ აწყენინო და არ დაკარგოო. მერე მე თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩვენ დიდი პაუზა გვქონდა ურთიერთობაში, წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით და ბებო სულ ნერვიულობდა და მას მიხსენებდა. ახლა ნამდვილად ვერ შევადარებ ჩვენს სიყვარულს – ვერ ვიტყვი, რომ თორნიკეს მეტად ვუყვარვარ, ვიდრე მე, მიყვარს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ადრე თოკო უფრო მეტად იყო ჩემზე შეყვარებული. მჯეროდა, რომ რადგან ასე ვუყვარდი, ისევ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. წლების შემდეგ ასეც მოხდა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვებოთ, რომელმაც გაგვაცნო ერთმანეთი – მას ჩვენს ურთიერთობაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ერთ დღესაც კონცერტზე ულამაზესი ასი წითელი ვარდი გამომიგზავნა. მერე დაბადების დღე მქონდა და საჩუქართან ერთად, ისევ ულამაზესი ყვავილები გამომიგზავნა. ჩვენს საერთო მეგობარს ძალიან დიდი სამადლობელი ტექსტი მივწერე მისთვის გადასაცემად.
2 იანვარს, ბედობა დღეს და მისი დაბადების დღის წინა დღეს, თოკომ უკვე პირადად მომწერა. ეს დღე ჩვენთვის სასწაულთან ასოცირდება, ამ დღეს დავებედეთ ერთმანეთს. იქიდან განახლდა ჩვენი ისტორია და სიყვარული. ჩვენს ოჯახებსაც ძალიან გაუხარდათ ჩვენი ამბავი, ბებოს – განსაკუთრებით, ფრინავდა სიხარულისგან“, - ამბობს ნინი ყულეჯიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია“ - რატომ არ უნდა დათო ლიკლიკაძეს ქუთაისის კოლორიტის სტატუსი
⭕ ენ ჰეთეუეის მესამე შვილი შეეძინა: 44 წლის მსახიობი ახალშობილთან ერთად გადაიღეს