მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო, თუმცა, ამის შესახებ საჯაროდ 29 იანვარს ჩვენთან საუბრისას განაცხადა.
ნინი ბადურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს მის ძირითად პროფესიას დაუბრუნდეს და კარიერა კვლავ მუსიკალურ სფეროში გააგრძელოს, თუმცა, ამის მიუხედავად მომღერლის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურად აფასებს.
მომღერალი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური საბაბი.
ასევე, როგორც ნინიმ გვითხრა მას ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედში“ უკვე წლებია მუშაობს და არის რამდენიმე გადაცემის თანაწამყვანი.
„დიახ, ვადასტურებ, რომ ტელეკომპანია „იმედში“ აღარ ვარ, დაახლოებით, 3 კვირის წინ ბოლო გადაცემა ჩაიწერა და ახლა ჩაწერილი გადაცემები გადის. თებერვლიდან ეკო ფანგანი წაიყვანს გადაცემას ჩემს მაგივრად.
ჩემი თხოვნაა, ამას არ დაუდონ პოლიტიკური სარჩული, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, ეს ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში, დიდი გამოცდილება მივიღე იმ ადამიანებთან ერთად, ვინც იყო „პრაიმშოუში“, ამ წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდა ტელეკომპანია „იმედში“ ჩემ მეგობრებთან ერთად“, - აღნიშნა ბადურაშვილმა.
ცნობისთვის, გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი დედის საოცარი შვილები“ - ნანუკა გუდავაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს