Digest Logo

ზურა ყიფშიძე 73 წლის გახდა - მსახიობის წარმატებული კარიერა, ოჯახი და სიყვარულის ისტორია

1786347073
ზურა ყიფშიძე იუბილარია

ზურა ყიფშიძე იუბილარია. ლეგენდარული მსახიობი დღეს, 10 აგვისტოს, 73 წლის გახდა. 

„თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი“ მას დაბადების დღეს ულოცავს:

„დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, ზურა ყიფშიძის დაბადების დღეა! ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებთ!.“ 

ზურა ყიფშიძე

1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს, მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.

„იმ 50-60 ფილმიდან, რომლებშიც გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ, საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა."

მსახიობის სიყვარულით, თბილისში არაერთ ბავშვს დაარქვეს ზურა, უამრავი გოგონა კი მალულად ეტრფოდა მის ნიჭსა და უზადო გარეგნობას. სწორედ მაშინ, როცა ზურა ყიფშიძე კარიერული წარმატების პიკზე იყო, ცოლად შეირთო უმშვენიერესი ლელა გოცირიძე. 

წყვილმა ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახა, რომელსაც ლელა ბებიასთან ერთად ესწრებოდა. განსაკუთრებული სტილისა და გარეგნობის უცნობი გოგონა ზურას მაშინვე მოხვედრია თვალში, თუმცა მათი ურთიერთობა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.

დასაფლავების შემდეგ ზურა ყიფშიძე მოსკოვში წავიდა, საქართველოში დაბრუნებულს კი გოგო, რომელიც ერთი დანახვითაც კი დაამახსოვრდა, გათხოვილი დახვდა.

„მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება - ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი - ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ... მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ" - ამბობდა ზურა ყიფშიძე.

ლელას ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, თუმცა წყვილს ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ დაქორწინებულიყვნენ:

„ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, – იხსენებს მსახიობი.

ლელა გოცირიძე და ზურა ყიფშიძე ლელას მამის მანქანით გაიპარნენ. მერე იყო პატარა, 10-კაციანი ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ზურას თაყვანისმცემლების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ის არასდროს გამხდარა ჭორებისა თუ მითქმა-მოთქმის ობიექტი. მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ თანაცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს, იყოს კარგი მეუღლე და მამა:

„ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!" - ამბობდა მსახიობი.

ცნობილ ქართველ მსახიობ ზურა ყიფშიძეს ორი შვილი ჰყავს - გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები.

გიორგი ყიფშიძე მამის კვალს გაჰყვა და მსახიობობა აირჩია. ის წლებია ქართული თეატრისა და კინოს ნაწილია. გიორგი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ლექსო ნიჟარაძის როლით. იგი ასევე სხვადასხვა ფილმსა და სატელევიზიო პროექტში მონაწილეობდა.

ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა, შედარებით იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში.