„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი პოეტი კოტე ყუბანეიშვილი.
➡️რით ხართ ცნობილი...
ძირითადად რეაქტიული კლუბით, პოეზიით, ჩემი წიგნებითა და ამ ბოლო დროს მიტინგებზე გამოსვლით.
➡️ ბავშვობის ოცნება...
ბავშვობაში რაც მინდოდა ყველაფერი ამისრულდა. ინგლისურად მინდოდა მცოდნოდა კითხვა, პიანინოზე დამეკრა და შემძლებოდა იმის თქმა, რასაც განვიცდი, ისე რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. ეს ყოველივე ავისრულე, თუმცა აღმოვჩნდი ისეთ ქვეყანაში რომ ამ ახდენილ ოცნებებს ვერავის ვუზიარებ. 70 წლის ვარ, ახლა ავიხდინე ბავშვობის ოცნებები, მაგრამ მაინც უბედური ვარ. აღმოვჩნდი ქვეყანაში სადაც ტირანიაა.
***
საჭიროა კაი კვლევა
ყველაფერი წინ არის
რა თქმა უნდა გაირკვევა
დამნაშავე ვინ არის
ამოცანა გვეკითხება
ეს ქვეყანა ვისია
თუ ყველას მოგვეკითხება
რისიც თვითონ ღირსია
წამოსულან აქ სულ სხვები
ბევრი ხდება შემთხვევა
გაცემულის პასუხები
ერთმანეთს არ ემთხვევა
სინამდვილე სადაც თვალებს
სიმახინჯეს არა ცნობს
ტირანია სამართალით
ძალადობას განაგრძობს
სიმართლე კი გვემალება
სიტყვა გაგვიგზამკვლევა
პოეზიას ევალება
ამ საკითხის გარკვევა.
➡️ რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში...
საკუთარ თავში დამაბრუნა... თუ დავდიოდი უსარგებლო კაფეებში ახლა სახლში ვარ და ვკითხულობ... ყველაფერი წავიკითხე, რაც წასაკითხი მქონდა.
➡️ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობთ...
იქ სადაც ბნელა, შეყავით ნელა...
➡️სიბნელიდან გამოსვლის გამოსავალი რა არის?
გამოსავალი არის ევროპაში და ნატოში შესვლა. აზრზე უნდა მოვიდეთ, რომ არ გვინდა უკან საბჭოეთში დაბრუნება.
➡️რა არის თავისუფლება?
თავისუფლება არის ის, რომ არ გეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირება, რომ ვიღაც ამის გულისთვის არ შეგაგინებს ან არ გაწამებს, როცა კარგად გრძნობ თავს, როცა შენი თავი არ გეზიზღება - ესაა თავისუფლება. მე ჩემს სახლში თავისუფლად ვგრძნობ თავს. ისე ამ ქვეყანაში, საბჭოეთში, თავისუფლად ვერ ვგრძნობ თავს.
➡️ რა არის სიყვარული?
ამ ქვეყანაში ყველაფერი სიყვარულია. მე რომ წიგნები მიყვარს ესეც სიყვარულია. ადამიანი მთელი სამყაროა და ბევრი რამის სიყვარულის დატევა უნდა შეეძლოს. ჩვენ ღმერთმა დაგვსაჯა იმის გამო, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ.
➡️ რა აზრი აქვს ცხოვრებას
ადამიანმა ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომ ირგვლივ მყოფებს ცხოვრება შეუმსუბუქოს.
➡️ წინა რესპონდენტმა მსახიობმა - თათული ედიშერაშვილმა დაგიტოვათ კითხვა: რამდენად გიშლის ხელს გულწრფელი პასუხები?
მე არ მიშლის ხელს, პირიქით სწორედ ასეთი პასუხები მაინტერესებს და ვისაც ხელს უშლის შეუძლია არ მოისმინოს.
➡️ თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს?
რა აზრის არის ჩემზე და ჩემს გამონათქვამებზე...
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან