რატომ უნდა აიცრან ორსულები? რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია მათთვის? რომელ თვეში და რა ვადაზე უნდა აიცრან ორსულები? დაფეხმძიმებას უშლის ხელს თუ არა ვაქცინაცია? - აღნიშნული თემის შესახებ ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ კინტრაიამ ისაუბრა.
რატომ უნდა აიცრან ორსულები?
როგორც ნიკოლოზ კინტრაია აღნიშნავს, პასუხი ამ კითხვებზე გარკვეულია და ცალსახად არის ის, რომ აცრა ორსულთათვის არის ისეთივე უსაფრთხო, როგორც არა ორსულთათვის.
„მიზეზი, თუ რატომ უნდა აიცრან, ისინი იგივეა, რაც რატომ უნდა აიცრან არა ორსულები? იმიტომ რომ არ დაემართოთ COVID 19 და თუ მაინც დაინფიცირდნენ ამას მარტივად და მსუბუქი ფორმით გადაიტანენ.
რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი?
იმ შემთხვევაში, თუ აცრა რაიმეს ზიანს მიაყენებს მას, ორსულებზე თუა საუბარი და თუ იქნება ასეთი ფაქტი, რომ აცრის შემთხვევაში ორსულებში მოიმატა პერინატალურმა და ინტრანატალურმა სიკვდილიანობამ, ნაყოფის განვითარების მანკების რაოდენობამ და ა. შ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი და იმსჯელოს იმაზე ღირს თუ არა ვაქცინაცია.
მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მსგავსი არაფერი არ ხდება და ეს მონაცემები ყოველდღიურად ახლდება, ყველას შეუძლია შეამოწმოს, ყველგან ნათქვამია, რომ აცრა არ იწვევს არც ნაყოფის მხრივ და არც დედის მხრივ გართულებას და კოვიდინფიცირებული ორსულების დამძიმება კი ხდება ძალიან ხშირად.
ადრე გვქონდა მონაცემი, რომ ორსულებში და ბავშვებში დაავადება მიმდინარეობდა შედარებით უფრო მსუბუქი ფორმით, ვიდრე არა ორსულებში, მაგრამ დღევანდელ დღეს ვითარება შეცვლილია, დღეს ისევე შეიძლება გართულდეს ორსული, როგორც არა ორსული. ამიტომ უნდა აიცრას ყველა ორსული ყველა ვადაზე.
რომელი ვაქცინით უნდა აიცრას ორსული?
რაც შეეხება ამ კითხვას, ითვლება რომ ე.წ. RNM ვაქცინები არის უსაფრთხო და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ„ფაიზერი“ არის სრულიად უსაფრთხო და ეს არ არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის იმ კვლევების შედეგი, რომელიც ჩატარდა მთელ მსოფლიოში.
რომელ თვეში და რა ვადაზე უნდა აიცრან ფეხმძიმე ქალები?
რაც მალე აიცრებიან ორსულები, მით უკეთესი იქნება, რაიმე კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მეორე ან მესამე ტრიმესტრში ჯობია აცრა - ასეთი არ არსებობს, ვაქცინაცია უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.
ის, ვინც აპირებს შვილის გაჩენას და ემზადება ამისთვის, ამ პერიოდში აცრა ისევე რეკომენდებულია, როგორც ფეხმძიმობის დროს?
რა თქმა უნდა, თუ გეგმავენ ორსულობას, ჯობია აცრის სრული კურსი ჩაიტარონ და ბოლო აცრიდან 2 კვირის შემდეგ დაგეგმონ, რადგან ამ დროის შემდეგ ითვლება, რომ ეს ანტისხეულები არის სრულად ჩამოყალიბებული, გამომუშავებული, ასე რომ უფრო უსაფრთხოა.
დაფეხმძიმებას უშლის ხელს თუ არა აცრა?
ვაქცინაცია დაფეხმძიმებას არ უშლის ხელს. არის შემთხვევები როდესაც 1 აცრა ჩაიტარა და ქალი აღმოჩნდა ორსულად და ხშირად კითხულობენ მეორე აცრა ჩავიტარო? ხომ არ არის საშიში? რომ არ შეწყდეს ორსულობა ხომ არ ჯობია ვაქცინაცია არ ჩავიტაროთო? - ორსულობისთვის აცრა არის უსაფრთხო და 1 აცრა თუ აქვს ჩატარებული და მერე აღმოაჩინა, რომ არის ფეხმძიმედ, ჩვეულებრივ როგორც იყო დაგეგმილი მეორე აცრაც მაშინ უნდა ჩატარდეს. ორსულობის დაგეგმვასთან აცრას არანაირი წინააღმდეგობრივი ჩვენება არ გააჩნია.
თითქმის ყოველ დღე ორსულები მეკითხებიან აცრის შესახებ, შემიძლია გითხრათ, რომ მოიმატა ვაქცინირებულ ორსულთა რიცხვმა. ანტინატალური მეთვალყურეობის ექიმებს მინდა ვთხოვო, რომ მათთან აღრიცხვაზე მყოფ ორსულებს ძალიან მკაფიოდ, ნათელი რეკომენდაცია მისცენ, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს, აცრის გადადება არ ღირს არანაირი მიზეზით. ეს არის ერთადერთი ხსნა განსაკუთრებით ორსულებში კი აუცილებელია“ - განაცხადა ნიკოლოზ კინტრაიამ.
იხილეთ აგრეთვე👇
„არასდროს ენდოთ ჩემი სახელით დაწერილ პოსტებს" - გიორგი ღოღობერიძე