Digest Logo

უსაფრთხო ვაქცინაც კი შესაძლოა, ასოცირებული იყოს ავტოიმუნურ დაავადებებთან - მარშანია ვაქცინის რისკებსა და სარგებელზე

1607191991
მარშანია ვაქცინის შესახებ

ექიმი არჩილ მარშანიას სოციალურ ქსელში ვაქცინის 

„რისკისა და სარგებელის თანაფარდობა და ვაქცინები


ბუნებაში არ არსებობს არცერთი ქმედება ან მედიკამენტი რისკის გარეშე, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქმედებაში ჩვენ გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მივდივართ რისკზე.
აქ მე ჩამოვწერ სხვადასხვა რისკის შემცველი ქმედების მაგალითებს, რომლებზეც შეიძლება არც არასდროს გვიფიქრია და შემდეგ შევადაროთ ვაქცინების რისკებსაც:
– სადმე ბავშვებთან (და არამარტო ბავშვებთან) ერთად თუ ეწევით სიგარეტს, თქვენ ამ ბავშვების და გარშემომყოფების ასთმის, კიბოს და ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკებს ზრდი;
- თუ სადმე ეწევით სიგარეტს სადაც ბავშვი არ არის, მაგრამ შემდეგ ეს ბავშვი შემოვა იმ ოთახში სადაც ეწეოდით, მას ხელით შეეხებით, ან ბავშვი იმ ნივთებს შეეხება სადაც ამ გამონაბოლქვის თვალით უხილავი ტოქსიკური ნივთიერებები არის დალექილი, თქვენ ამით ბავშვებში ზრდით კიბოს რისკებს.
ამას ეწოდება, პასიური - მესამე ხელით მწეველობა;
- ნებისმიერი ანესთეზიის დროს არსებობს სიკვდილის რისკი, ეს შეიძლება იყოს სამედიცინო შეცდომის გამო, მედიკამენტების გაურკვეველი გვერდითი მოვლენების გამო და საერთოდაც მიზეზიც კი ვერ დადგიდეს.
მაგალითად 11 წლიანი (1995–1998 წწ და 2002–2008წწ ) კვლევით ტაივანში ანესთეზიით გამოწვეული სიკვდილობა იყო 11.9 გარდაცვალების ფაქტი / 100 000 ანესთეზიაზე;
აშშ-ში ეს დაახლოებით 1 სიკვდილი მოდის 100 000 ანესთეზიაზე, და ყოველ წელს (1999–2005) 315 ადამიანი კვდება ანესთეზიასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზებით;
დიდ ბრიტანეთში (2014 წლის რეპორტი) გეგმიური ანესთეზიისას სიკვდილიანობა 1 / 100 000ზეა, ყოველ 100 000 საკეისროზე 1 სიკვდილი ანესთეზიის გვერდითი მოვლენების გამო ვითარდება, საკეისრო კვეთა თუ გადაუდებელია მაშინ სიკვდილობა უფრო მღალია, ანესთეზიისას მოულოდნელი სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციების სიხშირე კი 1 / 10 000ზეც შეიძლება იყოს და სამწუხაროდ კანის სინჯები არ არის მაღალი სანდოობის ალერგიული ტესტი
- მწეველების ნახევარი კვდება მოწევასთან ასოცირებული დაავადებებით, ხოლო ყოველ წელს 65 000 ბავშვი კვდება პასიურ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით;
– 1დან 40 წლამდე სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი არის ტრავმა და ტრავმებიდან კი წამყვანია ავტოსაგზაო შემთხვევები
- ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის ერთ-ერთი რისკფაქტორია ახალშობილთა მუცელზე დაწვენა ძილის დროს
– მწვავე ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქციის განვითარების შანსი პენიცილინით თერაპიისას შეიძლება იყოს 1 ყოველ 10 000 შემთხვევაზე
- წითელა ჩვენ რომ უბრალოდ ‘’ბატონები’’ შეიძლება გვეგონოს, არის მწვავე ვირუსული დაავადება და ყოველ 1000 დაავადებული ბავშვიდან 1 კვდება, ხოლო ასევე ყოველი 1 ბავშვს 1000 წითელას შემთხვევიდან რჩება სიყრუე ან გონებრივი განვითარების პრობლემები და წითელას ინფექციით გარდაცვლილების უმეტესობა არის 5 წლამდე ასაკის.
წითელას ბუნებრივად გადატანის შემთხვევაში ბავშვებშიც და ზრდასრულებში შესაძლოა განვითარდეს გართულება, ‘’ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი’’ რომელიც 100% სასიკვდილო დაავადებაა და მისი მკურნალობა არ არსებობს.
ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტის განვითარების სიხშირე შეიძლება იყოს 1 შემთხვევა ყოველ 10 000 წითელაზე, თუმცა სამწუხაროდ არსებობს კვლევები რომელიც 1 : 609 სიხშირესაც კი აჩვენებს.
ეს შემთხვევბი ჩემი აზრით ნათელი მაგალითია რისკის და სარგებლის შეფასების, მაგალითად:
იმის გამო რომ ადამიანები კვდებიან ანესთეზიის დროს, ეს არ ნიშნავს იმას რომ როცა საჭიროა ოპერაცია არ გავიკეთოთ ან იმის გამო რომ ახალგაზრდა ასაკში ყველაზე დიდი შანსია ავტოსაგზაო შემთხვევაში მოკვდეს ადამიანი, ამის გამო ავტომობილს არ გავეკაროთ;
პასიური მწეველობის და წითელას მაგალითები კი იმის ნათელი მაგალითია როგორ არასწორად შეიძლება ხოლმე შევაფასოთ რისკები.
ახლა ვნახოთ რა ხდება ზოგადად უკვე არსებულ ვაქცინებზე:
დღეს არსებული (დამოწმებული) ყველა ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური.
მაგალითად წითელასგან თავის დაცვა მარტივად შეიძლება, 2 ინექციის შემდეგ 98% დამცველობითი ეფექტი აქვს
ყველაზე მწვავე გართულება ვაქცინის შეიძლება იყოს ანაფილაქსიური რეაქცია, რომლის შანსები არის 1 შემთხვევა 1 000 000 დოზაზე.
მაგალითად ერთ-ერთი კვლევის თანახმად 2009 -2001 წლებში 25 173 965 დოზა ვაქცინაზე განვითარდა 33 ანაფილაქსიური რექცია და არც ერთი იყო სასიკვდილო.
რაც შეეხება ზოგადად ახალ ვაქცინებს და კონკრეტულად კოვიდ-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინებს:
ერთი რომ თანამედროვე დროში ვაქცინები კიდევ უფრო უსაფრთხოა ვიდრე ისტორიულად, რადგან როგორც მეთოდოლოგია ისე ლაბრატორიული შესაძლებლობები და მათი პროდუქცია მაქსიმალურად დაიხვეწა.
გენური ინჟინერიის დამსახურებით კი იმის შანსი რომ შეცდომით ცოცხალი ვირუსი ‘’გაიპაროს’’ ვაქცინაში, უბრალოდ გამორიცხულია, რადგან ცოცხალი ვირუსის გამოყენება უბრალოდ არ ხდება რნმ ტიპის ვაქცინების შემთხვევაში.
2014 წლის კვლევის თანახმად მხოლოდ აშშ-ში ბოლო ორ დეკადაში მილიონამდე ბავშვის სიცოცხლე იხსნა და 300 მილიონამდე კი ჰოსპიტალიზაციის პრევენცია განაპირობა რუტინულმა ვაქცინაციამ.
2011 წელს ვაქცინაზე ჩატარებნული 1000მდე კვლევის მიმოხილვა აჩვენებს რომ გვერდითი მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა არის მსუბუქი.
კარგად მუშაობს ე.წ. VAERS სისტემა, რომელიც ვაქცინის პოტენციურად მწვავე გვერდით ეფექტების მონიტორინგისთვის არის შექმნილი და მხოლოდ ერთი (1998 წლის) ვაქცინა იქნა უკან ‘’გაწვეული’’, იშვიათი (1:10 000) თუმცა პოტენციურად რთული გართულების გამო.


რას ფრთხილობენ პირველ რიგში ახალ ვაქცინებთან მიმართებაში:


1 – მოკლე პერიოდში: antibody-dependant enhancement-ს რისკი.
antibody-dependant enhancement ეს არის მდგომარეობა როდესაც ანტისხეულები იმის მაგივრად რომ დაიცვან ორგანიზმი ვირუსისგან, შესაძლოა გახდნენ ვირუსის ‘’დამხმარენი’’ და გაადვილონ დასებოვნება.
მისი განვითარების რისკების შესწავლა ძირითადად ხდება კლინიკური კვლევების დროს (ყველა ფაზის გავლის შემდეგ, თუკი antibody-dependant enhancement განვითარდა, ვაცინა ცხადია ეფექტურობას ვერ აჩვენებს) და ყველა ფაზის გავლის შემდეგ კი მისი განვითარების რისკი უკიდურესად დაბალია.
ამ ეტაპზე კოვიდ19-ს საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 მოხალისეზე ჩატარებული კლინიკური კვლევებით, არ არსებობს არც ერთი antibody-dependant enhancement-ს განვითარების ან ეჭვის მიტანის შემთხვევა. არსებული ინფორმაცია მხოლოდ ვაქცინის დამცველობით მაღალ ეფექტურობაზე მიუთითებს.


2 – ხანგრძლივ პერიოდში: იშვიათი გვერდითი ავტოიმუნური მოვლენები.იმდენად იშვიათი რომ უბრალოდ სტატისტიკურად რთულია მათი დაკავშირება ვაქცინასთან და მხოლოდ კორელაციაზეა საუბარი და არა რეალურ დადასტურებულ ფაქტზე. მხოლოდ ერთეული და იშვიათი შემთხვევებია როდესაც კონკრეტული ვაქცინა დაკავშრებული იყო ავტოიმუნურ დაავადების რისკის მომატებასთან (1:100 000) 1976-77 წწ..
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შეფასების დრო დაჩქარებულია, ეს არ წარმოადგენს რაიმე კატასტროფას იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი ნაწილი ბიუროკრატიულია და მეორე მხარეს კი სერიოზული პანდემიაა სასწორზე.
რას ნიშნავს ვაქცინის დაჩქარება და რატომ არ არის ეს ისეთი კატასტროფა როგორადაც წარმოაჩენენ, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3lKBdxR
მასობრივ გამოყენებაზე დამოწმებას ვაქცინა ვერ მიიღებს სანამ მარეგულირებელი ორგანიზაციები ბოლომდე არ დარწმუნდებიან რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ეფექტური. არც ყველა ერთად აიცრება, რომელ ასაკობრივ კატეგორიაზეც იქნება უსაფრთხოების მონაცემები აიცრებიან მხოლოდ ისინი.
ამიტომ პირველ რიგში ჩემ კოლეგებთან მექნება თხოვნა, ადმიანებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია არა იმაზე ხაზგასმით თუ რა კარგად ვერკვევით ვაქცინების წარმოების ბიუროკრატიაში, არამედ რისკისა და სარგებელზე ხაზგასმით და იმის ახსნით, რომ როდესაც სასწორზე ერთ მხარეს პანდემია და მისი მომაკვდინებელი ეფექტები გვაქვს, რატომ უნდა ავიცრათ თუ გვექნება კოვიდ19-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, თუნდაც pharmacovigilance არასტანდარტული მონაცემებით, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არასტადარტულ სიტუაციაში ვართ და სასწორზე მომაკვდინელები პანდემია დევს.
ხოლო ადამიანებს რომლებსაც აწუხებთ დღევანდელი მდგომარეობა და ამაზე სრულიად გასაგები მიზეზების გამო აქვთ პროტესტი, გეთანხმებით რომ თქვენი პროტესტი ლეგიტიმურია, უბრალოდ ამას როდესაც მოაყოლებთ რომ ‘’ვაქცინას არ გავიკეთებ’’ თქვენ თესავთ უსაფუძვლო შიშს, ჯერ კიდევ ჩვენთვის არარსებული ვაქცინის მიმართ, ისე რომ არც კი იცით სამწუხაროდ დეტალები, ეს კი იგივეა რაც იმ ტოტს ჭრიდეთ რომელზეც ზიხართ, რადგან შეგახსენებთ რომ ამ ეტაპზე, ამ ცოდნითა და ამ მონაცემებით ვაქცინის გარდა პანდემიის რეალურად დასრულების არც ერთი მაღალეფექტური საშუალება არ არსებობს, თეორიაშიც კი.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გთხოვთ გადახედოთ სტატუსის დასაწყისში ჩამოთვლილ რისკის შემცველ ქმედებებს და მოვლენებს, რომელსაც უმეტესწილად ყოველდღიურობად იქცა და ყურადღებასაც არ ვაქცევთ ხოლმე, და შეადარეთ ის ვაქცინის რისკებს.
ანუ საბოლოოდ ვაქცინის დამოწმების შემთხვევაში, სასწორის ერთ მხარეს გვექნება:
ინფექცია რომელიც კლავს მილიონობით ადამიანს, გართულებების შემთხვევაში იწვევს მწვავე სასიკვდილო ავტოიმუნურ პროცესს (‘’ციტოკინური შოკი’’), გავრცელების გამო იწვევს ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვას, დაკეტილ ბიზნესებს და ეკონომიკურ კრიზისს.
ხოლო მეორე მხარეს იქნება:
ვაქცინა რომელსაც ყველა კლინიკური კვლევის ფაზა გავლილი აქვს და მწვავე არცერთი გართულება არ ფიქსირდება, არის უსაფრთხო და მაღალეფექტიანი, და შესაძლოა(!) თეორიულად(!) მომავალში იშვიათ(!) შემთხვევებში ასოცირებული იყოს ავტოიმუნურ დაავადებებთან, რომელიც არ არის სასიკვდილო და აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არის მართვადი.
გეშინოდეთ ინფექციის და არა ვაქცინის.
ჯანმრთელობას გისურვებთ.“


აგრეთვე წაიკითხეთ:

ვაქცინა უსაფრთხოა? - ექსპერტები თქვენს მთავარ შეკითხვას პასუხობენ