ასტროლოგი რამაზ გიგაური სექტემბრის მეორე ნახევრისა და ოქტომბრის პირველი დეკადის პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, მოსალოდნელია ადამიანებში, ამბიციურობის, ტეპისა და მოქმედების გააქტიურება. ამასთან გიგაური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს. მისივე თქმით, აუცილებელია პარტნიორული ბიძგით მოქმედება.
„მზე-მარსის შეერთება მთელი სექტემბრის განმავლობაში აქტუალური იქნება. თუმცა ეს განსაკუთრებით გააქტიურდება 12 სექტემბრიდან და მისი გავლენა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება (ამ შეერთების პიკად სექტემბრის ბოლო დღეები და ოქტომბრის პირველი დეკადა უნდა მოვიაზროთ).
მზე ასტრონომიულად, ბუნებრივია, ვარსკვლავია, თუმცა ასტროლოგიურად ის, ისევე როგორც მარსი „იან“ (მამრული) ენერგიის პლანეტად ითვლება. მათი შეერთება ბუნებრივია გააძლიერებს მამრულ გამოვლენას. ეს იქნება ენერგიულობა, აქტიურობა, ამბიციურობა, გაბედულება, აგრესიულობა და კონფლიქტურობაც კი.
ამ შეერთების დროს მზე ქალწულის, ხოლო მარსი - სასწორის ზოდიაქოში იქნება, თუმცა 23 სექტემბრიდან, მზეც სასწორში გადაინაცვლებს და მთლიანად ეს სასწორის „ფილტრაციით“განვითარდება.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მზე, ისე მარსი სასწორის ზოდიაქოში სუსტად ვლინდება. მზე სასწორში დაცემულ (Fall), ხოლო მარსი - გამოძევებულ პოზიციაშია (Detriment).
მიუხედავად ამისა, ეს 1,5 თვიანი პერიოდი მოიტანს საქმიანობაში არჩევანის გაკეთების აუცილებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში გაძლიერდება დეტალების მიმართ ყურადღება, ბევრ დროს და ენერგიას წაიღებს წვრილმანი საკითხების მოგვარება და გართულდება არჩევანის გაკეთება. თუმცა ეს არჩევანი მაინც უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია 9-10 ოქტომბრიდან ნელ-ნელა შემცირდეს შექმნილი პერსპექტივების გამოყენების შესაძლებლობა.
მზე - ეს ინდივიდუალიზმია, ამიტომ სექტემბრის მეორე ნახევარშია საჭიროა იმის გაცნობიერება თუ რა უნდა თვითონ ადამიანს. აქ უნდა დავსვათ კითხვა „რა მინდა მე?“
მარსი - ეს არის ბრძოლა და დინამიზმი. ამიტომ კონკრეტული ენერგია (ფიზიკური, ფინანსური და ა. შ.) უნდა დაიხარჯოს იმისათვის, თუ რა მიზანიც დაისახა ადამიანმა (ზუსტად გაიგო რა უნდოდა) - მიაღწიოს და მიიღოს.
ვინც სექტემბრის მეორე ნახევარში ზუსტად ჩამოაყალიბებს რა უნდა, დაისახავს მიზანს, შეიმუშავებს გეგმებსა და მოძებნის კარგ პარტნიორებს, მაშინ ოქტომბერში ამ მიზნებს დიდი ალბათობით მიაღწევს კიდეც.
უნდა აღინიშნოს ერთი გარემოებაც, ამ შეერთებისას მარსის სიჩქარე ბევრად აჭარბებს მზისას, ამიტომ აჩქარებულობამ, უხეშობამ, აგრესიამ და პარტნიორების პოზიციების უგულვებელყოფამ მოსალოდნელია სერიოზული შეცდომების დაშვება გამოიწვიოს.
აქ მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორობის მომენტი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს შეერთება ადამიანს ინდივიდუალური მოქმედებებისკენ უბიძგებს, უპირატესობას უფრო პარტნიორული მოქმედებებით მიიღწევა, ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანის გვერდით როგორი პარტნიორები იქნებიან“, - წერს გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
SOS - ყველა მნიშვნელოვანი საქმე 29 სექტემბრამდე გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ...
„11 სექტემბერს ვენერა მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს“- ვისთვის დაიწყება მნიშვნელოვანი პერიოდი