მწერალი გიორგი ლეონიძიძე 1900 წლის 8 იანვარს დაიბადა და 1966 წლის 9 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შემოქმედება ქართველი ერისთვის დღემდე უკვდავია.
პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა, ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა.
„ლექსად მოსული ქართული მიწა, თავისი მთებით, ველებით, ზეცით... ცა და მიწად ქცეული წინაპრებით... ჩამოხვეწილი, ჩუქურთმიანი, მზენასვამი შემოქმედებით! ამიტომ ახლავს მის ყოველ ლექსს ბუნებრივი სურნელი დაღვრილ ხსენისა, ხან დასეტყვილი ვაზის მტევნისა, ხან ახალგალეწილ ხორბლისა, ხან ცხელ თონიდან ამოყრილ დედის პურისა!” - ასე შეამკო დიდი გოგლა და მისი შემოქმედება ლევან გოთუამ გამოსათხოვარ სიტყვაში, რომელიც საკმარისია ბუმბერაზ პოეტზე წარმოდგენის შესაქმნელად. სახალხო პოეტის, გიორგი ლეონიძის „მზენასვამ შემოქმედებასა” და „ცისა და მიწის ღიმილჩართულ“ პოეზიაზე არანაკლებ საინტერესოა მისი პირადი ბობოქარი ცხოვრება.
გიორგი ლეონიძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი დეტალები გიორგი ლეონიძის შვილიშვილმა, გიორგი (გოგი) ქავთარაძე გაიხსენა და აქამდე უცნობ დეტალებზე ჟურნალს სარკეს უამბობო.
„ბაბუას თავისი მხარე არასოდეს ენახა, მაგრამ ძალიან უყვარდა. მესხეთს უამრავი ლექსი მიუძღვნა. ხშირად ამბობდა, მესხი ვარო. იმ პერიოდში ტაო-კლარჯეთის შემოერთებაზე აქტიურად საუბრობდნენ. გოგლა თავის პუბლიცისტურ ნაწერებში ამ თემაზე თავის მოსაზრებებს წერდა. გოგლა ეკლესიური ოჯახიდან იყო. გოგლა პატარძეულში დაიბადა. 4 და-ძმა ჰყავდა: ევგენია, ლევანი, სვიმონი და ნინო. პატარძეულში სივიწროვის გამო ყველას ერთ ტახტზე ეძინა დედასთან ერთად. პატარძეულის სახლ-მუზეუმში ის ტახტი დღემდე დგას“- იხსენებდა გოგი ქავთარაძე.
1918 წლიდან გოგლა ცისფერყანწელებთან მივიდა და იმ დღიდან მათი წევრი გახდა.
ფიროსმანის მეზობლად
– ბაბუაჩემი რამდენიმე თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ცოტა რომ წამოიზარდა, თბილისში, საბჭოს ქუჩაზე გადავიდნენ საცხოვრებლად. მათი ეზო მაშინდელი ჩერქეზოვის ქუჩის მხარეს მდებარეობდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც მეხალიჩეები, მემაწვნეები, მეწაღეები და მღებავები ცხოვრობდნენ. წლების შემდეგ, როცა იქ უკვე აღარ ცხოვრობდნენ, ბაბუა ნიკო ფიროსმანით დაინტერესდა. თავის ძველ უბანში მივიდა და ასაკოვან ხალხს შეეკითხა ნიკალას შესახებ. უთხრეს, მას ხომ შენც იცნობდი, ნუთუ აღარ გახსოვსო. გოგლამ მაშინღა გაიხსენა, რომ ბავშვობაში შავებში ჩამცულ, შლაპიან, მაღალ კაცს მართლაც იცნობდა. ის მღებავი ნიკალა იყო.
დედულეთი
– გოგლას დედა, სოფიო გულისაშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის დეკანოზების ქალიშვილი იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა სამიტროპოლიტო ტაძარს ხელმძღვანელობდა.
ბიძამისი, ზაქარია (შაქრო) გულისაშვილი, ხალხოსანი მწერალი იყო. იმ დროში დეკანოზები ბევრ ინფორმაციას ინახავდნენ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ნინოწმინდის ტაძარში არსებულ მშრალ ჭაში საეკლესიო განძის საცავია. გოგლამ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე საგარეჯოს რაიონის მმართველობას მიმართა, რომ ამ საკითხისთვის მიეხედათ. სპეციალურმა ბრიგადამ, რომელსაც კომკავშირლები ხელმძღვანელობდნენ, მშრალი ჭის გათხრა დაიწყეს. სიღრმეში რომ ჩავიდნენ, შეეშინდათ, არ ჩაშლილიყო და შეწყვიტეს.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პროფესორ ლევან ჭანტურიშვილის დახმარებით შევეცადე, იქაურობა გამომეკვლია, მაგრამ მხოლოდ საიდუმლო გასასვლელს მიაგნეს, საცავს – ვერა. გოგლას დედულეთი და ნინოწმინდის ტაძარი ძალიან უყვარდა და ეს მის შემოქმედებაშიც აისახა.
„ნატვრის ხე”
მისი შემოქმედების მწვერვალად „ნატვრის ხე” ითვლება, არადა ამ ნაწარმოებით თავად დიდად არ იყო აღფრთოვანებული. ძალიან უნდოდა, დაეწერა რომანი ცისფერყანწელებზე, რომლის მთავარი გმირიც ტიციანი იქნებოდა.
„ნატვრის ხე“ ასე შეიქმნა: მწერალმა ხუტა ბერულავამ სთხოვა, ბავშვობის მოგონებებზე რამე დაეწერა. მართლაც დაიწყო მოგონებების წერა და ასე დაიბადა ეს საოცარი ნაწარმოები. რეალური ისტორიები განავრცო, შეცვალა და მოგონებების ნაცვლად „ნატვრის ხე” მიიღო.
გოგლას დიდი სიყვარული...
გოგლა 23 წლის იყო, როდესაც მისი ცხოვრების სიყვარულს ეფემია გედევანიშვილს შეხვდა დის ოჯახაში. ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ, თუმცა გოგი ქავთარაძე ამბობს ამ ქორწინებას დიდი სირთულეები ახლდა თან.
გოგლას და ეფემიას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ახლო ნათესაობა აკავშირებდათ. ეფემია გედევანიშვილის ძმას, რევაზს ცოლად ჰყავდა გოგლას უფროსი და - ევგენია. ამდენად, მათი შეუღლება არ შეიძლებოდა. გედევანიშვილების მხრიდან ამან ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, კერძოდ, ეფემიას მამის - ალექსანდრეს მხრიდან. სხვათა შორის, ტიციან ტაბიძემ და მისმა მეუღლე ნინო მაყაშვილმა იაქტიურეს, რომ ახალგაზრდა წყვილს ოჯახი შეექმნა. წყვილი კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან მივიდა და თავიანთი ამბავი უამბო. რადგან სისხლით ნათესავები არ იყვნენ, მან გამონაკლისის სახით ქორწინებაზე კურთხევა მისცა და დალოცა. საშუალება არ ჰქონდათ და გოგლამ და ეფემიამ ჯვარი ტიციანისა და ნინას ბეჭდებით დაიწერეს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიები
უცნაური ქორწინება – კონსტანტინე გამსახურდიასა და მეგი წულუკიძის პირადი ცხოვრების დეტალები
სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი - ერთაოზისა და ბიძია-ბაბუას უცნობი ისტორიები
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ