Digest Logo

სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი - ერთაოზისა და ბიძია-ბაბუას უცნობი ისტორიები

1610138684
შერეკილები

„სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა. ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას. გონება აღძრვს ქმედებას... პლიუს მინუს ემ ცე კვადრაატ ეფ ფუძე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ“...

ალბათ გაგახსენდათ კადრი ფილმიდან „შერეკილები“, ალბათ დიდებული ყანჩელის დიდებული ჰარმონიაც ჩაგესმათ...

„დაიჯესტი“ ფილმის მთავარ გმირებზე ერთაოზ ბრეგვაძესა და ბიძია-ბაბუაზე, ქრისტეფორე მგალობლიშვილზე, მოგიყვებათ...

ფილმში ერთაოზ ბრეგვაძის როლს, დავით ჟღენტი, ცოლო ბიძა-ბაბუას როლს ვასილ ჩხაიძე თამაშობს...

ფილმის გადაღებები

ოზურგეთიდან ვარ და სკოლაც იქ დავამთავრე. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. სკოლაში დღიურ-კითხვარებს რომ ვავსებდი, იქაც კი ვწერდი, მსახიობობას ვაპირებ-მეთქი. საბედნიეროდ, ოჯახის წევრებმაც არ დამაბრკოლეს და კინოსტუდიაში, რეზო ჩხეიძის მიერ ახლადგახსნილ კინოსამსახიობო სასწავლებელში ვაბარებდი. გამოცდაზე ერთ-ერთი გამომცდელი რეჟისორი ელდარ შენგელაია იყო, რომელიც, თურმე, იმხანად ფილმ „შერეკილებისთვის“ მსახიობებს არჩევდა.

უფრო ზუსტად, თითქმის დაესრულებინა შერჩევა და ორ კვირაში გადაღებას იწყებდა. ერთაოზ ბრეგვაძის როლზეც შეერჩია ვიღაც, მაგრამ ჩანს, გული ეთანაღრებოდა და მაინც განაგრძობდა ძებნას.

პირველივე გამოცდის შემდეგ მისმა ასისტენტმა მომაკითხა, ბატონი ელდარი გიბარებთო. მეორე დღესვე მივედი ძველ კინოსტუდიაში, სადაც ელდარ შენგელაია, „შერეკილების“ სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე და მხატვარი, ცხონებული თენგიზ მირზაშვილი დამხვდნენ. მახსოვს, ლექსი წამაკითხეს, რაღაცები გამომკითხეს და...

მხოლოდ ის გავიგონე, რეზო გაბრიაძემ რომ გადაულაპარაკა ელდარს, - აუ, ელდარ, ეგიაო.

მაინც ვერ მივხვდი, რა უნდოდათ. მომდევნო დღესაც დამიბარეს, სასინჯი გადაღება ჰქონდათ, თურმე. მარგალიტას როლისთვის სალომე ყანჩელი და ლამარა ჭყონია მოსინჯეს, თუმცა ელდარი თავის იმჟამინდელ მეუღლეს, არიადნა შენგელაიას ამჯობინებდა, საბოლოო სიტყვა კი სამხატვრო საბჭოს უნდა ეთქვა.

პარალელურად, მე უკვე ჩამრიცხეს სასწავლებელში და სასინჯი გადაღებიდან მეორე თუ მესამე დღეს, სასწავლებლის შესასვლელთან ელდარმა დამიძახა, - დამტკიცებული ხარ ერთაოზის როლზე, სამ-ოთხ დღეში ჭიათურაში, გადაღებაზე მივდივართო.

სცენარიც მომაწოდა. გავოგნდი. ხმას ვერ ვიღებდი. თავი სიზმარში მეგონა.

წარმოგიდგენიათ? - ოზურგეთიდან ჩამოსულ 18 წლის ბიჭს ელდარ შენგელაია მთავარ როლში მიღებდა!

გაბრწყინებული სახით სასწრაფოდ შინ, ბიძაჩემთან გავიქეცი და სცენარი მივაწოდე, - ნახე, მთავარ როლში მიღებენ-მეთქი.

ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? - „შერეკილები-მეთქი“, - ვუპასუხე. - აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! - ბეჭედი დაუსვა. გავგიჟდი, სცენარი რომ წავიკითხე: ერთია, მთავარ როლში რომ ხარ, მაგრამ სულ ჩემი ტექსტი მხვდებოდა, ფაქტობრივად, ფილმიც ჩემს გმირზე იყო. მოკლედ, წავედით გადაღებაზე, ჭიათურაში.

თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემიანების გარეშე, მშობლები და დედმამიშვილები ძალიან მენატრებოდნენ, მაგრამ მერე შევეჩვიე.

ისიც მანერვიულებდა, ღამეებიც კი არ მეძინა, ვაითუ კარგად არ გამომივიდეს რამე-მეთქი - ჩემ გარდა, ხომ, ყველა გამოცდილი მსახიობი იყო!

მაგრამ მერე გავთამამდი. ელდარიც მაქებდა. სოფელ ითხვისსა და შუქრუთში ფილმის დასაწყისი გადავიღეთ და მიზანას სიკვდილით დავასრულეთ, შემდეგ თბილისში, კინოსტუდიის პავილიონში გადმოვინაცვლეთ.

ნახევარი ფილმი - ერთაოზისა და ქრისტეფორეს (მსახიობი ვასილ ჩხაიძე) ქვევრში ჯდომის ეპიზოდები სულ იქ არის გადაღებული.

ვასო არაჩვეულებრივი კაცი იყო, ინტელიგენტი, ისიც გურული, ოღონდ ლანჩხუთიდან. მარტოხელა გახლდათ, ერთი შვილი ჰყავდა და ძაღლი - რექსი, რომელსაც ყოველდღე დაასეირნებდა ლეონიძის ქუჩაზე...

ერთხელ მაგარი ამბავი შემემთხვა: შევდივარ პავილიონში და ვხედავ, მე ვზივარ. გავშრი, გავოგნდი. ნამდვილად მე ანუ ერთაოზი ვიყავი - წითელი ლოყებით, სამოსით, ქალამნებით, ფეხი ფეხზე შემომედო და... შემეშინდა, ჰალუცინაცია ხომ არ დამეწყო-მეთქი, სხეული მოვისინჯე, მერე ნელ-ნელა მივუახლოვდი მეორე "მეს"და... ფიტული არ შემრჩა ხელში?! თურმე, საგანგებოდ დაემზადებინათ - ცათმფრენში, რომელიც საკმაოდ მაღლა დაფრინავს, ჩემი და ვასოს ნაცვლად სწორედ ის ორეულები სხედან...

ლეონიძის ქუჩაზეა გადაღებული ეპიზოდი, ხუტა (მსახიობი ბორია წიფურია) საჩუქრებით რომ მოდის და ხან ქათამი, ხან ვაშლი რომ უვარდება ხელიდან. მაშინ, ყოველი კადრის გადაღებისას, თითო ქათმის გაგლეჯა და შეჭმა მიწევდა.

ერთაოზის ჭეშმარიტი სიყვარული

ასეთი სიყვარული 3-4 წლის მერე მეწვია და მივხვდი, რომ „ის ის იყო და ისიც მიხვდა, მე მე ვიყავი“. „ის“ ჩემი მეუღლე გახდა და 3 შვილი გვყავს...

მეუღლე ექიმია; უფროსი ქალიშვილი - თამარი პროფესიით ეკონომისტია, ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობს; შუათანაა ნინო, რომელიც სკოლაში მუშაობს და უმცროსია ჩემი სეხნია და ნანატრი ვაჟი დავითი. ის ბანკში მუშაობს, ცოლიც შეირთო, ძალიან კარგი გოგონა. მინდა, იმრავლონ და იხარონ.

ორიოდე რამ თავად ვასილ ჩხაიძე

ო რა უცებ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა....

ეჰ თამუნია.... თამუნია...

ეს ის ფრაზებია ყველა ქართველმა ზეპირად, რომ იცის. ეს სიტყვები ვასილ ჩხაიძის მთავარ პერსონაჟს ბიძა-ბაბუას ეკუთვნის...

ქრისტეფორე მგალობლიშვილი დღემდე ერთგული და მარადიული მიჯნურის უბადლო სახეა, რომელსაც სჯერა, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი“.

ვასილ ჩხაიძე გურიის ერთ ლამაზ სოფელში, აცანაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანული ენის განხრით. 1927-34 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი.

1956-62 წლებში იყო ფოთის გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი, ხოლო 1967 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაიწყო მუშაობას.


აგრეთვე წაიკითხეთ:

თხასავით ვგრძნობდი თავს ამდენ ქალში, ქალიშვილი ვარ და ქალწულობა უნდა ჩაგაბაროო - რაზე იცინოდნენ თოჯინები?

უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიები