Digest Logo

კონსტანტინე გამსახურდიას ცოლები და მწერლის დიდი სიყვარული

1617722820
კონსტანტინე გამსახურდია და მეგი წულუკიძე

კონსტანტინე გამსახურდიას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე შეყვარებული ჰყავდა, მათგან ორი – რებეკა ვაშაძე და მირანდა ფალავანდიშვილი ცოლად შეირთო.

რებეკას მამა, ისაია ვაშაძე, შეძლებული მღვდელი იყო. მშობლებს სასიძო არ მოსწონდათ, რადგან კონსტანტინე საეჭვო პერსპექტივის მარადიული სტუდენტი იყო - ხელთ წიგნი ეჭირა, ფული არ ჰქონდა, პრაქტიკულ საქმეს გულს ვერ უდებდა, იცვლიდა ქალაქებსა და უნივერსიტეტებს, ცხოვრობდა სხვათა დახმარების ხარჯზე. მაგრამ სატრფოსადმი საოცარ თავდადებასა და ერთგულებას იჩენდა. იყო უაღრესად გულღია, თავაზიანი და ყურადღებიანი.

ამ სიყვარულმა რებეკას მშობლების სიჯიუტეც დაამარცხა. 1914 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ჯვარი თავად ისაიამ დასწერა. 1925 წელს მწერალი დააპატიმრეს. კონსტანტინეს გადაკარგვამ, სევდამ და დეპრესიამ ქალს ფსიქიკა შეურყია... იგი 41 წლის ასაკში ჭიათურაში გარდაიცვალა, იქვე დაკრძალეს.

შემდეგ კონსტანტინემ 23 წლით ახალგაზრდა მირანდა ფალავანდიშვილი შეირთო...

გამორჩეული სილამაზისა და ბუნების ასულს, მირანდას მათიკო ერქვა. მწერალმა ის გერმანულ სკოლაში გაიცნო, სადაც თავად ასწავლიდა. მირანდა რეპრესირებულთა ოჯახიდან იყო, მამა, ნიკოლოზი, 1924 წელს დახვრიტეს, როგორც თავადი. დედაც მალე გარდაიცვალა. ძმა მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ძველი ტრადიციის მიხედვით, კონსტანტინე ხელის სათხოვნელად მირანდას ბებიას ეახლა, მაგრამ გაწბილებული დარჩა. შე წუწკო, ლამის ჩემი ასაკისა ხარ და ამ ანგელოზს როგორ გაგატანო, - მკაცრად უპასუხა ქალბატონმა და ოჯახის წევრებს მიმართა - სტუმარი გააცილეთო. 1935 წელს 44 წლის კონსტანტინე და მირანდა მაინც დაქორწინდნენ. ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტიც ხშირად ჰქონდა...

1936 წელს ცოლ-ქმარს ქალიშვილი თამარი შეეძინათ, 1939 წელს კი - ზვიადი. კონსტანტინე ახალი დაოჯახებული იყო, როცა საშუალო სკოლა დაასრულა და ჭიათურიდან ჩამოვიდა უფროსი ქალიშვილი ნათელა. მირანდა და ნათელა თითქმის ტოლები იყვნენ. უდედმამოდ აღზრდილი ნათელას დანახვაზე მირანდა ატირდა, ნათელასაც ცრემლები მოეძალა. მირანდა ყველანაირად ცდილობდა ნათელას უდედობა არ ეგრძნო.

⬆️კონსტანტინე გამსახურდია, თამარ გამსახურდია, თათია ხაინდრავა, ზვიად გამსახურდია და მირანდა ფალავანდიშვილი-გამსახურდია.

ცნობილია, მირანდაც უდროოდ გარდაიცვალა... მირანდა ამ ქვეყანას 56 წლის ასაკში განშორდა - უკვე მესამე სტადიაში გადასული სიმსივნე აღმოაჩნდა. ტკივილებს უხმოდ იტანდა სნეული. ის 1970 წელს „კოლხური კოშკის“ ეზოში დაკრძალეს.

ამათ გარდა, იყო კიდევ ერთი უცნაური ქორწინება ცნობილ ქართველ მსახიობ მეგი წულუკიძესთან. ეს მოხდა 40-იან წლებში, როცა კონსტანტინეს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, მირანდა ფალავანდიშვილთან.

იმ დროს მეგი წულუკიძე მსახიობი არ ყოფილა. უბრალოდ, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გახლდათ, რომელმაც კონსტანტინე ისე მოხიბლა, რომ მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამ დროისთვის მწერალი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდასთან, ამიტომ მეგისთან ჯვარი დაიწერა.

ჯვრისწერა, რომელსაც ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები, სიონში შედგა. კონსტანტინეს მეჯვარე ცნობილი ლიტერატორი აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერის შემდეგ კონსტანტინეს სახლში სუფრა გაიშალა. სუფრის გაძღოლა შალვა ნუცუბიძემ ითავა. იმ დროისთვის, კონსტანტინესთან სახლში ცხოვრობდა მისი უფროსი ქალიშვილი ნათელა, რომელსაც მწერალმა სთხოვა, რამდენიმე დღით ახლად შერთულ ცოლთან მარტო დაეტოვებინა.

რამდენიმე დღის შემდეგ კონსტანტინემ ნათელას დაურეკა და სახლში დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონსტანტინესა და მეგის შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა – კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს.

მოგეხსენებათ, მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: „დავით აღმაშენებელში“ ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო“.

კომუნისტების დროს რეალიზმი ძალიან ფასობდა, ამიტომ მოეწონათ, რომ მწერალი რეალისტურად აღწერდა ვითარებას და კონსტანტინეს თავი დაანებეს.

მოგვიანებით, მეგი წულუკიძე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის სიკო დოლიძის ცოლი გახდა.

კონსტანტინე ხშირად აკრიტიკებდა რეჟისორებს იმის გამო, რომ მის რომანებზე ფილმებს არ იღებდნენ. ერთხელ საჯაროდ და დაუნდობლად გააკრიტიკა სიკო დოლიძე. რეჟისორმა აღშფოთება ვერ დამალა – რას მერჩის ეს კაციო? მეგი, მეგი წულუკიძეო, – დაიძახა ვიღაცამ დარბაზიდან და ყველას გაახსენდა უცნაური ქორწინება, რომელიც წლების წინათ შედგა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გურამ ფანჯიკიძის ცხედრის გამოტანისას ზღვამ უკან დაიხია – ცოტა რამ ფანჯიკიძეების ოჯახზე

როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია

უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიები