მშობლებს უნდათ, რომ ბავშვი დამოუკიდებელი გაიზარდოს. თუმცა, რას ნიშნავს და რით იზომება დამოუკიდებლობა, როგორ ბავშვს შეიძლება ვუწოდოთ დამოუკიდებელი, ბევრისთვის გაუგებარია. ამ საკითხებზე ნევროლოგმა, თამარ ედიბერიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ასაკის შესაბამისი დამოუკიდებლობის განმტკიცება და წახალისება ბავშვს ყველა ასაკში სჭირდება.
„დამოუკიდებლობა ძალიან მძლავრი უნივერსალური იარაღია, რათა მომავალში ადამიანი ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს და მათ მიმართ ემოციურად გამძლე იყოს.
„შეიძლება მშობლებს გაუკვირდეთ, მაგრამ ბავშვის დამოუკიდებლობაზე საუბარს ძალიან ადრეულ ასაკში ვიწყებთ, ჩვილობიდანაც კი. ბავშვს რომ მოსწონს მის წინაშე მდებარე სათამაშო, მისკენ ხელს გაიწვდის და თავად ცდილობს მოიპოვოს, ეს უკვე პირველი ნაბიჯებია დამოუკიდებლობისკენ. მან მოინდომა და შეცვალა გარემო მის სასარგებლოდ - ეს პირველი აგურია მისი მომავალი დამოუკიდებლობისკენ.
დამოუკიდებლობის სწავლისთვის საუკეთესო მეთოდია, ბავშვი ჩავრთოთ ოჯახის ყოველდღიურ აქტივობებში. დავამკვიდროთ კარგი ტრადიცია, რომ ყველაფერი, რაც ოჯახს ეხება, ერთად გავაკეთოთ. რაც არ უნდა პატარა იყოს ბავშვი, მაინც შეიძლება რაღაც ფუნქცია გავუნაწილოთ. ანუ ვაკეთებთ ყველაფერს ერთად. მეორე ნაბიჯია მაგალითის მიცემა - ის ჩვენს საქციელზე პასიური დაკვირვებითაც ბევრ რამეს სწავლობს. მესამე არის ჰიპერმზრუნველობაზე უარის თქმა. უსაფრთხოება აუცილებელია, მაგრამ ამან არარაციონალური სახე არ უნდა მიიღოს. საფრთხის შიში და ჰიპერმზრუნველობა ხშირად გვიშლის ხელს დროულად მივანიჭოთ ბავშვებს დამოუკიდებლობა და მივცეთ საჭირო უნარების გამომუშავების საშუალება. ვაღიაროთ და შევუქოთ ის, რაც მან თავად, დამოუკიდებლად გააკეთა. ამით გახარებაც უნდა ვასწავლოთ“, - განაცხადა ედიბერიძემ და ტექნიკისა და ეკრანის თემასაც შეეხო.
„ოჯახებში იქმნება ბავშვის დამოუკიდებლობის ილუზია. ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან: „ისეთი გონიერია, ისე კარგად იცის რა როგორ ჩართოს, გადართოს, იპოვოს სასურველი თამაში თუ მულტფილმი“ - სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა დამოუკიდებლობის და არ არის ის უნარი, რაც უნდა გვიხაროდეს. არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს და არ მოქმედებს სასიკეთოდ. ყოველი ზედმეტი წუთი ეკრანთან გატარებული უფრო ზიანის მომტანია, არათუ სარგებლის“ - განაცხადა ედიბერიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „რა გინდა შენი დედას შ@@@'' - ბასილაშვილმა კოღოს აგინა
ვაქცინაცია ყველა სოფელში ჩატარდება