მოგეხსენებათ, ყველასათვის საოცნებო ამერიკა ემიგრანტების „სამშობლოა“. იქ ჩასვლას და ცხოვრებას, ყველა დროში ოცნებობდენენ, მათ შორის ქართველებიც. 1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ტალღის ქართველ ემიგრანტთა რიცხვი ძალიან ცირე იყო.
ქართული დიასპორა 300 ადამიანისგან შედგებოდა, თუმცა მათ ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ესენი იყვენენ გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) – სამედიცინო მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები და სათამაშოები; გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი) – პარფიუმერია. ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდრ კარტველი) – სამხედრო ავიაცია; გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) – ბალეტი;
„დაიჯესტი“ ამ სტატიაში გიორგი მაჩაბელზე მოგიყვებათ.
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, გიორგი მაჩაბელი - „იყო და არა იყო რა! იყო ერთი პრინცი. მან თავისი სატრფო პრინცესასთვის შესანიშნავი სუნამო შეაზავა და ამის შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ... ეს სიტყვები ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ზღაპარი სულაც არ გახლავთ. ესაა ნამდვილი ამბავი პრინც მაჩაბლისა და დიდი პარფიუმერიული საზოგადოებისა, რომელიც მან დააარსა აქ, შეერთებულ შტატებში 1920-იანი წლების დასაწყისში“, – ასე იწყებოდა ერთ-ერთ ამერიკულ ქალთა ჟურნალში სტატია.
შემდეგ ჟურნალი მკითხველს აცნობდა პრინცის წარმომავლობას. ის „იყო უფროსი ვაჟი ერთი კეთილი და წარჩინებული ოჯახისა საქართველოში, კავკასიის მაღალ მთებში. ვინაიდან ეს სათავადო სახლი იყო მდიდარი და ჰქონდა დიდი ადგილ-მამული, პრინცი გიორგი განათლების მისაღებად ბერლინის სამეფო აკადემიაში გაგზავნეს, რათა სამთამადნო საქმე შეესწავლა... სტუდენტობის დროს ერთ-ერთი მისი თავშესაქცევი ჰობი სუნამოების შეზავება გახლდათ. ამ გასართობმა კი მას დიდი სიმდიდრე შესძინა“.
ვინ იყო ეს ზღაპრული პრინცი და რა სუნამოები შეაზავა, რომელმაც მას დიდი ქონება მოუტანა?
სუნამოების მოყვარულებს ალბათ უნახავთ პარფიუმერიული ნაწარმი, წარწერით Prince Matchabelli , ინტერნეტმაღაზიებსა და კატალოგებში კი თვალს მოგტაცებთ ულამაზესი ჯვრიანი ფლაკონები. ბევრისთვის უცნობია, რომ ამ ფირმის ფუძემდებელი შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი გიორგი მაჩაბელია.
გიორგი დაიბადა 1885 წელს. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბერლინს გაემგზავრა. სამთო აკადემია დაასრულა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაეშურა. შვედეთში გაიცნო გასტროლებზე მყოფი იტალიელი მსახიობი, ნორინა ჯილი (მარია კარმი), რომელსაც დიდი წარმატება მოუტანა მადონას როლმა მაქს რეინოლდსის რელიგიურ პიესაში „სასწაული“.
გიორგიმ ნორინას სიყვარული იმით დაუმტკიცა, რომ ძალიან მცირე დროში შეისწავლა იტალიური და მალე იტალიელთა სიძეც გახდა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე თავგადაკლულ ნაციონალისტად დარჩა.
ოკუპაციის შემდეგ იტალიაში უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად ნორინა სცენას დაუბრუნდა. ამერიკელმა რეჟისორმა მორის გეტმა იგი ნიუ-იორკში მიიწვია, სადაც ხელახლა დადგა „სასწაული“.
1922 წელს გიორგიმაც გადაწყვიტა ამერიკაში გადასახლება. ორი წლის შემდეგ კი ნიუ-იორკში გახსნა ანტიკვარული მაღაზია „წითელი და შავი“ და სახელი მალე მოიხვეჭა. ამასთან, არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას. მალე აღმოაჩინა, რომ მის მუშტრებს სუნამოები უფრო აინტერესებდათ, ამიტომ ანტიკვარიატზე ხელი აიღო. პარიზში პარფიუმერიის სპეციალიზებულ მაღაზიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ,
1926 წელს გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც ოთხი წელი ფართოვდებოდა და პრესტიჟული ხდებოდა. იგი თვითონვე ქმნიდა, ამზადებდა, აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა. ძნელია თქმა, სად უფრო მიაღწია წარმატებას, მაგრამ მიგნება – მაჩაბლების საგვარეულო გერბზე გამოსახული ოქროსვარაყიანი სამეფო გვირგვინის გამოყენება გაფორმებისთვის – ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილმა სუნამომ "„საქართველოს დედოფალი“, ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონით, ამერიკელი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
მალე მას მოჰყვა მეუღლისადმი მიძღვნილი სუნამო „პრინცესა ნორინა“, ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო „დუშეს ოფ იორკს“, სუნამო „ოქროს შემოდგომა“, სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“, დაპრესილი პუდრი და პომადა. მათ ასევე ამშვენებდა „პრინც მაჩაბლის გვირგვინი“, – მისი საფირმო ნიშანი.
ათ წელიწადში გიორგი მაჩაბელმა არა მარტო მილიონდოლარიანი ბიზნესი შექმნა, არამედ ნოვატორიც გახდა; ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ კიდევ არ გააჩნდა. ასე რომ, გიორგიმ თავისი ჰობით შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ საპარფიუმერიო წარმოებაში.
აგრეთვე დაგინტერესებთ:
როგორ შეარცხვინა რუსი სასულიერო პირი ქართელმა პოლიგლოტმა
აკრძალული ნაძვის ხე და გაუქმებული ახალი წელი - როგორ წაართვეს დღესასწაული ბოლშევიკებმა წინა თაობებს