„შენ რომ მე თავი დამანებო, ისე დაგამახინჯებ, ხმით გიცნონ, მაგრამ შემოხედვა ეზარებოდეთ“, - იური ჩახვაშვილი ასე მიმართავდა თავის მეუღლეს ნათელა (დილარი) ჯიქურაშვილს.
73 წლის ჩახვაშვილმა სასტიკად მოკლა 68 წლის ჯიქურაშვილი, კახეთის რაიონ სოფელ დარჩეთში, 2014 წლის 18 ოქტომბერს.
მან დაზიანებები ცოლს კისრისა და ყელის არეში მიაყენა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
მსხვერპლის დის, მაული გილიგაშვილის მონაყოლის თანახმად, მოკლულს თითები ძვლებამდე ჰქონდა ჩაჭრილი დანით, რადგან თავდაცვას ცდილობდა.
ყელის გამოჭრის შემდეგ მას ჭრილობა დანით გულამდე ჰქონდა მიყენებული.
„ეს ქალი რომ ვნახე, პროზექტურის შემდეგ, ისე გამიქვავდა გული, რომ ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია. ის თეთრი, სველი და შეკერილი იყო”,- იხსენებს მეზობელი.
მსხვერპლის დისა და მეზობლის ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ნათელა დიაბეტით იყო დაავადებული, რის გამოც მას თითები ჰქონდა მოკვეთილი და მუხლებში ძალა წართმეული.
ის ორი ჯოხით დადიოდა, დაუძლურებული იყო.
მაული გილიგაშვილის მიხედვით, ნათელას სახლი ჰქონდა ორთაჭალაში, რომელიც მშობლების ფულით შეიძინა.
მას ადგილი ჰქონდა ნაქირავები, სადაც მზესუმზირას, თხილსა და კევებს ყიდდა.
ჯიქურაშვილის დის ნაამბობის მიხედვით, მკვლელობის დღეს თბილისიდან დედა და შვილი, 50 წლის რომანოზ ჩახვაშვილი ჩავიდნენ დარჩეთში.
ჩახვაშვილმა ცოლ-შვილს ვაშლის დაკრეფვაში დახმარება სთხოვა, მაგრამ სოფელში ჩასულებს ხილი უკვე დაკრეფილი დახვდათ.
ჩახვაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ჩხუბი დაიწყეს. რომანოზი დეიდის სახლში წავიდა.
დაახლოებით, ერთ საათში, რომანოზს მეზობელმა დაურეკა და უკან დაბრუნება სთხოვა, თუმცა მკვლელობის შესახებ მისთვის არ უცნობებია.
უკანა გზაზე „პოლიციელებმა სახლში შესვლის საშუალება არ მოგვცეს“,- იხსენებს გილიგაშვილი.
სასამართლო განაჩენის თანახმად, მკვლელობის შემდეგ, ჩახვაშვილმა დანაშაული აღიარა.
მკვლელობის აღსრულების შემდეგ სოფლის მაღაზიასთან ამბობდა: „ჩემს ცოლს ყელი გამოვჭერი, წამოდით, ნახეთ!“
მეზობლებს უთხრა, რომ დაერეკათ პოლიციაში, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა.
მაული გილიგაშვილის თანახმად, ისინი ძალიან გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდნენ, ხოლო ჩახვაშვილი პედაგოგთა ოჯახიდან იყო.
იური ჩახვაშვილი 22 წლის, ხოლო ნათელა ჯიქურაშვილი 18 წლის იყო, როდესაც დაქორწინდნენ.
მსხვერპლის და ამბობს, რომ ჩახვაშვილმა სასმლის მოხმარება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ის მძღოლად მუშაობდა და მაული გილიგაშვილის თქმით, მეუღლეს ხშირად თმებით საწოლზე აბამდა, სანამ გარეთ გავიდოდა.
„უყვარდა ადამიანების წვალება და წამება“,- ამბობს გილიგაშვილი და იხსენებს შემთხვევას, როდესაც იური ჩახვაშვილმა შვილიშვილს კნუტი გამოსტაცა ხელიდან და მის თვალწინ მოახრჩო.
2015 წლის 25 ივნისს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე მარინე ცერცვაძის გადაწყვეტილებით, იური ჩავაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სისხლის სამართლის კოდექსის, 11-108 მუხლით.
სასამართლოს განაჩენის თანახმად, ამ საქმეში შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ნათია სონღულაშვილის განცხადებით, მკვლელობისთვის სასჯელი 7-დან 15 წლამდეა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო - გაუხმაურებელი ამბავი
„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“- ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვა ჩაარტყა - გაუხმაურებელი ამბავი