2015 წლის 21 იანვარს, ირანში, გომიშანის ოლქში, 17 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული მოჰამად ამინ რუინთანი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
მარიამ კოჩალიძის ცხედარი პოლიციამ და ახლობლებმა მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბულვარის მიტოვებულ ნაწილში იპოვეს. სხეულზე ძალადობის კვალი აღინიშნებოდა, გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო. ადგილზე არ აღმოჩნდა მისი ველოსიპედი, სამკაული და მობილური ტელეფონი.
„მარიამი თითქმის ყოველ საღამოს სეირნობდა იმ ადგილებში ველოსიპედით. დღიურიც ჰქონდა, სადაც ინტერვიუებს და შთაბეჭდილებებს იწერდა, ახალი ნაცნობების შესახებ,“ - ამბობდა კოჩალიძის ნათლია, ნატალია კვინტრაძე.
სანაპიროს ის ნაწილი, სადაც კოჩალიძე იპოვეს, შედარებით უკაცრიელი იყო.
„იქ მხოლოდ უსახლკაროები იყრიდნენ თავს და მარიამიც კარგად იცნობდა მათ. საჭმელიც ბევრჯერ მიუტანია. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელს იცნობდა, მაგრამ დღიურში ამის შესახებ არაფერი წერია,“ – აცხადებდა კვინტრაძე.
გოჩა მსხილაძე, კინოლოგი, რომელიც ერთ–ერთი იყო მათ შორის, ვინც ცხედარი აღმოაჩინა, აცხადებს:
„იმ საღამოს ის უცხოელი დავინახე, ვკითხე, საიდან გაქვს–მეთქი ეს ველოსიპედი, ვიქირავეო, მიპასუხა. მარიამის გვამი რომ ვიპოვეთ, პირველი, რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ მაგის ჩადენილი იქნებოდა ეს არაადამიანური დანაშაული.“
2013 წელს საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მათი რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე გაიზარდა.
2013 წლის ივნისში საქართველოს 9 893 ირანელი ესტუმრა. მათ შორის იყო მოჰამად ამინ რუინთანი ბათუმში 2013 წლის, დანაშაულის ჩადენამდე ერთი თვით ადრე, ტურისტად ჩამოვიდა. მას ხშირად ხედავდნენ სანაპიროზე, შავი ზურგჩანთით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით კი აჭარაში, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბათუმი.
2013 წელს, კოჩალიძის საქმე ირანის მოქალაქის მიერ ჩადენილი ერთადერთი მკვლელობა და შესაბამისად, ყველაზე მძიმე დანაშაული აღმოჩნდა. იმავე წელს, მოგვიანებით, ირანელმა ქალმა საქართველოს ორი მოქალაქე დაჭრა. თუმცა, მკვლელობის არც ერთი სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
პოლიციის განცხადებით, კოჩალიძის მკვლელობის შემდეგ, რუინთანმა მსხვერპლს ზურგზე დიდი ლოდი დაადო და მისივე ველოსიპედით დატოვა მკვლელობის ადგილი. მალე მან ტაქსი გააჩერა და 12 კილომეტრით დაშორებული სარფის საბაჟო პუნქტისკენ გაემგზავრა, საქართველო – თურქეთის საზღვარზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2013 წელს საზღვარზე 80 ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ რუინთანი მათ შორის არ აღმოჩნდა.
მან მშვიდობიანად დატოვა სარფის საბაჟო და უკან მხოლოდ ვიდეო ჩანაწერი მოიტოვა, რომელიც გამომძიებლებს საქმის წარმართვაში უნდა დახმარებოდა. რუინთანი თურქეთში 19:22 წთ–ზე გადავიდა.
მოგვიანებით, ტაქსიში დატოვებულ სისხლის კვალში, კოჩალიძის დნმ აღმოაჩინეს. გამოძიებამ რუინთანი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ინტერპოლი, რომელიც საქმეში ჩაერთო, მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო პოლიციის ორგანიზაციაა. მასში 190 ქვეყანაა გაერთიანებული. ინტერპოლის მისიაა, ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით მსოფლიოში დანაშაულებრივი ქმედებების აღმოფხვრა. მისი მთავარი იურიდიული დოკუმენტი კონსტიტუციაა, რომელიც ორგანიზაციის როლს, სტრუქტურას, ბიუჯეტსა და სხვა ორგანიზაციებთან კავშირს განსაზღვრავს. მასში ხაზგასმით წერია, რომ წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგულირდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე. ინტერპოლის წევრი ყველა ქვეყანა ერთმანეთთან დაკავშირებულია საკომუნიკაციო სისტემით, ე.წ. I – 24/7, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზებში შენახული ინფორმაცია დანაშაულის ან დამნაშავის შესახებ, დღე–ღამეში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია.
წევრი ქვეყნებიდან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ინტერპოლი აქვეყნებს ძებნილი დამნაშავეების სიას. არსებობს რვა სხვადასხვა ცირკულარი, რომლებიც ერთმანეთისგან დანიშნულებით განსხვავდება. ე.წ. „წითელი ცირკულარით“ ძებნა ცხადდება დამნაშავის დასაკავებლად მისი ექსტრადირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელების მიზნით.
2013 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ რუინთანის „წითელი ცირკულარით“ ძებნა გამოაცხადა, რაც მისი ადგილ-სამყოფელის დადგენასა და დაპატიმრებას ითვალისწინებდა. პროცესი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. თუმცა ინტერპოლის მონაცემებში რუინთანის სამშობლოში დაბრუნების შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა, მისი დაკავების შესახებ სწორედ ირანის ინტერპოლმა გაავრცელა.
2015 წლის 21 იანვარს, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსმა, გიორგი მეზვრიშვილმა, სპეციალური განცხადებით დაადასტურა ინფორმაცია რუინთანის დაპატიმრების შესახებ. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ჰამშაჰრის“ ცნობით, რუინთანი 8 წლის ბავშვის მკვლელობის გამო დააკავეს. ირანის პოლიციის განცხადების საფუძველზე ირკვევა, რომ დამნაშავის მოტივი ორივე მკვლელობის შემთხვევაში იყო შურისძიება ყოფილი ქართველი მეგობარი გოგონას გამო, რომელმაც ის მიატოვა. მისივე თქმით, მსხვერპლის სისხლის ყურება მას შვებას ჰგვრიდა.
2015 წლის 21 იანვარს, 8 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ, ირანში, გომიშანის ოლქში მოჰამად ამინ რუინთანი დააკავეს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“- ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვა ჩაარტყა - გაუხმაურებელი ამბავი
„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გამაუპატიურა“ - სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ისტორია