მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ჯავახეთის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ სოფელში შემზარავი მკვლელობა მოხდა. ორმა ახალგაზრდა ქალმა 25 წლის მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი მისი გვამი ფერფლად აქციეს.
გამოძიება დამნაშავეებს დიდხანს ვერ პოულობდა, რადგან მკვლელობის მოტივი იმ ეპოქისთვის სრულიად გამაოგნებელი იყო.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მაშინდელმა უმაღლესმა სასამართლომ განიხილა და რომელიც ქართველი ე.წ. ლესბოსელი წყვილის მიერ იყო ჩადენილი.
ქორწილი
საღამოს ქორწილი იყო ჯავახეთის მაღალმთიან სოფელში, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ირგვლივ ბანიანი სახლები იდგა, რომლებსაც ფანჯრები არ ჰქონდათ დატანებული. სითბოს შესანარჩუნებლად სახურავებზე მიწა ეყარა, ოთახი კი ჭერში დაყოლილი მინის უჯრედებიდან შესული სხივებით ნათდებოდა.
პატარძალი თოვლიან ღამეს ცხენებით მიიყვანეს, რადგან უხვ თოვლს გზები ჩაეკეტა და ერთი სოფლიდან მეორემდე მიღწევა ავტომობილით შეუძლებელი იყო. მასპინძელს სუფრა მოკრძალებულად გაეწყო. წვეულებას სულ ოცამდე ადამიანი ესწრებოდა. საჩუქრებიც უღიმღამოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ნეფე მაინც ბედნიერი ჩანდა. პატარძალი თავდახრილი იჯდა. მგზავრობას დაეღალა.
– ფაფუკა, ხალხი მალე წავა, დაისვენებ, – ყურში ჩასჩურჩულა პატარძალს მეუღლემ.
ფაფუკა ახალგაზრდა, ლოყაწითელა გოგონა იყო. სხვა თანატოლებივით ისიც ოცნებობდა გათხოვებაზე, მაგრამ ახლა, როცა თითქმის უცხო მამაკაცის გვერდით აღმოჩნდა, რომელიც მანამდე მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი, თავს უცნაურად გრძნობდა. როცა მამაკაცმა ყურში ჩასჩურჩულა, მალე მარტო დავრჩებითო, შერცხვა და კიდევ უფრო დახარა თავი.
პატარძალს სტუმრების წასვლა არ ეჩქარებოდა, უნდოდა, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო დრო ქმართან მარტო დარჩენამდე, მაგრამ მისი ნატვრა დროს ვერ შეაჩერებდა. შეზარხოშებულმა სტუმრებმა კიდევ რამდენიმე სადღეგრძელო შესვეს და თოვლიანი გზებით გაუყვნენ თავიანთი სახლებისკენ მიმავალ ბილიკებს.
მძიმე ტვირთი
ზამთარი ფაფუკასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. პატარძალს დედის სიტყვები ახსენდებოდა, შვილო, ცოტა გაგიჭირდება და შეეჩვევიო, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა შეგუებოდა მამაკაცს, რომელიც დღითი დღე უფრო პრეტენზიული, უხეში და უყურადღებო ხდებოდა. ოჯახის წევრები და მთის ტრადიცია კი მას უსიტყვო მორჩილებას ავალდებულებდა.
– შინ დავბრუნდები, დედა, აქ არავის ვუყვარვარ, – გაზაფხულზე სტუმრად მისულ დედას შესჩივლა ქალიშვილმა, მაგრამ ფაფუკას სიტყვები სერიოზულად არავის აღუქვამს.
– შენი სახლი აქ არის, დაიმახსოვრე! – თავზე ხელი გადაუსვა მშობელმა ქალიშვილს და დაჰპირდა, რომ ერთი თვის შემდეგ ისევ ინახულებდა.
თვიდან თვემდე დღეები ნელა გადიოდა. ფაფუკა დილით ცხვრებს საბალახოდ უშვებდა, თვითონ უკან ბრუნდებოდა, რომ სახლის საქმისთვის მიეხედა. სადილის მომზადების შემდეგ სარეცხს რეცხავდა, სახლს ალაგებდა, ყველსა და ნაღებს ამზადებდა, ეზოს აწესრიგებდა, გვიან ისევ ცხვრებს მიაკითხავდა, უკან მოდენიდა…
მთელი დღის დაქანცული, როცა საწოლზე ჩამოჯდებოლა, ახლა ქმარი უხმობდა საალერსოდ. ქალი ამ “მოვალეობასაც” მოიხდიდა ხოლმე, მერე ბალიშში ჩარგავდა თავს და მანამდე ტიროდა, სანამ არ ჩაეძინებოდა. საოცარი იყო, მეუღლეს ერთხელაც არ უკითხავს, რა გატირებსო. ალბათ მანაც იცოდა, რომ გოგონა “შეეჩვეოდა”.
შეხვედრა
როცა ნინა გავიცანი, უცნაურ ადამიანად არ მომჩვენებია. ყავა ჰქონდა ხოლმე სახლში. მეც მეპატიჟებოდა. მეკითხებოდა, როგორი ქმარი გყავსო. ყველაფერს ვუყვებოდი. ვტიროდი ხოლმე, ნინა მაწყნარებდა. ჩვენთან სტუმრად არ მოდიოდა, ჩემი დედამთილი ამბობდა, ქალაბიჭაა, ციხეში იჯდაო”, – ასე იხსენებდა სასამართლო პროცესზე ფაფუკა ნინა გ-სთან შეხვედრის პირველ პერიოდს. მათი გაცნობა კი შემთხვევით მოხდა.
ერთ დღეს ფაფუკა სოფლიდან რაიონში გაემგზავრა. სახლში ჩაის ჭიქები არ ჰქონდათ და დიდი ხვეწნის შემდეგ ქმარი დაიყოლია, რომ სოფლის სხვა ქალებთან ერთად საყიდლებზე წასულიყო. ახალგაზრდა ქალისთვის ეს დღესასწაულის ტოლფასი იყო.
ყოველ დილით პატარა, ჟანგმოკიდებული ავტობუსი მიდიოდა სოფლიდან რაიონში და ვისაც საქმე ჰქონდა ან გასეირნება უნდოდა, ამ ავტობუსის მგზავრები ხდებოდნენ. იმ დილით ფაფუკა ავტობუსის წინა რიგებში მოკალათდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს სამოგზაუროდ მიდიოდა და წინ ენით აღუწერელი ბედნიერება ელოდა.
ამ დღეს ახალგაზრდა ქალი ალბათ პირველად გავიდა სახლიდან მარტო. როცა ახალციხემდე ჩააღწია და ავტობუსის მგზავრები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ, ფაფუკა თითქოს შეშინდა, მაგრამ შეეცადა, არ შეემჩნია და კითხვა-კითხვით მიაღწია ავტოსადგურის ყველაზე ახლო მდებარე მაღაზიამდე. იქიდან ცოტა უფრო მოშორებით წავიდა, შემდეგ კიდევ უფრო შორს და ვერც კი შენიშნა, როგორ გავიდა საათები.
ახალგაზრდა ქალი როცა ნავაჭრით ავტოსადგურში დაბრუნდა, ერთადერთი ავტობუსი, რომელიც მის სოფელში ადიოდა, უკვე წასული დახვდა. სოფლელი ქალი ერთხანს შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს, შემდეგ იქვე ბორდიურზე ჩამოჯდა და ატირდა.
– მე თქვენ გიცნობთ, რამე პრობლემა გაქვთ? – მის წინ შარვლიანმა ქალმა ჩაიმუხლა და ჩამორჩენილ მგზავრს მხარზე ხელი დაადო.
ეს ნინა იყო, მოკლედ შეკრეჭილი თმით, ხელში მანქანის გასაღებით. ნინა ალბათ პირველი ქალი იყო, ვინც ჯავახეთში მანქანა იყიდა და თავადვე მართავდა. სწორედ ახალგაცნობილმა ქალმა წაიყვანა ფაფუკა სოფელში და თან მეგობრობაც შესთავაზა.
მას შემდეგ მათ ხშირად ხედავდნენ ერთად. ფაფუკას ქმარს მათი მეგობრობა არ მოსწონდა, რადგან სოფელში ლაპარაკობდნენ, რომ ნინა წლების წინ ციხეში იჯდა, ოღონდ რა დანაშაულისთვის, არავინ იცოდა. ფაფუკა კი მხოლოდ მაშინ იღიმებოდა, როცა ნინას გვერდით იყო.
ერთ საღამოს ნინას სახლში მიაკითხა. დედამთილთან იყო ნაჩხუბარი. ქმარი სანადიროდ იყო წასული და ნინას სთხოვა, ღამე შენს სახლში გამათენებინეო. მეგობარი ფაფუკას სტუმრობამ ძალიან გაახარა. ავახშმა, დაამშვიდა, საწოლი გაუშალა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
რაც ამის შემდეგ მოხდა, ფაფუკასთვის მანამდე გაუგონარი და არნახული იყო. ნინა ქალი იყო, მაგრამ სტუმარი ამას ვერ გრძნობდა. ის ეფერებოდა ახალგაზრდა ქალის სხეულს და გოგონა იმაზე მეტ ვნებას განიცდიდა, ვიდრე ეს ქმართან ერთწლიანი თანაცხოვრების დროს განუცდია.
ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ფაფუკა მალე გონს მოეგო, შიშველი წამოვარდა საწოლიდან, სიბნელეში ხელის ცეცებით ტანსაცმლის მოძებნა სცადა. გაქცევა დააპირა, არ იცოდა, რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაცას აშავებდა და სწორედ ეს განცდა უბიძგებდა კარისაკენ.
სანამ დაბნეული ქალი ტანსაცმელს იპოვიდა, ეზოდან ხმა მოისმა. ვიღაცამ რამდენიმე მეტრი სირბილით გამოიარა და კარის სახელური მთელი ძალით მოქაჩა.
– კარი გააღე! – იღრიალა მამაკაცმა.
ფაფუკამ ქმრის ხმა იცნო.
– ჩემი ქმარია, – ხმა აუკანკალდა ქალს და მოცელილივით იატაკზე დაეცა.
თავდასხმა
როცა ნინა მიხვდა, რომ კართან ჩემი ქმარი იყო, საწოლიდან ადგა. ჩაცმა დაიწყო, მეც მითხრა, ჩაიცვიო და სათავსოსკენ გაიქცა. მაშინ არ ვიცოდი, რა ჩაიფიქრა, მაგრამ ჩემმა ქმარმა არ დაიცადა. ჭერზე აბობღდა, მინის ფანჯარა ჩამოანგრია და ოთახში ჩამოხტა. მე ვტიროდი, ნინა მშვიდად იყო. ჩემს ქმარს სკამი დაუდგა, უთხრა, დაჯექიო. თან უყვებოდა, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი. დავამშვიდეო, უთხრა ნინამ”, – ჰყვებოდა მოგვიანებით ფაფუკა.
კაცი ნადირობიდან შინ ნასვამი დაბრუნებულიყო. დედას უთქვამს, რომ მისმა ცოლმა შეურაცხყოფა მიაყენა და სახლიდან გაიქცა.
– სად არის? – ჰკითხა დედას მამუკამ, დაღლილობისგან და სიმთვრალისგან თვალები დაწითლებული ჰქონდა და მძიმედ სუნთქავდა.
– იმ ქალაბიჭასთან იქნება, მისი სახლის კარს ვერ მოვაშორე, – ქოთქოთებდა ასაკოვანი ქალი და ჭუჭყიან ხელებს წინსაფარზე იწმენდდა, – წადი და თმის თრევით მოიყვანე. სუსტი ხარ, ამდენს ვერ უნდა გიბედავდეს!
– გეყოფა! – დაუტია ვაჟმა დედას, არადა თვითონაც იმავეს აპირებდა.
სახლიდან გავარდა, საურმე სწრაფი ნაბიჯებით გადაიარა და ნინას კარს მიადგა…
მამუკას ნინას ლაპარაკისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ცოლს მივარდა, თმაში ჩააფრინდა და ნახევრად შიშველი ქალი ძირს დააგდო, შემდეგ მძლავრად მოქაჩა და გასასვლელისკენ გაათრია. ამ დროს ოთახის ბნელი კუთხიდან ქალის სილუეტი გამოჩნდა. მას ხელში უზარმაზარი დანა ეჭირა.
როგორც მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, ნინამ ზურგის არეში რვაჯერ დაარტყა დანა მსხვერპლს, თუმცა არც ერთი ჭრილობა სასიკვდილო არ ყოფილა… მამუკა ძირს დავარდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. ნინამ საწოლთან მიირბინა, ბალიში აიღო და დაუძლურებულ მამაკაცს პირზე დააფარა.
ფაფუკა ამ სანახაობას ფერდაკარგული მისჩერებოდა, კანკალებდა, მაგრამ ერთხელაც არ უცდია, ნინასთვის წინააღმდეგობა გაეწია. როცა თავდამსხმელი დარწმუნდა, რომ მამუკა მკვდარი იყო, ფაფუკას შეხედა და გაოფლილი შუბლი ხელით მოიწმინდა.
– ახლა რა უნდა ვქნათ? – ხანგრძლივი დუმილის შემდეგ იკითხა ფაფუკამ და ერთი ღამის საყვარელს მიაჩერდა.
– ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ. ამის შემდეგ სულ ერთად ვიქნებით მე და შენ სამუდამოდ, – უთხრა ნინამ ქალს.
ფაფუკა ფეხზე წამოდგა. ნინა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. ისე უყურებდა, თითქოს პირველად დაინახაო.
– მეშინია, – სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.
“მე ეს ქალი მიყვარს”
მონაწერი საბრალდებო დასკვნიდან, ნინა გ-ს ჩვენება:
“გვამი უნდა მომეშორებინა. ეს მანამდე უნდა მომეხერხებინა, სანამ გათენდებოდა. ფაფუკა დავიხმარე, ცხედარი ეზოში გავათრიეთ. ჯერ დამარხვა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. ბოსელში შევათრიეთ, ნავთი დავასხით და ცეცხლი მოვუკიდეთ”.
ფაფუკა მეორე დილით ქმრის სახლში დაბრუნდა, რომ ეჭვი არავის აეღო. დედამთილს უთხრა, რომ ღამე ნინასთან გაათენა, მაგრამ მამუკა თვალით არ უნახავს. მისი ტყუილი რამდენიმე დღის განმავლობაში თითქოს დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ დედას მეტი ლოდინი აღარ შეეძლო და სოფელში რაიონიდან ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა.
სანამ გამომძიებელი გაუჩინარებული მამაკაცის ცოლს დაკითხვას უწყობდა, ნინა ეზოში ადგილს ვერ პოულობდა. ფაფუკა ისეთი დაბნეული იყო, ცოტაც და, ყველაფერს აღიარებდა…
იმავე საღამოს ნინამ თავისთან დაიბარა ფაფუკა და სანამ ქალი გონს მოვიდოდა, უკვე მანქანაში ისხდნენ და სოფლიდან მიდიოდნენ. თითქმის ორი საათი დასჭირდათ, სანამ რაიონამდე ჩააღწევდნენ. როცა იფიქრეს, რომ სამშვიდობოს გავიდნენ, სწორედ ამ დროს მათი “მოსკვიჩი” მილიციის რეიდმა გააჩერა. მძღოლს საბუთები მოსთხოვეს და ორივე მგზავრი განყოფილებაში გადაიყვანეს.
,,ვიცოდი, რომ ჩვენი გაქცევის შემდეგ პირველი ეჭვმიტანილები ვიქნებოდით, მაგრამ სოფელში დარჩენაც სარისკო იყო. ფაფუკა კიდევ ერთ დაკითხვას ვერ გაუძლებდა და ყველაფერს აღიარებდა. მის გარეშე გაქცევაც არ შემეძლო. გავრისკე. არ გაგვიმართლა, თუმცა მე ეს ქალი მიყვარს”, – ეს იყო ნინა გ-ს პირველი აღიარებითი ჩვენება მას შემდეგ, რაც მილიციამ მისი სახლი და ბოსელი გადაქექა და იქიდან ნივთმტკიცებები ამოიღო.
ქმრის მკვლელობის თანამონაწილე ფაფუკა არც უარყოფდა რამეს და არც ადასტურებდა, იჯდა გარინდებული, გარდაცვლილი მეუღლე ახსენდებოდა, ნინასთან გატარებული ღამის ფრაგმენტებიც მიყოლებით ქრებოდა და ჩნდებოდა თავში. შემდეგ კი ყველაფერს ცეცხლის ენები ფარავდა.
ქალს ეჩვენებოდა, რომ ქმრის ცეცხლმოკიდებულ ცხედარს დასჩერებოდა… ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ გამომძიებელმა ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ მოითხოვა, რომელმაც დაადგინა, რომ მიღებული სტრესის გამო მისი გასამართლება არ შეიძლებოდა და დროებით სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ. ნინა გ-ს კი 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა გადასახლებით.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ „კრიშავდა“ მოსკოვში კორუმპირებულ ქართველ ლექტორებს და ვის ჩუქნიდნენ ძვირფას სამკაულს
ცოლი ქამრით მოახრჩო, სასაფლაოზე მოკლა და ცხედარი საბარგულში ჩადო – გაუხმაურებელი საქმე
„ბომჟობა“, სააკაშვილთან ვიზიტი და გვარამიასთან დაპირისპირება - სტეფანე მღებრიშვილის სკანდალები