Digest Logo

ქალს კლიტორი მოაჭრა, კაცი დააიმპოტენტა - ქართველმა ექიმმა ცოლსა და მის საყვარელზე შური იძია

1620157500
პოლიცია

ფანტასტიკური გაქცევა

1973 წლის 13 იანვარს, იაკუტიის 19 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონია განგაშმა მოიცვა. აღმოჩნდა, რომ დილის გადათვლის დროს 400-კაციან საპყრობილეს ერთი პატიმარი აკლდა. გაუჩინარებულის ძებნა მაშინვე დაიწყეს. ოთხსაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ აშკარა გახდა, რომ 37 წლის პატიმარმა, სიმონ სოხაძემ გაქცევა მოახერხა და საგანგებო განგაში გამოცხადდა. გაქცეულს რამდენიმე მაძებარი ჯგუფი დაედევნა უზარმაზარი ნაგაზებით, რომლებიც ადამიანებზე იყო დაგეშილი და მათი ცოცხლად შეჭმა შეეძლოთ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გაქცევა ღამის 2 საათზე განხორციელდა. 

სოხაძემ ყველაზე მაღალი ბარაკის სახურავზე, გადათოვლის იმიტაციით, თორმეტი მეტრის სიგრძის ტრამპლინი მოაწყო, რომლის სიმაღლე 4 მეტრი იყო. მანვე ფარულად დაამზადა თხილამურები. დრო იხელთა, ღამის 2 საათზე იმპროვიზებული ტრამპლინიდან გადმოხტა და დათოვლილ ტაიგაში გაუჩინარდა. მთელი ეს მანიპულაცია კი ისე უხმოდ და უჩინრად განახორციელა, რომ ვერავინ შეამჩნია. სოხაძის ანგარიშით, მას გაქცევის აღმოჩენამდე 7 საათი დრო ჰქონდა, პლუს 4 საათი, სანამ მას ზონაში ეძებდნენ და პატიმარმა ის რაციონალურად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ძებნაში მთელი ბანაკი ჩაერთო, სოხაძემ ალყას თავი დააღწია.

„ჩაწყობილი“ საქმე

სიმონ სოხაძე მეან-გინეკოლოგი იყო და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. მასთან მშობიარობა უსაფრთხოც იყო და პრესტიჟულიც. სოხაძეს ჰყავდა მეუღლე – 27 წლის თინათინ გოგოსაშვილი, რომელიც ჯერ მისი სტუდენტ-პრაქტიკანტი იყო, შემდეგ კი ცოლად მოიყვანა. გოგოსაშვილი ქმართან ერთად მუშაობდა და მათ შვილი არ ჰყავდათ. თინათინს თითქმის უნაკლო გარეგნობა ჰქონდა და მასზე ბევრ მამაკაცს ეჭირა თვალი. ქალი კი იმის მაგივრად, რომ მოკრძალებული ყოფილიყო, ქმრის ზურგს უკან გამომწვევად იქცეოდა.

1972 წლის დასაწყისში თინათინ გოგოსაშვილმა რომანი გააბა 41 წლის ემზარ ვაჩეიშვილთან, რომელიც აგრეთვე ექიმი იყო, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მუშაობდა და ექიმების საქმიანობას ზედამხედველობდა. ცოლშვილიანი ვაჩეიშვილი ისე იყო მოხიბლული თინათინით, რომ ქალს არა მარტო ძალიან ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდა, თავისი ძალზედ შემოსავლიანი ადგილიდან ნაშოვნი თანხის თითქმის 80 პროცენტს ახარჯავდა. უზნეო ქალმა ურთიერთობის მეშვიდე თვეზე ვაჩეიშვილს სიმონ სოხაძის თავიდან მოშორება შესთავაზა, რადგან ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან, ქმართან გაიშიფრებოდა.

მკვლელის დაქირავება ან მოკვლა ვაჩეიშვილმა ვერ გაბედა. თინათინს თავადვე უნდოდა ქმრის მოწამვლა, მაგრამ საყვარელმა დაუშალა – ექსპერტიზა მოწამვლის ფაქტს დაადგენს და შენზე ეჭვს მიიტანენო. წყვილმა გადაწყვიტა, სიმონი სხვანაირად ჩამოეშორებინათ, მისთვის პროფესიული უვიცობა დაებრალებინათ და „ჩაეძირათ“. ეს ასეც მოხდა. 1972 წლის ივლისში სიმონს უმაღლესი პარტიული ფუნქციონერის ქალიშვილი უნდა ემშობიარებინა. დადგინდა, რომ აუცილებელი იყო საკეისრო კვეთა. ოპერაციის დროს მას ცოლიც ეხმარებოდა. მომზადებისას თინათინმა მშობიარე ქალს წამლის ჭარბი დოზა ფარულად გაუკეთა და მართალია, სიმონმა ახალშობილი სასწაულებრივად გამოსტაცა სიკვდილს, თუმცა დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიმონი გაასამართლეს და ყოველგვარი ნორმების დარღვევით, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი ემზარ ვაჩეიშვილის სამსახურის დასკვნამ შეასრულა… ამგვარად მოიშორეს თავიდან პატიოსანი, პროფესიონალი ექიმი, თან „ჩააწყვეს“, რომ ისეთ კოლონიაში გაეგზავნათ, სადაც თავზეხელაღებული რეციდივისტები იხდიდნენ სასჯელს.

შურისძიება

თავდაპირველად სიმონ სოხაძე ისეთ შოკში იყო, რომ მის თავს რა მოხდა, ვერ ხვდებოდა. უფრო დაებინდა ტვინი, როდესაც იაკუტიის ბანაკში მიიყვანეს და პირწავარდნილ ბოროტმოქმედებს შორის მოექცა. თუმცა, თვითგადარჩენის ინსტინქტმა და რწმენამ, რომ ის მართალი იყო, სოხაძეს ძალები დაუბრუნა და უსამართლოდ დაპატიმრებულმა ექიმმა ფიქრი დაიწყო. სიმართლის გარკვევაში კი სიმონს პატარა ბარათი დაეხმარა, რომელზეც, მართალია გამომგზავნის მისამართი არ ეწერა, მაგრამ მას თავად გამომგზავნი, ემზარ ვაჩეიშვილის მეუღლე, ნათელა კოსტავა აწერდა ხელს. გამწარებული ქალი წერდა: „სანამ შენ მანდ გძვრება სული, შენი ბოზი ცოლი ჩემს გათახსირებულ ქმარს წველისო…“ ამ ბარათის შემდეგ სიმონმა ლოგიკურად ააწყო მოვლენების მთელი ჯაჭვი. აბსოლუტურად ზუსტად აღადგინა დანაშაულის სურათი და დარწმუნდა, რომ მას ეს ყველაფერი ცოლმა და მისმა საყვარელმა „გაუჩალიჩეს“. აქედან გამომდინარე, შურისძიება გადაწყვიტა და ციხიდან თავის დაღწევისთვის მომზადებასაც შეუდგა. ორი თვის მერე კი – ფანტასტიკური გაქცევა მოაწყო…

1973 წლის 26 იანვარს სიმონი უკვე თბილისში იყო და თავის ბავშვობის მეგობარს, ირინე მჟავანაძეს მიაკითხა. სწორედ მჟავანაძე და მისი მეუღლე, გურამ სილაგაძე ეხმარებოდნენ სიმონს მიზნის განხორციელებაში. 1973 წლის 19 თებერვალს, სიმონ სოხაძემ საყვარლები ერთ-ერთ ბინაში მოიხელთა, სადაც ისინი საწოლში გორაობდნენ. საჭირო სამედიცინო აღჭურვილობითა და მედიკამენტებით გამოეცხადა, ჯერ ორივე დააბა და დააძინა. რიგრიგობით გაუკეთა ოპერაციები, რომლის შედეგად კაცი დააიმპოტენტა, ქალს კი კლიტორი მოაჭრა.
შურისმაძიებელი მილიციას ჩაბარდა და ყველაფერი გულწრფელად აღიარა…

P.S. საგულისხმო ფაქტია, რომ სოხაძეს ის პარტიული მაღალჩინოსანი დაეხმარა, ვინც სასამართლოს სიმონისთვის 13 წელი მიაცემინა. ექიმს მხოლოდ 8 წელი მიუსაჯეს.

სიმონ სოხაძემ თავისი გადარჩენილი ბავშვი მონათლა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ და როგორ ძარცვავდა ქართული მართლმადიდებლური ტაძრების ძვირფას რელიქვიებს

„თეთრი სიკვდილი“ – სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა

ვინ და რატომ ნადირობდა უპატრონო გვამებზე თბილისში