ამბავი, რომელსაც ამ სტატიაში წაიკითხავთ ერთი შეხედვით კრიმინალური სერიალის სიუჟტეტს ჰგავს, მაგრამ არა. ეს ნამდვილი ამბავია, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში წლების წინ მოხდა.
გაუჩინარებული სანიტარი
1969 წლის 23 მაისს თბილისის მილიციის სამმართველოში 39 წლის ზაირა კუნაშვილმა ქმრის გაუჩინარების თაობაზე განცხადება შეიტანა, სადაც ეწერა: „ჩემი მეუღლე, 1929 წელს დაბადებული მურაზ ვალიანი, ოთხი დღის წინ, 19 მაისს, ოთხშაბათ დღეს გაუჩინარდა. ის სახლიდან სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მურაზი თბილისის პროზექტურაში სანიტრად მუშაობს. როცა მის თანამშრომლებს ვკითხე, მითხრეს, რომ მურაზი 19-ში სამსახურში მივიდა. დაახლოებით, დღის 3 საათზე „პერერივზე“ გავიდა და აღარ დაბრუნებულაო... “ მილიციას, შესაძლოა, არც კი შეებერტყა ყური „მორგის“ სანიტრის გაუჩინარების გამო, მაგრამ ზაირა კუნაშვილმა გამომძიებელს უთხრა:
– ამხანაგო ლეიტენანტო, მურაზამ იმ დღეს, სახლიდან გასვლის წინ მითხრა:
– ზაირა, მეშინია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ხალხი, ვინც ჩემგან „ტრუპებს“ ყიდულობს, ჩემს გასაღებას აპირებსო.
– კარგად ვერ ვხდები, რას ამბობთ, გამოდის, რომ თქვენი ქმარი პროზექტურიდან ცხედრებს ყიდდა? – იკითხა ლეიტენანტმა ანდრო გვალიამ, რომელსაც მოეჩვენა, რომ ქალი, რომელიც მას ელაპარაკებოდა, „მთლად დალაგებული“ არ იყო.
– დიახ, – დაუდასტურა ქალმა.
ფიქტიური საფლავები
მილიციამ პროზექტურის ადმინისტრაციას მიაკითხა და მისმა დირექტორმა კატეგორიულად უარყო გვამების გაყიდვის ფაქტები და ლეიტენანტ კარლო ლომიას უთხრა:
– ეს ხომ აბსურდია, ამხანაგო ლომია? ჯერ ერთი, გვამების ყიდვა ვის რაში სჭირდება და თანაც, მათ ხომ თავიანთი პატრონები აკითხავენ და სახლში მიაქვთ?
– ეგრეთ წოდებული, უპატრონო გვამებიც ხომ არის? – იკითხა კარლო ლომიამ.
დირექტორმა ლეიტენანტს საქაღალდედან ამოღებული ფურცლები დაუდო წინ და უთხრა:
– აი, ლეიტენანტო, დაკრძალვის საბუთები. ყოველ უპატრონო გვამს სადახლოში, უპატრონოთა სასაფლაოზე ვმარხავთ. აქაა მითითებული ის მონაკვეთები, სადაც ესა თუ ის გვამია დამარხული და აქვე წერია მათი განსაკუთრებული ნიშნები. ეს – იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ ვინმე მოიკითხავს.
– ამ გვამებს, როგორც ჩანს, გაუჩინარებული მურაზ ვალიანი მარხავდა, – უთხრა ლომიამ და დაამატა, – ხომ არ ვცდები?
– კი. მურაზი მარხავდა. მერე რა? – მხრები აიჩეჩა დირექტორმა.
მილიცია სადახლოზე, უპატრონოთა სასაფლაოზე წავიდა. ამოთხარეს მითითებული საფლავები, რომლებიც პროზექტურის დირექტორის გასაკვირად, ცარიელი აღმოჩნდა.
– გამოდის, რომ ესენი, ფიქტიური საფლავებია, – თქვა ლეიტენანტმა ლომიამ, – გამოდის, რომ მურაზ ვალიანი მართლაც ყიდდა გვამებს, მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა ისინი?
იმავე დღეს ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გვამებით ვაჭრობის ფაქტზე.
მესაფლავის მონათხრობი
24 წლის კარლო ლომია იმდენად დაინტერესდა ახალი საქმით, რომ საფუძვლიან მოკვლევას მიჰყო ხელი და დაადგინა: გაუჩინარებულ მურაზ ვალიანს ახლო მეგობარი ჰყავდა, რომელიც სადახლოს სასაფლაოზე მესაფლავედ მუშაობდა და მას უპატრონო ცხედრების დასაფლავებაში ეხმარებოდა. მესაფლავე 43 წლის ზაზა ქვარიანი იყო. მას ალკოჰოლი უყვარდა და ლომია იმ დროს დაადგა თავზე, როცა არაყს სვამდა. ლეიტენანტი ქვარიანს გაესაუბრა და შეატყო, რომ მესაფლავემ რაღაც იცოდა, თუმცა მალავდა. ამიტომ ლეიტენანტმა კოპები შეიკრა და ზაზა ქვარიანს უთხრა:
– გაითვალისწინეთ, ქვარიანო, რომ ტყუილი კანონით ისჯება. ამბობთ, რომ არაფერი იცით, თუმცა, გეტყობათ, რომ რაღაცას მალავთ, ამიტომ, ყველაფერი გულახდილად მოყევით. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები, მილიციაში წაგიყვანოთ, დაგკითხოთ და „კამერაში“ მოგათავსოთ. აირჩიეთ – ან ციხე, ან თავისუფლება.
ქვარიანმა თავი გააქნია, არაყი გადაჰკრა და ლომიას უთხრა:
– მურაზა ძალიან შეშინებული იყო. ასე მითხრა, ეს ადამიანები ძალიან „აპასნები“ არიან და შეუძლიათ, კაციც კი მოკლანო. მურაზას ერთხელ ორი უპატრონო „ტრუპი“ წამოვაღებინე მორგიდან. „პოლ ლიტრა“ (ნახევარი ლიტრი არაყი) იკისრა. მერე მე გამიშვა, თვითონ მივხედავო. რომ მივდიოდი, გზაზე ის ორი კაცი შემომხვდა. შავ „პობედაში“ ისხდნენ და ნელი სვლით მიდიოდნენ.
– მიხედვაში, ალბათ, გვამების დამარხვას გულისხმობდა, ხომ?
– დიახ, უფროსო. არა და გამიკვირდა. ტრუპებს ყოველთვის მე ვამარხვინებდი და მერე ერთად ვსვამდით. მაშინ კი „პოლ ლიტრით“ გამისტუმრა. მივხვდი, არ უნდოდა, რომ იქ დავრჩენილიყავი. ის „პობედიანი“ კაცები კი, ნაღდად, მაგასთან მიდიოდნენ.
– შეგიძლიათ, ამიწეროთ ის კაცები? – უთხრა ლომიამ.
– სიმაღლე, ზომა-წონა არ ვიცი, რადგან მანქანაში ისხდნენ. მხოლოდ ის შევამჩნიე, რომ „შოფერს“ შუბლზე გრძელი შრამი ჰქონდა. „პობედა“ კი ეს ნომერი იყო, – უთხრა ქვარიანმა ლომიას და სერია და რიცხვები ჩააწერინა.
მოულოდნელი გაგრძელება
მილიციამ და პროკურატურამ „პობედის“ ნომრის დადგენას მიჰყო ხელი და გაირკვა, რომ ეს მანქანა „კაგებეს“ კაპიტანს, როინ გოგიშვილს ეკუთვნოდა. შუბლზე ნაიარევი კაცი, სწორედ გოგიშვილი იყო. ინსტრუქცია კი მოითხოვდა, რომ თუკი „კაგებე“ თანამშრომელს რამე დანაშაულში ამხელდა ან მასზე ეჭვს მიიტანდა, ეს ამბავი დაუყოვნებლივ „კაგებესთვის“ უნდა გადაეცათ და თავის თანამშრომელს უშიშროება მიხედავდა. მილიციას კი კატეგორიულად ეკრძალებოდა უშიშროების თანამშრომელზე თვალთვალი და საქმის წარმოება. ამიტომ, მილიციამ ეს საქმე „კაგებეს“ გადასცა და ამით დაკმაყოფილდა.
როგორც წლების მერე გაირკვა და კანადაში გაქცეულმა „კაგებეს“ მაიორმა გივი ორახელაშვილმა დაწერა, 1969 წლის ივნისში, თბილისში ფიზიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდებოდა, რომელზეც ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. „კაგებეს“ ეს მეცნიერები უნდა გაეტაცებინა და საიდუმლო ლაბორატორიაში სამუშაოდ გაემწესებინა. ავტობუსი კი, რომლითაც ფიზიკოსები მგზავრობდნენ, უნდა დაეწვათ, ვითომდა უბედური შემთხვევა მოხდა. სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ უპატრონო გვამები და სანიტარი ვალიანიც ამის გამო მოკლეს... თუმცა, ოპერაცია გაუქმდა. სიმპოზიუმი ჩატარდა და უცხოელი მეცნიერები მშვიდობიანად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ბოლო მომენტში ეს ოპერაცია „კაგებეს“ შეფმა ანდროპოვმა გააუქმა, რადგან ინფორმაციის გაჟონვასა და საერთაშორისო სკანდალს მოერიდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გოგო, რომელმაც დედის ცხედარი დაანაწევრა, ბიოლოგიურ დედას ეძებს - წერილი საპყრობილიდან
მოჭრილი თავი, დასახიჩრებული ცხედარი, დამწვარი ბავშვი - საქართველოში მომხდარი სატანისტური მკვლელობები
ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო - საბედისწერო რეისის ქრონიკები