„შემაქანა... აი, კიდევ შემაქანა“, „ო სოსო, რას წერ შენ?“, „ეს ბზარი იყო აქ?“... - დიახ, ეს ფრაზები ალეგორიული კინოფილმიდან, „ცისფერი მთები ანუ ტიანშანიდანაა“.
ფილმი ნათლად ასახავს იმდროინდელი ქვეყნის ყოფას და შესაძლოა ითქვას, ამდროინდელ რეალობასაც...
საინტერესოა როგორ წერდა მწერალი, რეზო ჭეიშვილი, „ცისფერი მთების“ დიალოგებს... ამის შესახებ ცნობებს ჟურნალი „თბილისელები“ გვაწვდის.
„მსახიობების შერჩევის პროცესშიც აქტიურად ვიყავი ჩაბმული. ეს საქმე თანამდებობრივადაც მევალებოდა და მორალურადაც. სხვათა შორის, ზოგიერთ რეჟისორს არ სიამოვნებს, როდესაც სცენარის ავტორი გადაღებებს ესწრება.
ელდარ შენგელაია კი ამ მხრივ განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა. ავტორთან თანამშრომლობა შეუძლია და გამოსდის კიდეც, რასაც დიდად ვაფასებ.
თავიდან მოთხრობა იყო „ცისფერი ხიდები”, რომელიც გადაკეთდა „ცისფერ მთებად”.
ხანდახან ვჯდები და თვითონ ვკითხულობ, მიკვირს კიდეც. ამბები კინოსტუდიიდან ავიღე.
იქ იყო ასეთი სიტუაციები, იქ გროვდებოდა. ვინ არ მოდიოდა, ვინ არ გადიოდა.
დერეფანი იყო დიდი და სულ კარს აღებდა ვიღაც, უკითხავად. შემოიხედავდნენ, გაიხედავდნენ…”
გადასაღებ მოედანზე იმპროვიზებულ გარემოში უხდებოდათ მუშაობა.
ბატონი რეზო თურმე დეკორაციების უკან, ექსპრომტად წერდა დიალოგებს – სწორედ იმ დიალოგებსა და ფრთიან ფრაზებად ქცეულ გამოთქმებს, ლამის რომ გაგვიზეპირებია და ყოველდღიურ საუბარშიც ხშირად ვიყენებთ:
„გივი, ჩვენ ვართ, გივი!”, „როდიდან როდემდე მაქვს დალოდების საათები?”, „ყუფარაძეს რომ არ დაერეკა, მაგრამ დარეკა და…”, „თუ იცით, იგავ-არაკებს მიიღებს? არა, მაგრამ უარს არ გეტყვით!”, „ბოდიში, თქვენზე მითხრეს, ლიფტში გაიჭედაო და მართალია?”, „დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!”, „გამაგებინეთ, მე აქ ვარ თუ იქ?”, „მომკლავს ეს ორი სათაური!”…
საუბარს ქუთაისის ვაჟთა მერვე საშუალო სკოლის გახსენებით ვიწყებთ: „დღესაც არ ვიცი, რატომ მოვხვდი მაგ სკოლაში, სახლიდან შორს იყო და დიდ მანძილს გავდიოდი ფეხით. სკოლის ეზოდან რიონამდე კიბე ჩადიოდა.
ცელქი ვიყავი, გაკვეთილებიდან ხშირად ვიპარებოდი საბანაოდ, რა თქმა უნდა, ბიჭებთან ერთად. ქალის მდინარეში ბანაობა მიუღებელი საქციელი იყო.
ისიც მახსოვს, საკლასო ოთახის ფანჯრებიდან რომ ვუყურებდით, ალპინისტივით როგორ ავიდა ერთი კაცი ეკლესიის გუმბათზე და ჯვარი გადახერხა.
ეს ის დრო იყო, ეკლესიები საწყობებად რომ ჰქონდათ ქცეული, მოქმედ ტაძრებში კი სიარული იკრძალებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ჩემს ყოფილ სკოლაში ეპისკოპოსის რეზიდენციაა განთავსებული. ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა აღდგა, რაც ძალიან მახარებს და ტურისტი კიბით ავა თუ ლიფტით დასათვალიერებლად, ეს მეორეხარისხოვანია. მომწონს ჩვენს ხალხს პატრიარქის პატივისცემა და რიდი რომ აქვს. პატრიარქი ბავშვებს რომ ნათლავს და ქართველები მრავლდებიან, ეს საქმეც ძალიან მაიმედებს.
1954 წელს რეზო ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწორედ სტუდენტობის წლებში შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი:
„ტარიელ კვანჭილაშვილმა და ნოდარ ჩხეიძემ მოთხრობები მომიწონეს, ოთხი აარჩიეს და „პირველი სხივის” რედაქტორს, ბესო ჟღენტს მიუტანეს.
თან, შეთანხმდნენ, ბესოს არაფერი ვუთხრათ, არ შევუქოთ, თორემ არ დაბეჭდავსო;
არც ვაძაგოთ, რომ არ გვისაყვედუროს, თუ არ ვარგოდა, რას მოგქონდათო. მოკლედ, უსიტყვოდ გადასცეს. იმედი ჰქონდათ, თუ ხმას არ ამოიღებდნენ, ორს მაინც დაბეჭდავდა.
დილით, უნივერსიტეტში მოსულ რედაქტორს უთქვამს, ოთხივე გავა მომავალ ნომერშიო.
რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, თუმცა უფრო მეტად გაუხარდათ.”
სტუდენტობის დასასრული 60-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა.
ცვლილებების, საინტერესო აღმოჩენების, მოდური ტრენდების, მოკლედ რომ ვთქვათ, კულტურულ-სოციალური რევოლუციის ხანა იდგა.
სსრკ-ის საზღვრებში მართალია ნელი ტემპითა და მცირე დოზით, მაგრამ მაინც აღწევდა სიახლე: „აღწევდა ევროპიდან რუსეთში, მოსკოვიდან და პეტერბურგიდან საქართველოში.
60-იანები გარდატეხის წლები იყო, რომელთან შეგუებაც უფროს თაობას, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა, მათ ახალგაზრდების სითამამე და სილაღე აღიზიანებდათ. მაგნიტოფონები გაჩნდა, ახლებური მუსიკა შემოვიდა. მერე თანდათან გზებიც გაიხსნა. სხვადასხვა დაჯგუფებები იქმნებოდა: იყვნენ „სტილიაგები”, ჩემო ბატონო; „სპორტსმენები”, „ლოთები” თავისთავად… „ლიტერატორებიც” ვიყავით…”
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?