36 წლის ზაირა გ-ს გაუპატიურებისა და სასტიკი წამებისთვის მალხაზ ს-ს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. როგორც გამოძიებით გაირკვა, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში საყვარლები იყვნენ. ანუ, მათი ურთიერთობა წარსული იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ საყვარელზე შური დის გამო იძია.
ვიდრე გაირკვეოდა, რა მოხდა რეალურად, გამოძიება სრულიად სხვა მიმართულებით წარიმართა. სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ საქმე ეხებოდა ეჭვიანობას. კერძოდ იმას, რომ ოჯახის შექმნის მიუხედავად, მალხაზ ს-ს ზაირა მაინც უყვარდა, სხვა კაცთან ურთიერთობის გამო კი ეჭვიანობდა და შური ამიტომ იძია.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებს ამ ვერსიისკენ თავად დაზარალებულმაც უბიძგა. მიუხედავად იმისა, რომ ქალს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, მან დუმილის უფლება გამოიყენა, რითაც გამოძიებას ვერსია გაუმყარა.
თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მიზეზი არა სიყვარული, არამედ რევანში იყო და არა მხოლოდ ბრალდებულის, თვით დაზარალებულის მხრიდან. კაცმა თუ შური დის ოჯახის დანგრევის გამო იძია, ქალმა მას წარსულში მიყენებული ტკივილი არ აპატია.
მალხაზ ს-მ და ზაირა გ-მ რაიონში ერთი სკოლა დაამთავრეს. ზაირა მალხაზის უმცროსი დის - ხათუნას თანაკლასელი იყო და მათი სახლის ხშირი სტუმარი გახლდათ. წლების განმავლობაში იმდენად დაახლოვდნენ, რომ მათი ურთიერთობა თბილისში, სტუდენტობის პერიოდშიც გაგრძელდა.
მეტიც, მალხაზის და – ხათუნა ქირით ზაირასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ამ წლებში გოგონებს ჯარში მყოფი მალხაზი ხშირად აკითხავდა.
ერთ ღამეს კი ყველაფერი შეიცვალა – მალხაზსა და ზაირას შორის ინტიმური კავშირი დამყარდა. ამის შემდეგ, თითქმის სამი წელი წყვილს ურთიერთობა არ გაუწყვეტია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზაირა დაფეხმძიმდა, მაგრამ ვინაიდან გამოსავალი ვერ იპოვეს, ორსულობა არა ქორწინებით, არამედ აბორტით დასრულდა.
ზაირა გ-ს თქმით, აბორტის შემდეგ მათი შეხვედრები, ფაქტობრივად, დასრულდა. მალხაზი ყველანაირად ცდილობდა მის თავიდან მოცილებას და გასაბრაზებლად, მათთან სახლში, უკვე სხვა გოგონებთან ერთად მიდიოდა.
ზაირას თქმით, სხვა გზა არ დარჩა, იძულებული გახდა, მომხდარი მალხაზის დისთვის, ხათუნასთვის მოეთხრო, მაგრამ ხათუნამ ეს ამბავი თავიდან არ დაიჯერა, შემდეგ კი თავი შორს დაიჭირა, რომ მათ საქმეში არ ერეოდა და ვერც ჩაერეოდა, რადგან მის მშობლებს ეს ამბავი რომ გაეგოთ, მასაც და მის ძმასაც სოფელში წაიყვანდნენ.
ამიტომ, მეგობარს ურჩია მისი ძმისთვის დრო მიეცა, რადგან ის ცუდი ადამიანი არ იყო და აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
დაზარალებულის თქმით, რამდენიმე თვეში ხათუნა მისი ბინიდან გადავიდა, რადგან მშობლებმა და-ძმას ბინა უყიდეს, თანაც მათი ურთიერთობა გაფუჭდა და ცალ-ცალკე ცხოვრება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო.
მისივე თქმით, ის და ხათუნა ზოგჯერ ხვდებოდნენ კიდეც, რადგან საერთო მეგობრები ჰყავდათ და სხვანაირად არ გამოდიოდა. საბოლოოდ კი, სამი წლის ლოდინის შემდეგ მალხაზმა ცოლი მოიყვანა, რაც მისთვის უზარმაზარი დარტყმა იყო.
გაუპატიურებისა და წამების მიზეზი როგორც ზაირა გ-ს, ასევე ხათუნა ს-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ორივე მათგანს მეგობრული და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნიკოლოზ ბ-სთან. ბიჭი ორივესთან მეგობრობდა, მაგრამ აშკარა იყო - ნიკოლოზს ზაირა მოსწონდა. ის დიდხანს ცდილობდა ზაირას ყურადღების მიპყრობას, მაგრამ, რადგან მას მალხაზი უყვარდა, ნიკოლოზთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარი თქვა. ამით ისარგებლა ხათუნა ს-მ და იმდენი მოახერხა, საბოლოოდ, ყველაფერი ქორწინებით დასრულდა – ზაირას უარის შემდეგ, ნიკოლოზმა ხათუნა მოიყვანა ცოლად.
ზაირას ჩვენების მიხედვით, სწორედ ამავე პერიოდს დაემთხვა მალხაზის ქორწინებაც. პირველ ეტაპზე დარდს უმკლავდებოდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდა და და-ძმის საქციელის გამო ცუდ გზას დაადგა.
შედეგად, მისი თქმით, მამამისის ასაკის კაცთან გააბა რომანი, რომელმაც მალხაზის მსგავსად, ბოლოს მიატოვა.
ამის შემდეგ ის ცუდ წრეში მოხვდა და არც ნარკოტიკზე ამბობდა უარს. ზაირა გ-ს თქმით, ამ ყველაფერმა იმდენად გააბოროტა, გადაწყვიტა, და-ძმაზე შური ეძია. თუმცა, დაზარალებული თავად გახდა, რადგან მალხაზ ს-მ გააუპატიურა და სასტიკად სცემა.
შურისძიების მოტივით ზაირა გ-მ შემდეგი მოიმოქმედა. მის ერთ-ერთ საყვარელს ხათუნას ქმართან, ნიკოლოზთან დაარეკვინა და დაარწმუნა, რომ სტუდენტობისას ხათუნა მისი საყვარელი იყო, რასაც ოჯახის დანგრევა მოჰყვა.
მოგვიანებით, ზაირა გ-მ ხათუნას თავად განუცხადა, რომ მისი ქმარი საქმის კურსში თავად ჩააყენა. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდებოდა. დაემუქრა, რომ მასაც და მის ძმასაც ცხოვრებას ისე გაუმწარებდა, როგორც თავად გაუმწარეს.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ზაირა გახდა, დამ ძმას ამბავი მიუტანა. ამიტომ, ყოფილმა საყვარელმა მალხაზ ს-მ ზაირა, ფაქტობრივად, მოიტაცა, მოტყუებით მანქანაში ჩაისვა და ტყეში წაიყვანა. როგორც ზაირა ჩვენებაში აცხადებს, მალხაზმა ის ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სასტიკად აწამა – ჯერ დააბა და სცემა, შემდეგ კი თავის არეში ხის მორით რამდენიმე დაზიანება მიაყენა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი კი ტყეში მიატოვა, საიდანაც მისი გამოყვანა შემთხვევით, სანადიროდ მყოფმა მამაკაცებმა შეძლეს. ქალის ჩვენების მიხედვით, 18 საათი ხეზე იყო მიბმული, როგორ გადაურჩა სიკვდილს, ეს თავადაც უკვირდა. თუმცა, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად სამუდამოდ დაინვალიდდა.
სასამართლოზე მალხაზ ს-მ ზაირას ჩვენება დაადასტურა და აღიარა, რომ მან ზაირა გააუპატიურა და მიატოვა.
ვინაიდან სახეზე იყო გაუპატიურება და ადამიანის სასტიკი წამება, რასაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფდა, სასამართლომ გაითვალისწინა ყველა გარემოება და მალხაზ ს-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიერ
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მამამისზე შურისძიების მიზნით მოკლესო, ამბობენ“ - ბაია პატარაია ნიკო კვარაცხელიაზე
🔵ე.წ. კანონიერი ქურდების შვილების „გზას აცდენილი“ პროფესიები - სტილისტი, პოეტი, მომღერალი