Digest Logo

მძიმე 90-იანები, 22 წლის ასაკში დაოჯახება, განქორწინება და გერმანიაში ცხოვრება - ვახო ჩაჩანიძის უცნობი ამბები

1625136700
ვახო ჩაჩანიძე

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი მიშკა ხომ გახსოვთ? მისი ნამდვილი სახელი და გვარი კი ბევრმა არ იცის და მხოლოდ პერსონაჟით ცნობენ. ყველასთვის საყვარელი მსახიობი - ვახო ჩაჩანიძეა.

დღეს სწორედ მის უცნობ ამბებს გიამბობთ....

 

90-იანების მოგონება

სახლში ხელყუმბარა შემოვარდა, შვიდი ადამიანი დაიჭრა, ერთი ძალიან მძიმედ. ჩვენ მაშინვე ნუცუბიძეზე გავიხიზნეთ – მეორე სახლში.

ცამეტი წლის ვიყავი, არც ისე პატარა, მაგრამ რეალობას კარგად ვერ აღვიქვამდი. ტყვიების ქარ-ცეცხლში ვიყავით, მაგრამ ეს ჩვენთვის გასართობს ჰგავდა, „გილზებს“ დავდევდით. მალე აფხაზეთის ომი დაიწყო და ძალიან სწრაფად დავღვინდით.

უკვე „გილზებით“ კი აღარ ვთამაშობდით, ჭადრაკის სასახლეში მივედით და განვაცხადეთ, რომ ომში წასვლა გვინდოდა. მაშინ უკვე თოთხმეტი წლის ვიყავი. კიდევ კარგი, იქ ჭკუათმყოფელი ადამიანები შეგხვდნენ და გამოგვყარეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

10-წლიანი ცხოვრება გერმანიაში

1999 წელი იყო. სხვათა შორის, მარტო არ წავსულვარ – ცოლთან ერთად წავედი. ინსტიტუტი დავამთავრე, გერმანიაში წავედი და ცოლი მოვიყვანე. აქედან ერთად წავედით, მაგრამ მერე იქ ვიქორწინეთ.

არ ვიცი, რამდენად ადრეული ასაკია, 22 წელი. ჩემი ცოლი ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულია. საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის თბილისის დატოვება და დამოუკიდებლად უცხო ქვეყანაში წასვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამან უფრო დაგვაახლოვა, დაგვაკავშირა და დაგვაძმაკაცა.

ათი წელი ვიცხოვრე იქ. თავიდან უნივერსიტეტში ვსწავლობდი გერმანისტიკის ფაკულტეტზე, პარალელურად, ვმუშაობდი. შემდეგ მოვხვდი პანტომიმის თეატრში, რაც ძალიან ბევრ რაღაცაში დამეხმარა. მანამდე ცოტა მოუქნელი ვიყავი. ფაქტობრივად, პანტომიმამ გამხსნა. ზოგადად გერმანული ცხოვრება ძალიან განსხვავდება ქართულისგან. აბსოლუტურად სხვა რიტმია. საოცრად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ცხოვრება.

ჩემი სამივე შვილი გერმანიაში დაიბადა. მთელი ოჯახი იქ ვცხოვრობდით. მესამე შვილი – საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ნათლულია და ძალიან მიხარია.

სიყვარული

სხვათა შორის, ძალიან უცნაურად გავიცანით ერთმანეთი. ის პირდაპირ ჩემ სახლში მოვიდა. ჩემი დაბადების დღე იყო. ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. მეგობრებთან ერთად წამოვიდა. ფიქრობდა, რომ გზიდან თავის საქმეზე წავიდოდა, მაგრამ საბოლოოდ მეგობრებს აღარ აწყენინა და ცოტა ხნით ამოვიდა. ერთი სიტყვით, გავაღე კარი და დავრჩი კარში. დანახვისთანავე ძალიან მომეწონა. ერთად გადავიტანეთ ფინანსური კრიზისებიც და ნორმალურად რომ ვიყავით, ის პერიოდებიც. ვერაფრით ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ურთიერთობებს ასეთი სახის ყოველდღიური პრობლემები აფუჭებს. სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი კარგად იქნება.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული

კანადაში, რედლაინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმი – „ცუდი ხალხი?“, რამდენიმე ნომინაციაზე იყო წარდგენილი, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ შორის არიან ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორიაც, რომლებმაც კინოფესტივალზე „საუკეთესო მამაკაცი მსახიობისა“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობისთვის“ განკუთვნილი ჯილდოები მოიპოვეს.

საკუთარი თავის მიმართ ბრმად კრიტიკული არ ვარ და რეალურად, ბევრი შენიშვნა მაქვს. ამ ნომინაციას საერთოდ არ ველოდი. ვერ ვიტყვი, რომ პრიზებისა და ნომინაციებისადმი გამძაფრებული მოთხოვნილება მაქვს, მაგრამ სასიხარულოა, როცა ვგრძნობ, რამდენ ადამიანს გაუხარდა ეს ამბავი. მით უმეტეს, ჩემს კოლეგებს. არაერთმა მითხრა, ჩვენც მოგვეცა სტიმულიო და ამის მოსმენა ძალიან მიხაროდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ქორწინება 17 წლის ასაკში, 9 წლით უფროსი, ეჭვიანი მეუღლე, მამის გარდაცვალება და დაპატიმრებული შვილი - „ეკას“ პორტრეტი

სკანდალური ჭორები, 11-წლიანი ქორწინება, 3 შვილი და გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში - ზურაბ ჟვანიას პორტრეტი

პატიმრობა 17 წლის ასაკში, შვილის სუიციდი, კოლონიის დამლაგებლობაზე უარის თქმა და „ურჩი პატიმარი“ - „ერის სინდისის“ - მერაბ კოსტავას პორტრეტი