Digest Logo

რას წერდნენ ახალ წელზე ქართველი მწერლები

1609499256
აკაკი, ვაჟა, ილია

ახალი წელს თან ახლავს ძველი წლის შეჯამება და გეგემები მომავალი წლისთვის. ახლა საკუთარ ნააზრევებს  ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებენ. წინა საუკუნეში კი, გაზეთის ფურცლებზე ბეჭდავდნენ.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ქართველი მწერლების მოსაზრებებს ახალ წელზე.

ილია ჭავჭავაძე – „საახალწლოდ“

„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო“, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არარის განა? თუ ესეა, აბა ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად და მწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რაგზაა?

სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ – აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.“

ვაჟა-ფშაველა – „საახალწლო ფიქრები“


ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).

აკაკი წერეთელი – „ახალი წელიწადი“

„რატომ არის ყოველთვის და მუდამ სასიამოვნო ახალი წელიწადი? რატომ გვიხარია ყველას ახალი წლის დადგომა?

სულ უბრალო მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ადამიანი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის წარსულის და აწინდელი ცხოვრებისა და ამ თავის ცხოვრების გაუმჯობესობას, ყველა თავის სურვილთა და წადილითა სისრულეში მოყვანას შემდეგში, ახალი წელიწადის განმავლობაში მოელის.

გასაკვირველი ეს არის, რომ ეს იმედი თითქმის მუდამ უმტყუნდება ადამიანს. თავის წადილი და ნატვრა თითქმის არასოდეს, არც ერთს ახალი წლის განმავლობაში არ უსრულდება, მაგრამ იმის ბუნება იმნაირად არის გაჩენილი, რომ სასოწარკვეთილებაში არ ვარდება, მაინც კიდევ მოელის, უცდის, იმედოვნებს და შეჰხარის ყოველ ახალ წელიწადს.

და ეს იმედი, ეს რწმენა, რომ მომავალ წელს შეასრულებს იმას, რაც გასულში არ შეუსრულებია, ანუგეშებს, ამხნევებს, ენერგიას აძლევს ადამიანს; ეს იმედი არის კაცობრიობის წინ წამყენებელი, აღმძვრელი ძალა პროგრესისა, როგორც იტყვიან.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მეკვლედ მილიციაში, აკაკის ცხენი და დიუმას სიგელი

დასცინოდნენ, მამის მკვლელი სახლში შემოუშვიო - რა კავშირშია ლეილა აბაშიძე გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობასთან

ტირანზე შეყვარებული ქალები - ვინ იყო სტალინის უცნობი საყვარელი?