Digest Logo

როგორ გახდა ქართველი ობოლი ბავშვი ყველაზე ტიტულოვანი „კანონიერი ქურდი“

1613911061
ისტორია კანონიერ ქურდებზე

გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ცნობილი ქართველი კრიმინალის, ჭიჭიკო აფაქიძის, მეტსახელად „უთითოს“ ცხოვრებიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ტიტულოვანი „კანონიერი ქურდი“ გახდა.

პირველი სასჯელი

1899 წელს დაბადებული ჭიჭიკო აფაქიძე წარმოშობით სამეგრელოდან იყო და ბავშვობა სოფელ ბანძაში გაატარა, რომელიც მარტვილის რაიონში მდებარეობს. იქვე მიიღო დაწყებითი, შვიდწლიანი განათლება და 13 წლის ასაკში, ობლად დარჩენილი, ბათუმში გაიქცა. მშიერი ბავშვი მოჯამაგირედ დაუდგა ვინმე მუჰამედ აღას, რომელიც ეროვნებით თურქი იყო და ბათუმში, ქსოვილებით ვაჭრობდა. პატარა ჭიჭიკო მუშაობით წელში წყდებოდა, მაგრამ მაინც სულ მშიერი იყო. თურქი ვაჭარი მას მხოლოდ იმდენს უხდიდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. ორწლიანი მოჯამაგირეობის შემდეგ, პატარა ჭიჭიკო აფაქიძემ თურქ ვაჭარს ასი თუმანი (ათასი მანეთი) მოჰპარა მაღაზიიდან და გაიქცა. მაგრამ, ჭიჭიკო იმავე დღეს დააკავა თურქის პირადმა მცველმა ერთ-ერთ სასადილოში და აღას მიჰგვარა. გამძვინვარებულმა თურქმა ბავშვს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მოჰკვეთა.

15 წლის ჭიჭიკოს გული წაუვიდა. თურქმა იფიქრა, მოკვდაო და კვალის დაფარვის მიზნით, ჭიჭიკო აფაქიძე თურქებმა ზღვაში გადააგდეს. თუმცა, გულწასული ბავშვი „ღამის მეთევზემ“, მურმან კაკაბაძემ ამოიყვანა წყლიდან და სიკვდილს გადაარჩინა. მანვე უმკურნალა და ერთ თვეში, სრულიად გამოაჯანსაღა. თან, შეიფარა, მაგრამ ჭიჭიკო მხოლოდ ერთ თვეს გაჩერდა თავის მხსნელთან. შემდეგ გამოიპარა და თურქ აღას სახლში ჩუმად დაადგა. ერთ-ერთი დუქნიდან მოპარული დანა ჯერ მის პირად მცველს დაარტყა ზურგში, მერე, თავად აღას, ძილში ყელი გამოსჭრა. მიუხედავად ამისა, აღაც და მისი მცველიც გადარჩნენ, აფაქიძე კი სარფში დააკავეს და იმ დროს ამოიყვანეს ეტლის საბარგულიდან, თურქეთში რომ ცდილობდა გაპარვას. პატარა ჭიჭიკოს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვნობის გამო. ბავშვმა 3 წელი არასრულწლოვანთა საპყრობილეში გაატარა და 1917 წლის დეკემბერში, ბოლშევიკების მმართველობაში მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, გაათავისუფლეს ციხიდან.

სახალხო გვარდიელი

ბავშვთა საპყრობილეში ჭიჭიკო აფაქიძემ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა თანატოლებს შორის. აქვე შეარქვეს მას მეტსახელი – „უთითო“, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვა და „შავი სამყაროს“ არაერთი ავტორიტეტი უფრთხოდა მის ხსენებას. ციხიდან გათავისუფლებისას ჭიჭიკო მხოლოდ 17 წლის იყო. ერთ კვირაში 18 წელი შეუსრულდა და აჭარის სახალხო გვარდიაში ჩაეწერა, რომელიც ახალი შექმნილი იყო. გვარდიელებს ფორმასა და ცეცხლსასროლ იარაღს ურიგებდნენ. მათ მოვალეობაში კი ქუჩებში წესრიგის დაცვა და პატრულირება შედიოდა. ჭიჭიკომ გვარდიელთა შორის რამდენიმე თავზეხელაღებული ახალგაზრდა შეარჩია. მოელაპარაკა მათ და შეიარაღებული ბანდა ჩამოაყალიბა, რომელიც ჯერ კიდევ აჭარაში თავისუფლად მოვაჭრე თურქებს ძარცვავდა. ჭიჭიკოს შეიარაღებული ბანდიტები გარდა იმისა, რომ მუსრს ავლებდნენ თურქების მაღაზიებსა თუ კანტორებს (ოფისებს), საიდანაც საკმაოდ მსხვილი ალაფი მიჰქონდათ და ინაწილებდნენ, ასევე არც თურქულ გემებს სწყალობდნენ და ბათუმის პორტში, რეიდზე მდგომებს მოულოდნელად ესხმოდნენ თავს. 1918-1919 წლებში, ჭიჭიკომ და კამპანიამ 150 დანაშაული ჩაიდინა და თურქებს მილიონ მანეთზე მეტი ზარალი მიაყენა. 1919 წლის 20 დეკემბერს, ჭიჭიკოს ბანდამ თურქული იახტიდან 30 კილოგრამი ოქრო გაიტაცა, რომელიც მის მფლობელს, მუჰამედ აღას სამშობლოში უნდა წაეღო.

თავად აღა კი, რომელსაც ჭიჭიკო კარგა ხანს დაეძებდა, აფაქიძემ ექვსი ტყვიით დაცხრილა და ზღვაში გადააგდო. თუმცა, თურქი ვაჭარი იმავე „ღამის მეთევზემ“, მურმან კაკაბაძემ გადაარჩინა, ვინც ხუთი წლის წინ ჭიჭიკო იხსნა სიკვდილისგან. თურქი საავადმყოფოში მოათავსეს და ის უკვე მეორედ, სასწაულებრივად, გადაურჩა სიკვდილს. თუმცა, გაშიფრული სახალხო გვარდიელისა და მისი ბანდის მოხელთება ვერ მოხერხდა და როდესაც ჭიჭიკომ შეიტყო, რომ თურქი მეორედ გადაურჩა მის შურისძიებას, მეგობრებთან ერთად, საქართველოდან გაიქცა.
მოკვეთილი ენა

„უთითო“ და მისი ბანდა 1919-1925 წლებში რუსეთისა და უკრაინის შავიზღვისპირეთში მოღვაწეობდნენ და სისხლს უშრობდნენ ყველა ჯურის კომერსანტს, ნეპმანს თუ ბიზნესმენს. ქართველთა მოუხელთებელი შვიდეული ისე ეფექტურად მოქმედებდა, რომ მილიციისა და „ჩეკას“ თანამშრომლები ვერასგზით ვერ ახერხებდნენ მათ დაჭერას. თუმცა, 1925 წლის 18 ივლისს, ქალაქ სოჭის „ჩეკას“ სამმართველოში, ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ევგენი კარსინმა, მეტსახელად „კრაზანამ,“ „უთითო“ და მისი მეგობრები დააბეზღა და მათი ადგილსამყოფელი გათქვა. საქმე ის იყო, რომ „კრაზანას“ აფაქიძესთან ბანქოში 25 ათასი მანეთი ჰქონდა წაგებული, ვერ აბარებდა და ამ გზით სცადა თავის დაძვრენა. შვიდეული სოფელ პლასტუნკაში დააპატიმრეს, რომელიც სოჭში მდებარეობს და ქართველების დასახლებაა. ისინი გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, „უთითომ“ ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, 1929 წელს გაქცევა მოახერხა და სოჭში დაბრუნდა. „კრაზანას“ სახლში დაადგა, დაბეზღებისთვის ენა მოჰკვეთა და სოჭის „ჩეკას“ უფროსს, ემელიანოვს, გაუგზავნა. თავად კი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

უპრეცედენტო ძარცვა

სოჭის შურისძიების მერე, „უთითო“ მთელმა საბჭოთა კრიმინალურმა სამყარომ გაიცნო და პატივს სცემდა. ძებნაში მყოფი ჭიჭიკო აფაქიძე ტყუილად დროს არ კარგავდა – ქალაქ ლვოვში გადაინაცვლა და დასავლეთ უკრაინაში ისეთი კრიმინალური სტრუქტურა ჩამოაყალიბა, შიშის ზარს სცემდა მთელ უკრაინას. „უთითოს” ბანდიტები, ძირითადად, შეიარაღებული ძარცვით იყვნენ დაკავებული და მხოლოდ მდიდრებსა და სახელმწიფო საწარმოებს ერჩოდნენ. მათ დასაკავებლად, უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის საუკეთესო მილიციელთა ძალები იქნა მობილიზებული, მაგრამ ქართველის ბანდას ვერაფერი მოუხერხეს. 1934 წლის 20 ივლისს, ჭიჭიკო აფაქიძის ბანდამ კიევში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განკუთვნილი ხელფასებით დატვირთული ფურგონი გაძარცვა და მილიონ 206 ათასი მანეთი წაიღო. ეს იყო უპრეცედენტო ძარცვა საბჭოთა კავშირის ისტორიაში და თვით ლიონკა პანცელიევსა და მიშკა იაპონჩიკსაც კი არ ჩაუდენიათ ასეთი დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ მილიციამ შეიტყო, ეს დანაშაული „უთითომ” და მისმა ბანდამ ჩაიდინაო, მისი მოხელთება ვერ მოხერხდა და ჭიჭიკო აფაქიძეზე ნადირობა გრძელდებოდა.

სტატუსი – კანონიერი ქურდი

ჭიჭიკო აფაქიძემ კანონიერი ქურდის სტატუსი 1950 წელს, თავისი კრიმინალური მოღვაწეობიდან 35 წლის შემდეგ მოიპოვა. „უთითო” ამ დროს პერმის (ციმბირი) ¹31 შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდა სასჯელს ძარცვისთვის და 25 ივლისს, საკავშირო ქურდული „სხოდკის“ (შეკრების) გადაწყვეტილებით, კანონიერი ქურდი გახდა.
„უთითო” საბჭოთა კავშირის ყველაზე მხცოვანი და ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი იყო. ჭიჭიკო აფაქიძემ აღზარდა ისეთი იდეური კანონიერი ქურდები, როგორებიც იყვნენ: ვასია ბრილიანტი (ვლადიმირ ბაბუშკინი) და ზურა ქართველიშვილი.

ჭიჭიკო აფაქიძე, იგივე „უთითო“, 1985 წელს გარდაიცვალა და მისი სახელი ქურდულ სამყაროში დღემდე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი

თბილისში ძმამ ინვალიდ ძმას დაბადების დღეზე ყელი გამოჭრა