Digest Logo

როგორ ცდილობდა თვითმარქვია „კანონიერი ქურდი“ „ზონაზე“ „პალაჟენიის“ დაყენებას

1613976801
კრიმინალური ვტორიტეტი და ციხე

2002 წლის შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებამ „კანონიერ ქურდობასა“ თუ ე.წ. შავი სამყაროს წევრობაზე სასჯელი შემოიტანა, ციხეები „საინტერესო“ ადამიანებით გაივსო. 

საკმარისი გახლდათ, ვინმეს დაჭერა მოსურვებოდათ, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს მარტივად უმტკიცებდნენ და, რიგით მოქალაქეებს ვინ ჩივის, ამ ბრალდებით ციხეში პროკურორები, გამომძიებლები და ფეხბურთელებიც კი ხვდებოდნენ.

ალბათ, გახსოვთ გიორგი დემეტრაძის მაგალითი, როცა იგი ქურდული სამყაროს წევრობისთვის ჩასვეს ციხეში და, იმის მიუხედავად, რომ ცალკე ადვოკატებმა, ცალკე კი დემეტრაძემ ბევრი იძახეს, რა ქურდული სამყარო, კაცი მთელი ცხოვრება „ტრუსიკით“ დარბისო, არავინ დაუჯერა. მეორეს მხრივ, ამ კანონის შემოღებას სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან კანონიერი ქურდების გაქრობა მოჰყვა - მათ რიგით პატიმრებთან ერთად სასჯელის მოხდა აეკრძალათ და ყველას თავი მეშვიდე საპყრობილეში მოუყარეს.

გარდა ამისა, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, გააკონტროლოს, რომელიმე ახლადმოვლენილი კანონიერი ქურდი შემთხვევით ჩვეულებრივ ზონაზე არ შეეპაროს. ამიტომაც, ადრეც და ახლაც, ხელისუფლება მაქსიმალურ ინფორმაციას იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან იმის შესახებ, ვინ „აკურთხეს“ ქურდად და რამდენი ახალი წევრი შეემატა ე.წ. ქურდულ სამყაროს, თუმცა...

დღეს მოგიყვებით ამბავს პატიმრის დღიურიდან, რომელიც გაზეტ „ვერსიაში“ გამოქვეყნდა. მაშ ასე:

პატიმარის დღურები #0578

როცა გელა თოდუა რუსეთში დააკავეს და ქართულ მხარეს შეუთვალეს, თუ გინდა, კიდევ ერთ კანონიერ ქურდს ჩაგახუტებთო, ჩვენებმა სიხარულისგან ხტუნვა დაიწყეს. თოდუას ექსტრადიციას ის ვიდეოჩანაწერიც მოჰყვა, რომელშიც დაკავებული აღიარებს, რომ კანონიერი ქურდია. თოდუას რეისს სამართალდამცავები ზარზეიმით დახვდნენ, დაკითხვაზე კიდევ ერთხელ ათქმევინეს, რომ კანონიერი ქურდი იყო და მეშვიდე საპყრობილეში გაისტუმრეს... სამ თვეში, თოდუა რუსთავის #17 დაწესებულებაში მიიყვანეს და რიგით პატიმრებთან ერთად შეაგდეს. არადა, როცა ზონაზე ხმა გავრცელდა, მეშვიდედან მოჰყავთ პატიმარიო, ყველა გაინაბა. #0578 მაშინვე მაყურებლების კამერაში გაჩნდა და სთხოვა, ვინც უნდა იყოს, ვიდრე ხალხი დაესევა, მე უნდა ვნახო - ცოცხალი ქურდი ნანახი არ მყავს, მაგრამ მეეჭვება, ადმინისტრაციამ აქ ქურდი მოგვიყვანოს, რაღაცაშია საქმეო.

„გაუმარჯოს, ბიჭებს, მე გელა თოდუა ვარ, ქურდი... კანონიერი ქურდი“, - მაყურებლების კამერაში შესვლისთანავე თქვა თოდუამ და გაიღიმა.

პატიმარი #0578 შეცბა. ქურდი ცოტა სხვანაირად წარმოედგინა, დღედღეზე გლდანის „რეზბალნიცაზე“ ეტაპს ელოდა, ტარიელ ფოცხვერიას ნახვა აინტერესებდა და, თოდუას რომ შეხედა, ეს ინტერესი დაეკარგა. მაყურებლებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ნარზე დასვეს, კარი მიხურეს და მშვიდად ჰკითხეს: „თუ ქურდი ხარ, ზონაზე როგორ შემოგიშვეს?! მით უმეტეს, მეშვიდედან მოგიყვანეს და შემთხვევითობა გამორიცხულია“.

„რომ ვამბობ, ქურდი ვარ-მეთქი, ე.ი. ვარ. პალაჟენიას მოვიყვან აქ ერთ კვირაში, თავად ნახავთ“, - თქვა გელამ და ისევ გაიღიმა.

„არ ვიცი, ეს ქურდია თუ არიფი, მაგრამ გიჟების თვალები ნანახი მაქვს და გეუბნებით, არანორმალურია. რა ქურდი, რის ქურდი, შეხედე, რას ჰგავს?! საცინლად აგიგდებს მთელი ზონა, ამას რომ ქურდობა დააბრალო“, - ყურში უჩურჩულა #0578-მა მაყურებელს და აქ მოხდა ის, რამაც ყველაფერს ფარდა ახადა.

„ახლა კამერაში მაყურებლები ვართ, ეს ჩვენი ძმაა, არ შავობს, მაგრამ ძმა არის. ყურში ჩამჩურჩულა რაღაც მაშინ, როცა კამერაში, როგორც შენ ამბობ, ქურდია და ამაზე რეაქცია არ გქონდა ანუ გაატარე ის, რომ კამერაში რაღაცას გიმალავენ და ეს ელემენტარული წესი თუ გეშლება, რანაირი ქურდი ხარ?!“- ხმაში სიმკაცრე გაურია მაყურებელმა.
დანარჩენებმა წამოიწიეს, ცხადი გახდა, რომ თვითმარქვია ქურდს წიხლქვეშ გაიგდებდნენ, მაგრამ გელამ ისევ მშვიდად გაიღიმა და გაიმეორა: „ქურდი ვარ, ქურდი. ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!“

„სვაბოდაზე, წამალზე იჯექი?“ - მოულოდნელად ჰკითხა #0578მა.

„კი, წამალზე დამიჭირეს“, - ღიმილით თქვა გელამ.

„რას იკეთებდი?!“ - არ მოეშვა #0578.

„თავიდან სუფთა გერაინზე ვიჯექი, მერე ცოტა გაგვიჭირდა და რაც შეგვხვდებოდა, რა“, - ჩუმად თქვა „ქურდმა“.
„ანუ, ბოლოს, როცა გიჭირდათ, ძირითადად, ჯეფზე იჯექი, ხო?!“- დააკონკრეტებინა #0578მა.
„ჰო, ჯეფზე,“ - ისევ გაიღიმა გელამ.

„ახლა ხომ ხვდებით, რომ გარეკილი აქვს ჯეფისტებივით. შეეშვით, რა. ძაღლებმა ჭამეს, ქურდი ვარო, იძახდა და მეშვიდეში გააქანეს, იქ გაირკვა, რომ ჩვეულებრივი ნარკომანია, მაგრამ ქურდებმა რატომ არაფერი თქვეს ეს სამი თვე? - ვერ მიხვდებოდნენო, ამის მტკიცება სისულელეა, რაღაცაშია საქმე. ეგებ, მეშვიდეში როგორმე ან ხმა მივაწვდინოთ, ან ქსივა გავგზავნოთ“, - თქვა #0578მა.

„ქსივა კი გამომატანეს ისე, მაყურებელს მიეციო და სულ დამავიწყდა“, - ღიმილით თქვა გელამ და უკანა კბილზე ძაფით მიბმული და გადაყლაპული „ქსივა“ პირიდან გამოიღო. მაყურებლებმა ცელოფანი შემოხსნეს და კითხვას შეუდგნენ.

„მაგ ბიჭს არაფერი დაუშავოთ, თავისიც ეყოფა. არ არის ცუდი გულის ბიჭი. რომ მოიყვანეს, მაშინვე ვისქესეთ, რომ ჭამეს ძაღლებმა და ჩვენც არაფერი გვითქვამს. აქ გასართობი არაფერია და კი გვართობდა ისტორიების მოყოლით. ბოლოს გაიგეს, ვინც იყო და თქვენსკენ გამოუშვეს. ეგებ, თავდაყირა დააყენოთ ხოლმე ხშირად, ჯეფისგან ტვინში დაგროვებული მარგანცოვკა ასე გაიწოვება, მაგრამ წლები უნდა“, - დაახლოებით, ასეთი იყო ქურდების მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი.

„ყველაფერი გასაგებია“, - შვებით ამოისუნთქა მაყურებელმა, მაგრამ ახალი პრობლემა წარმოიშვა: „მე სად ვწვები?!“ - იკითხა გელამ და ყველა მიხვდა, რომ „კანონიერი ქურდი“ მაყურებლების კამერაში დარჩენას ითხოვდა.

„მომისმინე, ძმა. აქ ახლა ასეთი სიტუაციაა, გადანაწილებული გვაქვს კაიბიჭებს კამერები, ამიტომ, შენ ჩვეულებრივ კამერაში უნდა იცხოვრო, პალაჟენია მოიყვანო, სხვაგვარად ზონას ვერ დავიჭერთ“, - უთხრა მაყურებელმა და გელაც დაეთანხმა.

მეორე დღეს მთელმა ზონამ იცოდა ეს ამბავი, მაგრამ მაყურებლის მითითებით, გელას ვერავინ უბედავდა, ეთქვა, ქურდი არ ხარო.

„ასე არ გამოვა, რა. გადაგვრია ამ შენმა ქურდმა, ყოველ საღამოს სისულელეებს გვებაზრება და თან გვეუბნება, შნირი მომიყვანეთ, მერგებაო. კაზიოლების კამერაში შნირების მეტი რა არის, მაგრამ პერსონალურად ამას შნირს ვერ ავუყვანთ, რა. რამე უთხარი, აღარ შეგვიძლია“, - ამდაგვარი ჩივილით მაყურებლის კამერას ხან რომელი პატიმარი შეაღებდა და ხან - რომელი, თუმცა გელასთვის რამის თქმას აზრი არ ჰქონდა და არ არსებობდა ქვეყანაზე ძალა, რომელიც დაუმტკიცებდა, რომ ქურდი არ იყო. თავდაყირა დაყენებაზე ხომ საერთოდ იშლებოდა, მე თქვენ გიჟი ხომ არ გგონივართო... არადა, გიჟი მართლა არ იყო.

„გელა, შენთან საქმე მაქვს, ქურდულს ეხება. თუ გცალია, ჩემთან ავიდეთ და ვიბაზროთ“, - შეაპარა ერთ დილით #0578-მა.

„ქურდულისთვის მე ყოველთვის მცალია“, - მშვიდად უთხრა გელამ და ორ წუთში ორივე #0578ის ნარზე ჩაის წრუპავდნენ და გულითადად საუბრობდნენ.

„რუსეთში რას აკეთებდი, ან ქურდად ვინ მოგნათლა, ან საერთოდ, რა პონტია, ამდენ ზონაზე ერთი ქურდი ხარ. თუ საიდუმლო არ არის, მომიყევი“, - სთხოვა #0578-მა.

„არა, რა საიდუმლო - ვიპარავდი რუსეთში, ძირითადად, ბინებზე ვმუშაობდი. მერე წამალზე შევჯექი და დამერხა, რა. ნათლობას რაც შეეხება, სამი სული ქურდი იყო. ხომ ხედავ, ქურდული ვარსკვლავებიც მაქვს, რუსეთში გამიკეთეს. აქედან რომ გავალ, ისევ იქ წავალ და აქ ჩამომსვლელის დედაც, რა. ზონა კიდევ ქურდებმა მომიგვარეს, მიდი, მიხედეო და ვხედავ, რა“, - გაეღიმა გელას და უცებ პატიმარი #0578 შეცბა.

„რა მოხდა?“ - ჰკითხა გელამ.

„რა მოხდა?! მოხდა რამე?“ - კითხვა დაუბრუნა #0578მა.

„არა, არაფერი, სახე შეგეცვალა“, - მშვიდად თქვა გელამ და კამერიდან გავიდა.

„დამიჯერე, აზრზეა უკვე მოსული, ახლა ნაღდად გვეკაიფება ჩვენ. შენ, მე, ყველას, რა. გაუარა იმ ჯეფისტობის სიგიჟემ, ჩვეულებრივი, აზრზე მოსული ტიპია, თვალებში ეტყობა, თვალები არასოდეს ტყუის, აღარ აქვს ის თვალები, ადრე რომ ჰქონდა, დამიჯერე, რა“, - #0578 მაყურებლების კამერაში იყო და ლამის ყვიროდა.

„შენ რა გაახურე ამ თვალებით, რომელი შეყვარებული შენ ხარ, მაგის თვალებს რომ აკვირდები. შეეშვი რა, გიჟია“, - ხელი აიქნია მაყურებელმა.

„რა გიჟი, ბიჭო? რომ მოიყვანეს, ორ კვირაში ერთხელ ბანაობდა, ახლა ყოველდღე აბანოშია, წვერსაც ხშირად იპარსავს, თავს უვლის ტიპი, დაჭკვიანდა, გაიგე, რომ დაჭკვიანდა“, - არ მოეშვა #0578.
„კარგი, დავუშვათ, დაჭკვიანდა. მერე რა მაგით?!“ - შეეპასუხა მაყურებელი.

„რა და, ამ სიგიჟის გამო, ეგ კაცი ძველ ზონაზეც გადადის და კრიტის ზონაზეც, კაციშვილი არ ეხება. შენც კი გადადიხარ ხოლმე, მაგრამ ეგ კვირაში ერთხელაა. ჰოდა, მოიყვანე, დაისვი, აუხსენი და ატაროს ქსივები აქეთიქეთ, მაგის გიჟობას სხვა ვერაფერში გამოიყენებ“, - ურჩია #0578მა და ზუსტად ათ წუთში გელა თოდუა მაყურებლების კამერაში გამართულად საუბრობდა.

„პრობლემა არაა, ძმაო, ყველაფერს ვიზამ, ოღონდ არ უნდა გაბაზრდეს. ამის კამერაშივე მივხვდი, რომ დავიწვი, მაგრამ არ შევიმჩნიე. თვალებში მაშტერდებოდა და ეს სიგიჟე თვალებიდან გამქრალია უკვე. ახლა რომ ვიხსენებ, რას ვაკეთებდი, მაგრად მრცხვენია, მაგრამ ჯეფის ბრალია, მაგის მომგონს არ ენახოს ჯეფის მეტი არაფერი“, - იღიმოდა გელა.

მაყურებლების ქსივები სამ ზონას შორის გელამ კარგა ხანს ატარა. ყველას ისევ ჯეფისგან შეშლილი ეგონა, სინამდვილეში კი, ზონიდან ზონაზე მის „ბოდიალზე“ ბევრი რამ იყო დამოკიდებული...

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე

შვილის აყვანა, 3-თვიანი დაშორება და შერიგება - აკაკი გოგიჩაიშვილის ოჯახური ამბები

სკოლის მერხიდან დაწყებული სიყვარულის ისტორია - ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური ამბები