Digest Logo

„სანაიას მკვლელი“ და გივი თარგამაძის „აფეთქების“ ორგანიზატორი - ჭიჭიაშვილის გაუხმაურებელი ისტორიები

1612284819
ჭიჭიაშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარ კონსტანტინე ციხისთავის მონათხრობს ავრცელებს.

ციხისთავის განცხადებით, გიორგი სანაია ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა.

„რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში, სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის ციხისთავი კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს.

კონსტანტინე ციხისთავი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია.

გიორგი სანაიას მკვლელობისთვის სასჯელი გრიგოლ ხურცილავამ, იგივე „გრიცკომ“ მოიხადა.

„ეგ „გრიცკო“, ვინც აიღო თავის თავზე, ჩვეულებრივი საქმეების მომცემი იყო. საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და პანკისის ბანდას იქიდან გვაწვდიდა ინფორმაციას უცხოელების გადაადგილების შესახებ. ეს ადვილი გადასამოწმებელია იმით, რომ მაშინაც მორიგე იყო, როცა ის ორი ესპანელი გავიტაცეთ. მაგან აიღო თავის თავზე. ვალი ჰქონდა გადასახდელი. სინამდვილეში ჭიჭიაშვილმა მოკლა სანაია.

ბაკურაძე, თამაზაშვილი - ყველაფერი მაგათგან მოდიოდა. პროდასავლური ხელისუფლების და მათი მომხრეების, ყველას მოშორება უნდოდათ“, - ამბობს კონსტანტინე ციხისთავი.

ციხისთავი ირწმუნება, რომ მაშინდელმა მთავრობამ ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი გააყალბა.

„ის რაც კასეტაზე იყო, წინასწარ გადაგვაღებინეს, ეგეც მაღალჩინოსნების დავალებით. ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი რომ ყოფილიყო, თითქოს პანკისის შესახებ კასეტა ჩაუვარდა ხელში და მოკლეს“, - აცხადებს ციხისთავი.

გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა და პასუხისგებაში გრიგოლ ხურცილავა მისცა.

2003 წლის 9 ივლისს, სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა.

რაც შეეხება შოთა ჭიჭიაშვილს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, 28 წლის შოთა ჭიჭიაშვილზე ეროვნული მასშტაბით ძებნა 1997 წლიდან იყო გამოცხადებული, 2000 წლიდან კი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ამ დროისათვის მას უკვე ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი.

გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება.

ჭიჭიაშვილი 2003 წელს მოსკოვში დააკავეს და მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა.

2005 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჭიჭიაშვილი დამნაშავედ სცნო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში.

მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია.

სასამართლომ ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა.

2013 წელს ის ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

„სანაიას საქმე, ღმერთმა აცხონოს გიორგი, უფრო მომავალი „ნაცების" ამბავი იყო. შევარდნაძისთვის ძირი რომ გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი“,- აცხადებს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული ჭიჭიაშვილი.

ჭიჭიაშვილი, ჟურნალისტის მკვლელობის მიზეზს, პანკისში გადაღებულ მაღალჩინოსნების მამხილებელ კასეტას საეჭვოდ მიიჩნევს.

ჭიჭიაშვილის გარდაცვალება

2 ოქტომბერს, უკრაინაში შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. ჭიჭიაშვილი 2000-იან წლების საქართველოში ხშირად ნომერ პირველ ტერორისტად მოიხსენიებოდა.

არსებული ინფორმაციით, 1990-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილი, გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გაირიცხა. ჭიჭიაშვილის დედა წარმოშობით ქისტია, პანკისის რაიონის სოფელ დუისიდან. სპეცრაზმიდან დათხოვნის შემდეგ ჭიჭიაშვილი საცხოვრებლად პანკისის ხეობაში გადავიდა.

ამ დროიდან ჭიჭიაშვილი მოზრდილ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ჭიჭიაშვილის ჯგუფი ადამიანის გატაცებითა და იარაღის უკანანო ვაჭრობით იყო დაკავებული.

სხვადასხვა ინფორმაციით, ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაშიც. ჭიჭიაშვილს ახლო კავშირი ჰქონდა იმ დროს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფებებთან.

ჭიჭიაშვილის სახელი და გვარი გაისმა 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამოხებასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

2001 წელს ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

ორი წლის შემდეგ ჭიჭიაშვილი მოსკოვში დააპატიმრეს. მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილს ჩეჩენი ბოევიკის რუსლან გელაევში გაცვლას ითხოვდა, რომელიც იმ დროისთვის პანკისის ხეობას აფარებდა თავს.

სწორედ ჭიჭიაშვილი სახელებდა გივი თარგამაძის აფეთქების საქმის ერთ-ერთ ორგანიზატორად. დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქეს.

დეპუტატმა, მისი აფეთქების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. თარგამიძის ინფორმაციით, მისი აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დიმიტრი აბრამიშვილი შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და მასთან ერთად აფეთქების საქმეში ჭიჭიაშვილიც მონაწილეობდა.

როგორც ჭიჭიაშვილის მკვლელობის ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, ჭიჭიაშვილის თან აღმოაჩნდა უკრაინის მოქალაქის პასპორტი, რომელიც მიხაილო სტაშენკოს სახელზეა გაცემული. დოკუმენტში საცხოვრებელ ადგილად კიევია მითითებული. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი.

საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევთან ახლოს მოკლეს.

ჭიჭიაშვილის ლიკვიდაცია სპეცოპერაციას მოჰყვა, რომლის მიზანიც მისი დაკავება იყო. მას ორი პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

ქართველი, ნახევრად ქრისტიანი ჯიჰადისტის, „წითური გენერლის“ გაუხმაურებელი ისტორიები

შვილის „სიკვდილით“ შეშინებული „მამიდა“, მისი საუნიდან გამქრალი კაცი და სხვა ამბები როენა ხუცურაულის შესახებ