მომღერალი თემურ წიკლაური თითქმის ნახევარი საუკუნე სცენაზე იდგა. ამ ხნის განმავლობაში მას 200-ზე მეტი სიმღერა აქვს შესრულებილი და რამდენიმე მიუზიკლშიც უთამაშია.
თემურ წიკლაურის მტკიცე ხმის უკან დიდი ტრაგედია იმალებოდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ იცის, რომ მას 5 წლის შვილი გიორგი წიკლაური გარდაეცვალა.
აი, როგორ იხსენებდა მაშინდელ ტრაგედიას „ივერიის“ სოლისტი:
„1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი ბიჭო, შენ იციო!
შვილის სიკვდილის შემდეგ მისი სულის ძებნა დავიწყე. ყველგან ვეძებდი – დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. წავიკითხე ყველაფერი: ბუდიზმი, დაოიზმი, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი… მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა… ღმერთს აქვს ნათქვამი - „გსჯი რამეთუ მიყვარხარო“... აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის...
იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი… მაშინ მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა, ჩაბარება არ არის საჭირო, ხმლით უნდა გაეგებო…“, - ამბობდა წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომღერალს კიდევ ერთი შვილი, ქეთი ჰყავდა, რომელთანაც განსაკუთრებული, თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
„მამას როცა ქუჩაში ცნობენ და მის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, სიხარულით გიჟდება. სხვათაშორის, თემური მომღერლობასთან ერთად სერიოზული კულინარიცაა. საჭმელებს იგონებს კიდეც. ქეიფის მოყვარულიცაა, ორმოცი წელია, სულ ქეიფობს... ახლა უფრო ცდილობს შეისვენოს ხოლმე . „პახმელიაზე“ ცუდი ხასიათი არ აქვს, პირიქით, „პონჩიკივით“, „ბულოჩკასავით“ ხდება (იცინის)“, - ამბობს ქეთი წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.
თემურ წიკლაური თავის ერთადერთ შვილსა და შვილიშვილზე ამბობდა: ერთი შვილი დამრჩა - ქეთევან წიკლური. მღერის ძალიან კარგად. მყავს ერთი შვილიშვილი – ანდრეა გოგიბედაშვილი, რომელიც ძალიან გონიერი და ზრდილი ბავშვია. ვფიქრობდი რომ სოფლის ცოდნა აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ ქალაქშიც ძალიან ბევრი, ნიჭიერი, მშრომელი და საუკეთესო ბავშვი იზრდება. საუკეთესო თაობა მოდის! ჩემი შვილიშვილი მუსიკებს წერს და ერთმანეთთან ვმეგობრობთ...
შემოქმედებითი პროცესიდან თემურ წიკლაური „ივერიასთან“ თანამშრომლობას განსაკუთრებულს უწოდებდა.
„ანსამბლმა შექმნა 4 მიუზიკლი და ყველა მათგანისთვის მუსიკა ალექსანდრე ბასილაიამ დაწერა. ყველა იდეა და სცენარი კი ჯემალ ბაღაშვილს ეკუთვნის. „ივერია“ არის ჩემი ოჯახი და ყოველთვის ასე იქნება“,- აცხადებდა წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.
მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში, თუმცა ის მაინც „არწივად“ რჩება. თუმცა, მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო „ფიროსმანის“ როლი აღმოჩნდა. წიკლაურის „ფიროსმანი“ დღემდე მაყურებლისათვის ერთ–ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რჩება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცნობილი ადამიანების შემზარავი ტრაგედიები
საბჭოთა მაფიის შემქმნელი ქართველი ქალის ისტორია - ამბავი, რომელზე საუბარსაც ყველა გაურბის
ბულვარული ამბები:
როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან
ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები