დარწმუნებული ვარ, მერი შერვაშიძის არისტოკრატულ სილამაზეზე, სათნოებაზე, მისით მოხიბლულ გალაკტიონზე ბევრი რამ წაგიკითხავთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც იმ ღამეს სანდომიან „თვალთა კვდომამ“ ვერ დაიტია.
ამ ბლოგში მერის ცხოვრების შესახებ გიამბობთ.
მერი (მარიამ) შერვაშიძე 1888 წელს, ბათუმში დაიბადა. მერის დედა, ნინო მხეიძე თავის ქმარზე 24 წლით უმცროსი იყო. 47 წლის პროკოფი შერვაშიძესა და 23 წლის ნინო მხეიძეს ხუთი შვილი შეეძინათ: მერი, ლევანი, ელენე, ანა და თამარი. მათგან სილამაზით გამორჩეულის ვინაობა, თავადაც იცით.
მერის ოჯახს ბათუმიდან საცხოვრებლად გადასვლა სანკტ-პეტერბურგში მოუწია. გამორჩეული სილამაზისა და არისტოკრატიული მანერების წყალობით მერი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა გახდა. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა იმ პერიოდის მოდურ ჟურნალებში.
მერის ნათესავის ბაბო დადიანის მოგონებებიდან:
„მერი იყო მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის, ღია თაფლისფერი თვალებით და წაბლისფერი თმით, ამასთანავე, საოცრად სათნო და მოკრძალებული“.
მერი შერვაშიძის სახე 500-მანეთიან კუპიურაზე
მანდილოსანთა გამოსახულებას ქართულ სახელმწიფო სიმბოლიკაში ყოველთვის საპატიო ადგილი ეკავა , მათ შორის ფულად ნიშნებზეც.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალთა როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისინი დამფუძნებელი კრების წევრებადაც აირჩიეს. 1921 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ეწერა:
„ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებით“.
1918 წლის ივნისში კი დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“, რომელიც უნდა გამხდარიყო ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსის გარანტი.
საქართველოს მთავრობამ 1919 წელს მიმოქცევაში გამოუშვა დროებითი ფულის ნიშნები (ბონები): 1, 3, 5, 10, 50, 100, 500 მანეთის ღირებულებით, რომლებსაც 1920-1921 წლებში დაემატა 1000 და 5000-მანეთიანები. მათი ესკიზების ავტორები იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი (1880-1957), დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) და ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938).
მანდილოსნის პორტრეტი მხოლოდ 500-მანეთიან ბონის კუპიურას ამშვენებდა. იგი დაბრძანებულია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით ნაგებ პომპეზურ თაღში მდგარ ჩუქურთმებით დამშვენებულ საკარცხულში. მანდილოსნისგან მარცხნივ წარმოდგენილია საბრძოლო შუბი, ხოლო მარჯვნივ - ოვალური ფარი.
ქალი გამოსახეს იმავე პერიოდში გამოშვებული ქართული საფოსტო მარკების ზოგიერთ სერიაზეც. მკვლევარ პაატა ნაცვლიშვილის ვარაუდით, „საფიქრებელია, რომ ეს ქალი საქართველოს სიმბოლოდ ჰქონდა წარმოდგენილი მარკების მხატვარს, დაახლოებით ისეთ სიმბოლოდ, როგორიც ცნობილი მარიანაა საფრანგეთის მარკებზე“. (მერი შერვაშიძე).
გალაკტიონი და მერი
„ის არასდროს ყოფილა გალაკტიონის და ვერც იქნებოდა, რადგან სხვა წრის ქალი იყო. გალაკტიონი მის წრეში ვერ შეაღწევდა ვერასდროს, მაგრამ ეს არ არის მთავარი... გალაკტიონს არც უცდია მასთან დაახლოება, არც სჭირდებოდა. მან მისგან მიიღო პოეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - შთაგონება… გალაკტიონმა მერი ნახა ქუთაისში, ჯვრისწერაზე. მერი მას საერთოდ არ იცნობდა“... - იხსენებდა მერი შერვაშიძის ნათესავი ბაბო დადიანი.
„მერი“:
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა“.
ამ ლექსიდან მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მერი იძულებით გაათხოვეს მამაკაცზე, რომელიც მას არ უყვარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისში მცხოვრები პაპუნა წერეთლისადმი 1974 წელს გამოგზავნილ წერილში მერის მიუწერია:
„გალაკტიონ ტაბიძეს მე პირადად არ ვიცნობდი. როდესაც 1918 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისში ჯვარი დავიწერე, უკვე საღამო ხანი იდგა, თუმცა ჯერ კიდევ ნათელი და შესანიშნავი ამინდი გახლდათ“.
გიგუშა ერისთავი და მერი
გიგუშა და მერი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ საიმპერატორო კარიდან, სადაც მერი სეფექალი, ხოლო გიგუშა - ფლიგელ-ადიუტანტი იყო. მათ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინება გადაწყვიტეს. ჯვარი ქუთაისში დაიწერეს.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიგუშა და მერი ემიგრაციაში გაემგზავრნენ. ისინი გზად შეჩერდნენ ისტანბულში, სადაც გამართულ სილამაზის კონკურსში მერის პრიზი გადაეცა. ცხოვრობდნენ პარიზში. პარიზელები განსაკუთრებით აფასებდნენ მერი შერვაშიძის ჩაცმის დახვეწილ სტილს და სილამაზის გადმოცემის მისეულ მანერას. მერი კოკო შანელის მუზაც გახლდათ ის იყო შანელის სახლისწამყვანი მოდელი.
გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია, მერი მეორედ აღარ გათხოვილა, სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში, ლატურის ქუჩაზე.
რეზო ჩხეიძის შეხვედრა მერისთან
„როდესაც მერი შერვაშიძის ოჯახი რუსეთში, მეფის კარზე იმყოფებოდა, რევოლუცია მოხდა, რის შემდეგაც ემიგრაციაში პარიზში წავიდნენ. ამიტომ როცა მე და რეზო თაბუკაშვილმა ვნახეთ, ის უკვე თავშესაფარში ცხოვრობდა.…
ამის შესახებ არ მიკითხავს, მაგრამ, ალბათ, გაუჭირდა ცხოვრება, ნათესავებიც გარდაეცვალა. თავშესაფარში მას ცალკე ოთახი ჰქონდა, მახსოვს, იქვე პირსაბანი ედგა. ის არაჩვეულებრივად კეთილშობილი და ლამაზი ქალბატონი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოც წელს იყო მიტანებული.
იყოთავმდაბალი, გადაჭარბებულად თვლიდა მისი სილამაზისადმი მონათზრობ ლეგენდებს. სდაოცრად სათნო ადამიანი იყო“, - იხსენებდა რეზო ჩხეიძე.
სიცოცხლის ბოლო წლები მერიმ მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი. ის იყო კეტილმოწყობილი ბინა, მას ჰყავდა 2 მოახლე. დრო და დრო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად მიდიოდა ბანქოს სათამაშოდ.
მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ჰუდებს შუა საუკუნეებში ბერები ატარებდნენ - რა დანიშნულება ჰქონდა ამ მოდურ ტრენდს
როგორ შეარცხვინა რუსი პატრიარქი ქართელმა პოლიგლოტმა
როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია