Digest Logo

„შენ მოკალი შენი შვილიო“! ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგო - ეკა ბეჟანიშვილის სისხლით მოპოვებული თავისუფლება

1617912022
ეკა ბეჟანიშვილი

1989 წელი... 9 აპრილი... დილის 4:00 საათი... რუსთაველის გამზირი სისხლით შეიმოსა, სისხლით რომელმაც ქვეყნის განვითარების ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა...

სისხლით მოვიპოვეთ ნანატრი თავის უფლება! 

თავისუფლების წყურვილმა შეიწირა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა სახელი ისტორიას შემორჩა. მათ საკუთარი სისხლით დაწერეს ისტორია.

„რაკი მათი გმირობა მხოლოდ ამბად გაგვიგია, ასე გვგონია, უჩვეულონი და განსაკუთრებულნი იყვნენ, შუბლზე გამორჩეულობის ბეჭედი ესვათ და სიცოცხლე არად უჩნდათ. ტყუილია. ეს ყველაფერი ჩვენივ მოგონილია. სინამდვილეში ჩვენებრ უბრალო ხალხი იყვნენ. ჩვენსავით სიცოცხლე ერჩივნათ სიკვდილს, ჩვენსავით ეშინოდათ ტკივილისა და ზოგჯერ ჩვენსავით ჭოჭმანობდნენ, მაგრამ რა ექნათ: საქართველოში დაიბადნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ“... - „ზებულონი“.

9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა.

მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედანიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა.

ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.

ეკა ბეჟანიშვილის სისხლით მოპოვებული თავისუფლება

ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ყველაზე პატარა მსხვერპლი აღმოჩნდა.

„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ – ეს ფრაზა ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და თავისი სახელი და გვარი მთელ საქართველოს სამუდამოდ დაამახსოვრა.

ტიბაანელი გოგონა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულ მიტინგებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული.

როგორც ეკას დედა, ლალი ყანჩაველი იხსენებს, გოგონა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ ეკა მასწავლებელთან დატოვა, იქიდან გოგონა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს – მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.

ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მას მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა. იგი საკუთარი შვილის დაკრძალვასაც არ დასწრებია.

პატარა გმირი გოგონას დედამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო – 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ-ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, რომელიც ეკა ბეჟანიშვილი იყო.

დედის, ლალი ყანჩაველის მოგონება

– ქალბატონო ლალი, იქნებ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?

- ეკა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. პატარაობიდან ძალიან მოსიყვარულე და ყველას მიმართ თბილი ბავშვი იყო, ყველას ეხმარებოდა, როგორც შეეძლო. მახსოვს, მის კლასელს ერთხელ თირკმელი ასტკივდა, ჩვენთან მოიყვანა, დედაჩემი მოგივლისო. ყოველდღე თავს ევლებოდა მეგობარს. ეზოში პატარა ბავშვები თამაშისას როცა დაისვრებოდნენ, სახლში ამოიყვანდა, დაბანდა და ეტყოდა - მეტი აღარ დაისვარო, დედიკოს დაუჯერეო. გაზაფხული უყვარდა ძალიან, ყველას ულოცავდა და პირველი იები თავის ახლობლებთან მიჰქონდა. სურათების გადაღება არ უყვარდა და მისი ბევრი ფოტო არ მაქვს.

– თქვენი ოჯახიდან ეკას გარდა რუსთაველის გამზირზე აქციებზე ვინმე დადიოდა?

- არა, მარტო ეკა იყო ბობოქარი… კლასელებთან ერთად დადიოდა. ბოლოს 34-ე აფთიაქში მუშაობდა ერთი ქალი და მის შვილთან ერთად იყო წასული, ეტყობა, აქციებზე გაიცნო. საბედნიეროდ, ის გადარჩა.

– აქციებზე რომ დადიოდა, იცოდით?

- აქციებზე რომ დადიოდა, ვიცოდი, მაგრამ ყოვლეთვის თავის დროზე ბრუნდებოდა სახლში, არასდროს იგვიანებდა. 8 აპრილს სახლში სტუმრები გვყავდა, ამიტომ მასწავლებელთან როცა დატოვა მამამისმა, უთხრა შენით წამოდიო. არ ვიცი, გაეთავისუფლა თუ გაუცდა ეკას გაკვეთილი, იქიდან წასულა აქციაზე. რვა საათი რომ გახდა, მე და ჩემი მეუღლე გამოვედით მოსაძებნად, ზოგმა კომაროვში მიგვასწავლა, ზოგმა ტელევიზიასთან, ყველაფერი მოვიარეთ, პარლამენტის წინაც ვიყავით და ვერსად ვიპოვეთ. ჩვენი ნაცნობები ბევრი იყვნენ აქციაზე, მათაც ვკითხეთ, მაგრამ ეკა არავის შეხვედროდა, მხოლოდ კლასელის დედას დაუნახავს, ისიც შვილს ეძებდა…

სახლში დავბრუნდით, იქნებ სახლშია-თქო, მაგარამ არ დაგვხვდა. ისევ აქციაზე წავედით. თან ჩემი მული და შვილი წავიყვანეთ. პარლამენტის წინ იმდენი ხალხი იყო შეკრებილი, ისეთი მუხტი და ენერგია სუფევდა… ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, ერთმანეთს უფრთხილდებოდა… მთელი ინტელიგენცია იქ იყო. შემდეგ კვლავ სახლში დავბრუნდით და ახლა მეუღლესთან ერთად წავედი რუსთაველზე ეკას მოსაძებნად. ტრიბუნასთან წერილიც გადავეცით, რომ გამოეცხადებინათ, ეკას მშობლები ეძებდნენ. შემდეგ პატრიარქიც გამოვიდა და დაიწყო არეულობა, ისიც ვერ გავიგე, გამოაცხადეს თუ არა.

– საფრთხეს არ ელოდით?

- არავინ ელოდა საფრთხეს, არავის ეგონა, რომ ტანკებითა და ორლესული ნიჩბებით გაუსწორდებოდნენ მშვიდობიან ხალხს. პატრიარქმა ხალხს სიტყვით როცა მიმართა, მაშინ გავიგეთ, რომ რაღაც საშიშროება არსებობდა… თუმცა იქ შეკრებილებს ასეთი საშინელი ფაქტის მოლოდინი არ ჰქონიათ. მოგვიანებით ერთმა ადამიანმა ისიც კი მითხრა - როგორ გაუშვი, შენ მოკალი შენი შვილიო! არა და, რუსთაველზე ისეთი ამაღლებული განწყობა იყო, იმდენი ადამიანი იყო შეკრებილი…

– ეკა არეულობის დაწყებამდე იპოვეთ?

- ჩემი მეუღლე ხალხის ტალღამ ქაშუეთის ეკლესიისკენ წაიღო… ეკა ბოლოს მაინც ვიპოვე, ხელი ჩავჭიდე და პატრიარქის სიტყვებს მონუსხულები ვუსმენდით. ირაკლი წერეთლმა „მამო ჩვენოს“ წაკითხვა რომ დაიწყო და ხალხი დაჩოქილი რომ ლოცულობდა, მერე უკვე აღარაფერი მახსოვს, ალყაში აღმოვჩდით. დაიწყო არეულობა. ნაძალადევიდან ყოფილა ერთი მილიციელი და იმას უთქვამს, ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით. მე მქონდა ქერად შეღებული თმა, ის ხუჭუჭა გოგო კიდევ ჩემი ეკა იყო.

– როგორც ვიცი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლები გქონდათ?

- იმ დღიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღმიდგა მეხსიერება. მე ჩემი შვილის დასაფლავება არ მინახავს, გათიშული ვიყავი, არც ის ვიცოდი, ცოცხალი მყავდა თუ მკვდარი. ყველა მიმალავდა სიმართლეს. 7 დღე საავადმყოფოში ვიყავი, გადასხმებს მიკეთებდნენ. ისეთ მდგომარეობაში მივუყვანივართ საავადმყოფოში, 80 წლის მოხუცს ჰგავდიო… სამი დღე მეძებდნენ, გაუჭირდათ ჩემი პოვნა, ახლობელმა მიცნო. შემდეგ გადამიყვანეს ნევროლოგიურ კლინიკაში. მარცხენა ხელი ისე მქონდა მოტეხილი, მოკვეთას მიპირებდნენ, მარჯვენა ფეხიც დაზიანებული მქონდა, მაგრამ მისი აღდგენის იმედი ჰქონდათ. გერმანიაში სისხლი 3-ჯერ გამომიცვალეს.

– რამდენი ხნის შემდეგ გაიგეთ ეკას ამბავი?

- ოდესმე ხომ უნდა ეთქვათ. ჩემი უფროსი შვილი ერთხელ მოვიდა საავადმყოფოში, შავი სამოსი ეცვა, ახალი ფეხსაცმელი მაჩვენა და მითხრა, მამიკომ მიყიდაო. მე ვუთხარი, შენ რად გინდოდა, ეკასთვის ეყიდა-მეთქი… ეკასაც ვუყიდეთო, ქეთიმ მითხრა, და იმის შემდეგ აღარ მოსულა ჩემ სანახავად. ჩემი მეუღლე როცა მოვიკითხე, მითხრეს, მივლინებაში გაუშვესო. არავის არ შეეძლო ჩემთან მოსვლა და იმის თქმა, რაც ეკას დაემართა. ხშირად ვკითხულობდი ეკას, ხან რას მეუბნებოდნენ და ხან რას. ბოლოს მითხრეს, ტიბაანშია წასულიო. ეკა სხვანირად თბილი ბავში იყო, მას რომ სცოდნოდა ცუდად ვიყავი, ფეხშიშველი ჩამოვიდოდა სოფლიდან. ამიტომ ეჭვი გამიჩნდა. გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ დედაჩემმა მითხრა, რაც მოხდა. იმდენად მოულოდნელი იყო, ისეთი დღეში ჩავვარდი, 23 ნემსი გამიკეთეს დასამშვიდებლად, მაგრამ მაინც ვერ გამთიშეს. ოჯახის წევრები მარტო არ მტოვებდნენ, ჩემ საწოლთან ჩემი და და მული, ასე ვთქვათ, მორიგეობდნენ. თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. ერთ ღამეს მეექვსე სართულიდან გადმოხტომა გადავწყვიტე, მაგრამ საწოლიდან რომ ავდექი, გაეღვიძათ, თორემ ახლა ჩემ შვილთან ერთად ვიქნებოდი…

გერმანიაში სამკურნალოდ როცა წამიყვანეს, იქ დამესიზმრა ეკა. მითხრა, მაპატიე, მე ხომ არ ვაგვინებდი არასდროს, მაპატიე მაშინ რომ დავაგვიანე სახლში მოსვლაო, ახლა თბილისში დაგელოდებიო. არაფერს ვნატრობ, გარდა იმისა, რომ მისი მოფერება ისევ მაგრძნობინოს რამემ. სულ იმაზე ვფიქრობ, ეკას როცა ვნახავ, რა უნდა ვუთხრა. მინდა როცა შევხვდები, ვუთხრა, რომ საქართველო ძლიერი და ისეთია, როგორზეც შენ ოცნებობდი-მეთქი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული ქართველი ქალები

ურთიერთობა ტრანსგენდერთან, ჯადოების კეთება და მისი მკვლელობის მცდელობა - შორენა თეთრუაშვილის სკანდალები

„კაბა და საცვალი სისხლიანი ჰქონდა, გოგო ტიროდა, ეგონა მოკვდებოდა“... - 10 წლის გოგოს გაუხმაურებული ამბავი