1979 წლის 1 ივლისს ერთ-ერთმა დამსვენებელმა კუს ტბის ფსკერზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. 20 წლის კობა კაშია ყვინთვის მოყვარული იყო და სწორედ ჩაყვინთვისას წააწყდა ტბის შუაგულში მამაკაცის გვამს, რომელსაც ფეხებზე ორი ცალი 32-32-კილოგრამიანი გირი ჰქონდა გამობმული.
დამხრჩვალს საზაფხულო ტანსაცმელი ეცვა და თან არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. მას მერე, რაც შემთხვევის ადგილზე მილიცია და კრიმინალისტები მყვინთავებთან ერთად მივიდნენ, ცხედარი წყლიდან ამოიღეს და პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაიტანეს.
ქალაქ თბილისის პროკურატურაში კი სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მამაკაცი მოეკლათ და კვალის დაკარგვის მიზნით წყალში ჩაეგდოთ. მართალია, მას სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა, მაგრამ ექსპერტებმა მის ორგანიზმში „თაგვის წამლის“ კვალი აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მამაკაცი ჯერ მოწამლეს, ხოლო შემდეგ წყალში ჩააგდეს. განხორციელდა ცხედრის იდენტიფიკაცია და გაირკვა, რომ კუს ტბის ფსკერზე ნაპოვნი მამაკაცი 34 წლის ინჟინერი, პეტრე გურული იყო. ის ერთი კვირის წინ, 25 ივნისს გაუჩინარდა და ეძებდნენ.
გამოძიების ვერსია
ინჟინერი პეტრე გურული, ეგრეთ წოდებული, გასაიდუმლოებული ავიაინჟინერი იყო და ძირითადად, მოსკოვში მოღვაწეობდა. თუმცა, 1979 წლის დასაწყისში პროფესორ შალვა გუმბარიძესთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თბილისში გამოაგზავნეს ერთი წლით, რათა მათ 31-ე საავიაციო ქარხანაში უახლესი სამხედრო თვითმფრინავის „სუ 25-ის“ წარმოება აეწყოთ. პროფესორი შალვა გუმბარიძე საბჭოთა სამხედრო ავიამშენებლობის ასად ითვლებოდა და კოლეგებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო.
თავად გუმბარიძის გარდა, მხოლოდ გურული იყო ქართველი. დანარჩენი ხუთი კი – რუსი და ამ საავიაციო „შვიდკაცაზე“ დიდ იმედებს ამყარებდნენ. გაუჩინარებულ ინჟინერს „კაგებე“ ეძებდა და მისი მკვლელობის გამოძიებასაც ეს უწყება შეუდგა. საქმეს პოდპოლკოვნიკი მერაბ ქურციკიძე იძიებდა. მისი ვერსიით, გურული ვიღაც ნაცნობმა (ახლობელმა თუ არა) „თაგვის წამლით“ მოწამლა. შემდგომ კი (სავარაუდოდ, ღამით) კუს ტბაზე მანქანით აიყვანა, ფეხებზე გირები გამოაბა და წყალში ჩააგდო. ქურციკიძე შურისძიებას ან სხვა მოტივს გამორიცხავდა და ინჟინრის მკვლელობას მის საქმიანობას, ანუ ავიამშენებლობას უკავშირებდა.
ამიტომ, პოდპოლკოვნიკის ღრმა რწმენით, მკვლელი გურულის კოლეგებში, მის ახლო გარემოცვაში უნდა ეძებნათ და კონტრდაზვერვა საქმიანობას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ „შვიდკაცას“ ყველა წევრი უშიშროების მიერ მრავალგზის იყო შემოწმებული, პირველ რიგში, მათი გადამოწმება დაიწყეს და ამას ფარულად, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე აკეთებდნენ.
პროფესორის მონათხრობი
პეტრე გურული მოსკოვში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. მისი კოლეგები უკლებლივ დაესწრნენ სამგლოვიარო ცერემონიას და კოლეგას დასტიროდნენ. პროფესორმა გუმბარიძემ კი სასაფლაოზე გამოსათხოვებელი სიტყვა წარმოთქვა. 20 ივლისს „შვიდკაცას“ ხუთი წევრი დილის რეისით ჩამოფრინდა მოსკოვიდან თბილისში და სამდღიანი არყოფნის შემდეგ სამუშაოები განაახლეს. პროფესორი შალვა გუმბარიძე კი საღამოს რეისით დაბრუნდა თბილისში და როდესაც ის ავტოსადგომზე გაჩერებულ თავის „ვოლგას“ მიადგა, რომ სახლში წასულიყო, პოდპოლკოვნიკი მერაბ ქურციკიძე მიუახლოვდა და უთხრა:
– აქეთ მობრძანდით, პროფესორო, ჩვენ წაგიყვანთ.
გუმბარიძე მორჩილად გაჰყვა ქურციკიძეს, ისე, რომ პოდპოლკოვნიკისთვის არაფერი უკითხავს. თუმცა პროფესორს ფერი ჰქონდა დაკარგული და წარბი უთამაშებდა. გუმბარიძე „კაგებეს“ შენობაში ისე მიიყვანეს, კრინტიც არ დაუძრავს. ხოლო როდესაც 60 წლის მეცნიერი ქურციკიძის კაბინეტში სკამზე დასვეს, პოდპოლკოვნიკმა მას უთხრა:
– სანამ მოსკოვში იმყოფებოდით, დავადგინეთ, რომ გურულს თქვენი კუთვნილი გირები ჰქონდა ფეხებზე გამობმული. თქვენს ბინაში თაგვის წამალსაც მივაგენით, რომელიც გურულს სასმელში შეურიეთ და მოწამლეთ. კუს ტბაზე კი თქვენი „ვოლგის“ პროტექტორების კვალიც აღმოვაჩინეთ. გისმენთ, პროფესორო, უამბეთ, რატომ მოკალით თქვენი კოლეგა.
გუმბარიძემ ამოიხვნეშა და თქვა:
– მე უკვე სამი წელია, „ცეერუზე“ ვმუშაობ. თავად დავუკავშირდი მათ და ჩვენი თვითმფრინავების უახლესი ნიმუშების მონაცემებს ვაწვდიდი. მიზეზი კი შურისძიებაა. ომის შემდეგ მე ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროში ვმუშაობდი. შემოწმების მიზნით „ენკავედეში“ დამიბარეს და იცით, რატომ მცემეს ისე, რომ სისხლს ვშარდავდი?
იმიტომ რომ კრეტინმა გამომძიებელმა შარი მომდო, ელბაზე რომ ამერიკელებს შეხვდი, გამორიცხული არაა, მათ შეეკარი და გამოტყდიო. სამი დღე ჯოჯოხეთში ვიმყოფებოდი და თავად ტუპოლევს რომ არ გამოვეყვანე, სული გამძვრებოდა. მას მერე შურისძიების სურვილით ვიყავი შეპყრობილი. ამ სამი წლის წინ კი ამერიკის საელჩოს მანქანაში, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე იდგა, წერილი ჩავაგდე და სწრაფად წავედი.
წერილში ჩემი მონაცემები იყო მითითებული, ამასთან, სურვილს გამოვთქვამდი, რომ მათთან თანამშრომლობა მინდოდა. „ცეერუ“ თავად დამიკავშირდა და მათზე დავიწყე მუშაობა. 1 ივლისს ჩემს კაბინეტში საიდუმლო საბუთებს ფოტოს ვუღებდი. წესით, მარტო უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პეტრე დაბრუნდა, რადგან უჯრაში დისშვილისთვის ნაყიდი ფრანგული სუნამო დარჩა. ჩემს ოთახში სინათლე დაინახა, შემოვიდა და ასეთი საქმიანობის დროს წამასწრო, გაოცებული მიყურებდა და თვალებს არ უჯერებდა.
მე კი მას ვუთხარი, რომ დამლოდებოდა და ყველაფერს ავუხსნიდი. შემდგომ ჩემი „ვოლგით“ ჩემს სახლში, ვაკეში წავიყვანე, იქ ის „მიშიაკით“ მოვწამლე, რომელიც კონიაკში ჩავუყარე და დანარჩენი უკვე ისედაც იცით.
კონტრდაზვერვამ გუმბარიძეს ამერიკის ცრუმონაცემები გადააცემინა და ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში ატყუებდა „ცეერუს“. 1980 წლის 20 აპრილს კი პროფესორმა თავის კაბინეტში თავი ჩამოიხრჩო.
მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.
აგრეთვე წაიკითხეთ: