სექსუალური მოძალადე, რომელმაც თბილისში არაერთი ქალის გაუპატიურება სცადა, 23 წლის სპორტსმენი, ჯემალ ზოიძეა.
ის თბილისის ქუჩებში მსხვერპლს ირჩევდა, გაუპატიურებას კი სადარბაზოებში ცდილობდა.
ერთ-ერთი დაზარალებული „კურიერთან“ მომხდარის შესახებ იხსენებს.
ახალგაზრდა გოგონა ღამის საათებში სახლში ბრუნდებოდა, როცა უცნობი მამაკაცი ჯერ აედევნა, შემდეგ სადარბაზომდე მიჰყვა და სექსუალური ძალადობა სცადა. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა და ტერიტორიიდან მიიმალა.
შემთხვევიდან მესამე დღეს ჯემალ ზოიძე დაზარალებულს ისევ აედევნა. ამჯერად დღის საათებში. დიდი სტრესის მიუხედავად ძალადობის მსხვერპლმა დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო. ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი პოლიცია გამოიძახა და მოძალადე ადგილზე დააკავეს.
მას შემდეგ, რაც დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, გაირკვა, რომ 23 წლის ბიჭი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ერთდროულად რამდენიმე გოგომ ამხილა. პირველი ასეთი შეტყობინება განყოფილებაში მაისში შევიდა.
ახალგაზრდა გოგომ აღწერა, როგორ ცდილობდა მისთვის უცნობი მამაკაცი სადარბაზოში გაუპატიურებას და თან ფიზიკურად უსწორდებოდა.
„კიბეზე ასვლისას მომესმა ფეხის ხმა. ვიფიქრე, რომ კორპუსის მაცხოვრებელი ამოდიოდა კიბეზე სწრაფი ნაბიჯით და გადავწყვიტე, გამეტარებინა. უეცრად მეცა, მომაწვა სხეულით. ზურგით მიმაბჯინა სადარბაზოს კედელთან. დამიწყო ხელით მოფერება. მაშინვე ხელი ვკარი და ძლიერად დავიყვირე,” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
მსგავსი ჩვენება პოლიციას ბევრი ჰქონდა.
შედგენილი იყო ფოტორობოტიც, მაგრამ გამოძიება დამნაშავის გამოკვეთას ვერ ახერხებდა. ვიდრე სექსუალურ მოძალადეს ეძებდნენ, დამნაშავე ჯემალ ზოიძე იმ დროს ბავშვებთან მუშაობდა.
როგორც ირკვევა, უკვე წლებია სპორტსმენია და ერთ-ერთ სპორტკომპლექსში არასრულწლოვნებს ავარჯიშებდა.
დაკავებულს მძიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ, თუმცა ის მკაცრი სასჯელისგან გათავისუფლდა.
პატიმრობაში მყოფი ზოიძე ციხიდან იძულებით მკურნალობაზე გაუშვეს. მას 1 წელში ყველანაირი პასუხისმგებლობა მოხსნილი ექნება.
საეჭვოა სამედიცინო დასკვნაც, სადაც დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა. უცნობია, როგორ მუშაობდა პირი ბავშვებთან, რომელიც ფსიქიკური პრობლემების გამო სხვადასხვა მსხვერპლზე სისტემატურად, სექსუალურად ძალადობდა. დაკავებულის ოჯახის წევრებს ამ დანაშაულზე საუბარი უჭირთ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ქართველი, ნახევრად ქრისტიანი ჯიჰადისტის, „წითური გენერლის“ გაუხმაურებელი ისტორიები
„სანაიას მკვლელი“ და გივი თარგამაძის „აფეთქების“ ორგანიზატორი - ჭიჭიაშვილის გაუხმაურებელი ისტორიები