2019 წლის 16 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში 30 წლის მამაკაცმა, ილგარ ნასიბოვმა მეუღლე ქამრით გაგუდა, შემდეგ ცხედარი პოლიციაში მიასვენა და თავადაც ბრალის აღიარებით პოლიციას ჩაბარდა.
სოფელში მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
მერიის წარმომადგენელი სოფელ ტალავერში ნოვრუზ აივაზოვი ამბობს, რომ მკვლელობა საღამო ხანს მოხდა. მოკლული ქალბატონი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.
ნოვრუზ აივაზოვი:
– მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ჩვენი სოფლის მკვიდრია, ეს ბიჭი ბოლო წლები ძირითადად ბაქოში იყო, იქ მაღაზიაში მუშაობდა და მისი მეუღლეც აზერბაიჯანელია. სამი შვილი ჰყავთ, როგორც ბიჭის ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი სულ 2 დღის ჩამოსულები იყვნენ.
იმ დღეს ილგარმა მეუღლეს უთხრა, რომ ნათესავის სახლში მიდიოდნენ სტუმრად, თავისი მამის ავტომანქანაში ჩაისვა და ერთად გავიდნენ სახლიდან. სახლში ილგარის მშობლები და ძმა ცხოვრობდნენ. ბავშვები მათთან დარჩნენ. მერე გზაში რა მოხდა და რაზე იჩხუბა ცოლ-ქმარმა, არ ვიცით.
მათი საცხოვრებელი სახლიდან 2 კილომეტრშია სოფლის სასაფლაო და სწორედ იმ სასაფლაოსთან მოუკლავს. მერე ხალხისთვის უთქვამს, ის ჩემი შარვლის ქამრით მოვახრჩვეო. თურმე ძალიან აღელვებული ყოფილა და ამბობდა, არ ვიცი, ეს რატომ ჩავიდინე, იმ მომენტში რა დამემართაო.
ის აღიარებს დანაშაულს. ცოლ-ქმარი მარტო იყო და ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით აღიძრა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ცოლთან განშორება საყვარელი ქალის გამო და გეი კლუბში ვიზიტი - დათო გომართელის სკანდალები