Digest Logo

33 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული, გარდაცვლილი მეუღლე და 2 შვილი - საბედისწერო დღის მოუშუშებელი ტკივილი

1616917077
გელა დაიაური

2010 წლის 22 ივლისს, მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ – მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, როცა მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა.

ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი შვილები – ჯარჯი და დემეტრე.

თავად  გელა სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, თუმცა, მის ცხოვრებაში დიდი სიცარიელე და ტკივილი გაჩნდა.

გელა დაიაური: როგორც ყველა ბავშვი, მეც მეოცნებე ვიყავი, ცხოვრება ფერადი და ლამაზი წარმომედგინა. გაგიკვირდებათ და, მინდოდა გამომძიებელი ვყოფილიყავი და თან, კოსმონავტობაზეც ვფიქრობდი. ვოცნებობდი, საქართველოდან პირველი კოსმონავტი ვყოფილიყავი. ვერცერთი ოცნება ვერ ავიხდინე. მეოთხე კლასიდან შეყვარებული ვიყავი და ხშირად მიშტერდებოდა თვალები.
– რეალური სიყვარული რამდენი წლისას გეწვია და თეონას დანახვისას თუ გიშტერდებოდა თვალები?
– რეალური სიყვარული, თეონას სახით, 33 წლის ასაკში მეწვია. მას რომ თვალებში ვუყურებდი, დიდ სიყვარულს, სითბოს და იმედს ვხედავდი. უსიტყვოდ, თვალებით მიხსნიდა სიყვარულს. ის სიყვარული არასოდეს ნელდება. პირიქით, დღითი დღე მატულობს.
– ერთმა ტრაგიკულმა, საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა შენი ცხოვრება – ერთდროულად დაკარგე ყველაზე საყვარელი ადამიანები, დაიმსხვრა დიდი სიყვარული, ოცნებები და მომავალი... ალბათ, 22 ივლისი ყველაზე რთულად გასათენებელია შენთვის.
–მათ გარეშე ყველა ღამე რთულად გასათენებელია. ვცდილობ, იმ საბედისწერო დღეზე ნაკლებად ვიფიქრო და გავაანალიზო, რა მოხდა ჩემ თავს. ვერიდები იმ დღეზე ფიქრს, თუმცა ხშირად ვფიქრობ: რატომ მოხდა? რატომ მე?.. 22 ივლისიდან 22 ივლისამდე, წლიდან წლამდე სულ ფიქრში მივდივარ. ბედისწერისა რა გითხრათ, მაგრამ უფლის ნებაა ყველაფერი, მე ამის მჯერა. იმ დღეს ჩემთვის ცხოვრება, ყველაფერი დასრულდა და დარჩა დიდი სიცარიელე, რომლის ამოვსებასაც დრო ვერ შეძლებს და ის გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც კი არ ყუჩდება, დღითი-დღე იმატებს და აუტანელი ხდება. ის, ვინც ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო, ცდება... ეს სულელების ნათქვამია. ტკივილი ჩნდება გულში, მას ეჩვევი, არ ნელდება, მაგრამ სწავლობ მასთან ერთად ცხოვრებას. შეგუებული ხარ, რომ გულში უნდა გტკიოდეს და ამ ტკივილით იცხოვრო, სანამ პირში სული გიდგას. ტკივილს მერე უფრო განიცდი, როცა აანალიზებ, რა მოხდა შენს თავს.
– როგორ ფიქრობ, იმ დღის მერე, რამ გადაგარჩინა?
– სამი-ოთხი დღე აზრზე არ ვიყავი, ვერ გავიგე, რა მოხდა ვერ გავიაზრე. მერე იყო მეგობრების ყურადღება, ძმებისა და მეჯვარის გვერდით დგომა, უწმიდესთან შეხვედრა და მასთან საუბარი... მეორე მომენტი ის იყო, რომ სულის არსებობისა და სამოთხის მწამს. თუ ღმერთი არ გწამს და რწმენაში არ ხარ, ვერცერთ ტრაგედიას ვერ გადაიტან. ამან გადამარჩინა. თან, მთაში ბავშვობიდან მეტად გვაჩვევენ ტკივილთან შეგუებასა და გაჭირვებისთვის გაძლებას.
– ეს როგორ ხდება?
– ისე გზრდიან თავის მაგალითებზე, რომ სიმტკიცეს შეეჩვიო და მომავალში სიძნელეებისთვის მზად იყო. უყურებ, რომ ქმარი ცოლს არ ტირის გარდაცვალების მერე, დედა შვილს არ მიჰყვება საფლავში... დგანან მიცვალებულის წინ, სტკივათ, როგორ არ სტკივათ, მაგრამ არ ტირიან, უძლებენ.
– თუმცა, იმასაც ხომ ამბობენ, ძლიერი მამაკაცები ყველაზე მეტს ტირიანო?
– მაგალითად, მე იმდენად ძლიერი მამაკაცი ვარ, რომ ხშირად არა, მაგრამ მიტირია. კიდევ ვამბობ, იმ მომენტში გაიყინა ჩემი ცხოვრება, თუმცა სიცოცხლეს ვაგრძელებ. გონზე უნდა მოხვიდე და იცხოვრო იმ განცდითა და ტკივილით, სხვა გზა არაა. შენც იქით რომ წახვიდე, რას უშველი? ამიტომ, არ უნდა იარსებო, უნდა იცხოვრო. მეც ვმუშაობ, მათთვის ვლოცულობ და ვცდილობ, ჩემ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.
– სიზმრად თუ მოდიან პატარები და თეონა და თუ გაქვს შეგრძნება, რომ ისინი შენ გვერდით არიან?
– რასაკვირველია, ხშირად მიგრძნია მათი არსებობა ჩემ გვერდით, თუმცა, ამაზე არ მინდა საუბარი. სხვათა შორის, ბავშვებს ხშირად ვხედავ სიზმარში, ასაკის მიხედვით არიან გაზრდილები. 2 წელში დაიბადა ორივე. წელიწადი და ექვსი თვე იყო მათ ასაკში სხვაობა. 2 წელი და რვა თვე ვიყავით მე და თეონა ერთად და ამ პერიოდში, მთელი ცხოვრება ჩავატიეთ. თეონას კი ვერ აღვიქვამ რომ გარდაცვლილია. სიზმარში მგონია, სადღაც იყო, მოვიდა, მაგრამ დააგვიანა და ვსაყვედურობ ხოლმე. ამას წინათ გაბუტული ვნახე და ბიძაშვილს მოვუყევი. მითხრა: ალბათ, რაღაც დააშავე და ამიტომ გაგებუტაო. თითქოს, რეალური სიზმრებია და რომ ვიღვიძებ, განცდა მაქვს, რომ ისინი მთელი ღამე მართლა ჩემ გვერდით იყვნენ.


– ტრაგედიის მერე გავრცელდა ჭორები. ამბობდნენ, რომ სმას მიჰყავი ხელი. იმასაც ამბობდნენ, რომ თავის მოკვლა გინდოდა. იყო ეს მომენტები?
– არც სმა დამიწყია და არც თვითმკვლელობა მიცდია. უწმიდესმა ილია მეორემ იმიტომ მიმიღო, რომ უთხრეს თავის მოკვლა უნდაო. როცა შევედი, მითხრა: ასე ფიქრი და ასე ცხოვრება არ შეიძლებაო. მე ჩემს წარსულ ცხოვრებას გადავხედე და ვიფიქრე: ალბათ, ჩემს წარსულ ცოდვებზე მესაუბრება-მეთქი. მერე მიმანიშნა და მითხრა: მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თავის მოკვლა გინდოდა და ამიტომ დაგიბარეო. ახლობლებსაც ეშინოდათ და უკან დამდევდნენ. არადა, მართლმადიდებელი ვარ და ეს აზრადაც არ გამიფიქრია.
– მართალია, რომ პატრიარქმა, რაღაც პერიოდი, მის გვერდით ცხოვრება შემოგთავაზა?
– კი, მართალია. ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი მიმყვა და კურთხევა აიღო პატრიარქისგან, მონასტერსში წავსულიყავი. გულში ვფიქრობდი: ნეტავ არ დაეთანხმოს პატრიარქი-მეთქი. იმ ტრაგედიის დროს, ცოლ-შვილის გარდა ჩემი ახლობლებიც დაიღუპნენ და პატრიარქმა მითხრა: თუ გინდა, წადი სამძიმარზე და მერე მოდი და ჩემ გვერდით იყავიო. ვერ გავბედე მის გვერდით ცხოვრება და ვერც მონასტერში წავედი. ვფიქრობ, ძალიან სუფთა უნდა იყო, იქ რომ იცხოვრო.
– თეონას სიმღერებს დღესაც მღერიან, არ დაძველდა, არ გაიცვითა... თუმცა, მისნაირი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა განუმეორებელია და ის ისტორიას შემორჩა. დღეს თუ უსმენ მის სიმღერებს, თუ გიჭირს მისი ხმის გაგონება?
– თეონა ძალიან ნიჭიერი იყო. თერთმეტი საავტორო სიმღერა აქვს. თავად წერდა ტექსტსა და მუსიკას და თავად ასრულებდა. დღე არ გავა, მის ერთ სიმღერას არ მოვუსმინო და მისი ხმა არ გავიგო.

სხვათა შორის, სანამ არ დავოჯახდით, თეონა ჩუმად იყო, არ აჩენდა ხმას, არ უყვარდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვაძალებდი: უნდა გამოჩნდე-მეთქი და მეჩხუბებოდა, არ მინდაო. თუმცა, მისი განსხვავებული ხმის ტემბრი, შესრულების მანერა მართლაც უნიკალურია. ის ისტორიას შემორჩა და ჩემს გულშიც სამუდამოდ დარჩა. პატარა იყო ტანით და „კუნწულას“ ვეძახდი.

მოსწონდა და თავადაც ასე მეძახდა. ასე მგონია, რაც მეტს ვცოცხლობ, მის წილ წუთებს, წამებს, წლებს და დღეებს ვიპარავ, ასე მგონია, ჩვენი ერთად ყოფნის დრო ვერ გავანაწილე და დრო მოვპარე. მაგრამ მე რომ წავსულიყავი, იქაც ასე მარტო ვიქნებოდი, მის გარეშე. ერთი რამე ვიცი, აქაც და იქაც მის გარეშე ცარიელი ვარ, მაინც მეიმედება, ჩემი ერთადერთია, მიყვარს ჩემი კუნწულიკო გოგო. ვფიქრობ, ცოლ-ქმარი ერთად უნდა კვდებოდეს. ასეთი სიცოცხლე არ მინდოდა.

სახლში სურათებიც კი არ ჩამომიკიდია კედელზე, ტელეფონში მეყენა და ისიც წავშალე. ისეც მახსოვს ისინი და მეტად დატანჯვა აღარ მინდა. მტკივა, როცა მათ ვუყურებ. მხოლოდ, თეოს პირსახოცი დავიტოვე, დანარჩენი ყველაფერი, მისიც და ბავშვებისაც ეკლესიაში წავიღე. ბავშვების ნათლობის ჯვრები კი ნათლიებს დავუბრუნე. საფლავზეც რომ ავდივარ, ვხვდები, ის მათი სხეულია, მათი სულები კი, სულ ჩემ გვერდითაა.


ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობს გელა დაიაური, ცოლისა და 2 მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების შემდეგ

და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

პოეტის ცხოვრებაში მუცოს ტრაგედიამ, მეუღლისა და შვილების დაკარგვამ უკვალოდ არ ჩაიარა – მეთერთმეტე წელი გავიდა იმ დღიდან. ამბობს, რომ არის მიზეზები, რაც აძლებინებს ამ ცხოვრებაში.

– ლეგენდების და მისტიკურ მხარეში ცხოვრობდი, ხევსურეთში…

– ხევსურეთში, სოფელ მუცოში დავიბადე და გავიზარდე. მაგ დროს ქალები ქოხში მშობიარობდნენ და მეც ასე დავბადებულვარ. მესამე დედმამიშვილი და პირველი ბიჭი. მამას მუცელში დაურქმევია სახელი, ბიჭი იქნება და გელას დავარქმევო. ხევსურულად მგელიკა მქვია. სკოლა ხევსურეთში დავამთავრე. ბარისახოს სკოლა-ინტერნატი ერქვა მაშინ, ახლა სკოლა-პანსიონი ჰქვია. მუცოდან 60 კილომეტრში იყო. იქ ვცხოვრობდით, ვსწავლობდით.

სკოლის პერიოდში ძიუდოზე დავდიოდი და საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი, მაგრამ 15 წლის ასაკში ხელი დავიზიანე და ვეღარ გავაგრძელე ვარჯიში. თბილისის კომაროვის მათემატიკურ სკოლაში ჩავაბარე, მაგრამ არ მიმიღეს. როგორც თქვეს, ადგილები გაყიდული იყო თურმე.

ჩვენ 11 დედმამიშვილი ვიყავით… ორი გარდაცვლილი გვყავს. ახლა ცხრა და-ძმა ვართ. 6 ძმა და 3 და.

გასართობად ნაკლებად გვეცალა. 100 სულამდე საქონელი გვყავდა და შრომა არ გვაკლდა ოჯახში… თუ თავისუფალი დრო გვრჩებოდა, ვთევზაობდი კალმახზე და ჯიხვზე ვნადირობდი.

– ვინ დატოვა მაშინ შენ ცხოვრებაში საგრძნობი კვალი?

– ძალიან ბევრი კარგი ლექტორი იყო… ჩემი აზრით, ფილოლოგები გამორჩეული გულის და აზროვნების ადამიანები არიან.

პოეზიაში გაბრიელ ჯაბუშანურმა მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა. თან, როცა გავეცანი, უიმედოდ შეყვარებული ვიყავი და გაბრიელის პოეზიის განწყობაც დამემთხვა.

– შენი ცხოვრება, ვფიქრობ, პირობითად შეიძლება ორ პერიოდად დაიყოს – ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგ… რა შეიცვალა შენში მას შემდეგ?

-უნივერსიტეტის დამთავრების მერე მთაში დავბრუნდი. ქართულის პედაგოგი არ ჰყავდა შატილის სკოლა-პანსიონს. 10 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე იქ.

რაც შეეხება ტრაგედიას: ვფიქრობ, აღარ ვარ ის, ვინც ვიყავი. სიცოცხლის ხალისი დავკარგე. თითქოს გაუთენებელი ღამე ჩამოდგა სულში. ყველაფერი მიხაროდა და მახალისებდა… იმედიანად ვუყურებდი ცხოვრებას. ეს ყველაფერი ჩაკვდა ჩემში. ახლა თუ წავიღიღინებ ან თუ ლექსს წავიკითხავ, მეგობრების ხათრით და უხალისოდ. აი, ეს შეიცვალა ჩემში.

– როგორ ცხოვრობს გელა დაიაური კარანტინის პირობებში? როგორ იმოქმედა იზოლაციამ შემოქმედებითი თვალსაზრისით?

– უმთავრესად, სახლში ვარ. ჯერჯერობით გადავურჩი პანდემიას. შემოქმედითობაზე არ უნდა იმოქმედოს, ჩემი აზრით, ჩაკეტვამ.

ლექსის წერა არ არის პრაქტიკული საქმე ჩემთვის, როგორც, ვთქვათ, სახლის შენება. პოეტი მონადირეს მაგონებს, აფრინდება მუზა მწერი და უნდა მოასწრო მონადირება, თორემ მიფრინავს…

– „ჩემო ბულბულო“, – ლექსების ახალი, მესამე კრებული 2017 წელს, ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ დაიბეჭდა და ოჯახს მიეძღვნა…

– ბოლო წიგნი ოჯახს მივუძღვენი და ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა რედაქტირებაზე მუშაობა. მძიმე ლექსებია. ეს წიგნი არ მიყვარს და ამ თემებზე საუბარიც მიმძიმს…

– „სადღაც მელოდები, ვიცი, რომ შენი ლოცვის ძალა შენთან მომიყვანს“, – წერდი თეოს. რა არის ის ძალა, რომელიც ადამიანს აძლებინებს დიდი ტრაგედიის შემდეგ?

– გაძლების მიზეზებზე ხშირად მისაუბრია და გავიმეორებ: რწმენა, სიყვარული, მეგობრები და იმედი, რომ ოდესღაც ისევ შევხვდები იქ ჩემს ოჯახს!

– ამჟამად რას საქმიანობ?

-ამჟამად უმუშევარი ვარ, ერთი თვეა… ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში…


აგრეთვე წაიკითხეთ:

ქართველი დედა და მამინაცვალი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი და „საიდუმლო“ შვილები - პუტინის უცნობი ამბები

ცოლთან განშორება საყვარელი ქალის გამო და გეი კლუბში ვიზიტი - დათო გომართელის სკანდალები

ცოლს კლიტორი მოაჭრა, მისი საყვარელი კი იმპოტენტი გახადა - შურისმაძიებლის გაუხმაურებული ამბავი