Digest Logo

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია

1610353988
 გიორგი აბულაძის ტრაგედია

მოსკოვის ერთ-ერთ ავიალაინერში, 2013 წლის 2 ივნისს, თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიბმული ბიჭის გვამი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი, როგორც პასპორტიდან შეიტყვეს, 23 წლის ქუთაისელი გიორგი აბულაძე აღმოჩნდა. რომელსაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ გზით თურქეთიდან იტალიაში სურდა მოხვედრა. რა მოხდა რეალურად რუსული კომპანიის კუთვნილ თვითმფრინავში? როგორ შესძლო უბილეთო ქართველმა ანტალიის აეროპორტში შესვლა და ბორბალზე ქამრით სხეულის მიმაგრება ამაზე გარდაცვლილის მამა, კუკური აბულაძე „სარკესთან“ საურობს.

კუკური აბულაძეს, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. საქმე რუსეთის მხარემ გამოიძია, მაგრამ შვილმკვდარ მამას არ სჯერა იმ დასკვნის, რაც რუსმა სამართალდამცავებმა მიაწოდეს.

– რა მიზნით წავიდა თქვენი შვილი თურქეთში?

– გიორგიმ სხვა ქვეყანაში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ აქ სამსახური ვერ ნახა. 2 წელი სამხედრო მოსამსახურე იყო და თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ბაჩო ახალაიასგან “სამშობლოსათვის თავდადებულის” მედლითაც იყო დაჯილდოებული. გაურკვეველი მიზეზის გამო სამხედრო სამსახურიდან წამოვიდა.

– არ უთქვამს, რატომ წამოვიდა?

– გულჩათხრობილი ბიჭი იყო. მე და ჩემი მეუღლე გაშორებულები ვართ და დედის სითბოს მოკლებული ოჯახში არასოდეს საუბრობდა. თურქეთში წავიდა სამუშაოდ.

იქ ერთ-ერთ რესტორანში მომმარაგებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ანტალიაში გადავიდა, საერთაშორისო აეროპორტიდან ტურისტები მიჰყავდა სასტუმროებში, აბინავებდა.

– სად ნახეს გიორგის ცხედარი?

– ანტალიიდან თვითმფრინავი ეგვიპტეში გადაფრინდა, ეგვიპტიდან – საფრანგეთში, საფრანგეთიდან – იტალიაში, კიდევ იყო სხვა ქვეყნებიც. როცა რუსეთში ჩაფრინდა და საბარგული გააღეს, სისხლის წვეთები წამოსულა და იქვე, ბორბალზე მიკრული გაყინული გვამი უნახავთ. შორტი და მაისური ეცვა. შორტში საქართველოს პასპორტი ჰქონდა და აქედან მიხვდნენ, რომ ქართველი იყო.

ამ ტრაგედიის შესახებ 4 ივნისს მოსკოვის არხებმა გამოაცხადეს, მე კი 7-ში ქართული ტელეარხებიდან გავიგე. გიორგის დედა რუსეთში ცხოვრობს და 2 კვირის განმავლობაში მოსკოვის პროზექტურაში დასვენებულ გვამს არ აჩვენებდნენ. ეხვეწებოდა, ვნახო, მართლა ჩემი შვილი თუ არის, იქნებ უბრალოდ სახელი და გვარი ემთხვევაო, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ.

– ქართული მხარე რა კუთხით ჩაერთო ამ საქმეში?

– ქართული მხარე საერთოდ არ ჩაერთო. როცა გარდაცვალების შესახებ გავიგეთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, გადმოსვენების ხარჯებს ჩვენ, სახელმწიფო, დავფარავთო, მაგრამ სამი კვირა რუსეთის პროზექტურაში ისე ეგდო ჩემი შვილი, დედამისს ფული რომ არ ესესხა და ცხედარი საქართველოში არ გადმოესვენებინა, ახლაც იქ იქნებოდა.

– რას მოითხოვთ, ბატონო კუკური?

– მოვითხოვ, ავიაკომპანიის ყველა თანამშრომელი დაისაჯოს და რუსეთის ავიაკომპანიამ ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს. აეროპორტში დასაქმებული ყველა თანამშრომელი დასაჭერია. მე, უპატრონო კაცმა, შევძელი და დავადგინე, ვინ იყო პილოტი, მაგრამ ვის აინტერესებს ეს?

როგორ შეიძლება შეიპარო აეროპორტში? იქნებ 5 კილო ტროტილი ჰქონდა შეტანილი, ხომ ააფეთქებდა 500 ადამიანს ჰაერში?!

– გამოძიების დასრულების შემდეგ რუსეთიდან მიიღეთ პასუხი?

– კი, მივიღე და იქ ეწერა, ამ საქმეში არავის ბრალეულობა არ იკვეთება, არ ვიცით, ამ კაცმა თვითმფრინავამდე მისვლა და ჩუმად დამალვა როგორ შეძლოო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი ლეონიძეს და მის ცოლს ახლო ნათესაობა აკავშირებდათ - რას ჰყვებოდა აკრძალული სიყვარულის შესახებ გოგი ქავთარაძე

პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა

3 დღე მორგში ვიარე, რათა მოსწონებოდათ... - რას ჰყვება ქირურგი, რომელმაც „კანონიერ ქურდებს“ ოპერაცია გაუკეთა