1971 წლის 13 აპრილს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) თანამშრომლებმა აგენტურული მონაცემების საფუძველზე საკუთარ ბინაში 41 წლის „დომუშნიკი“ (ბინის ქურდი) საველი ევსეევი, მეტსახელად „ფორტოჩკა“ დააპატიმრეს.
ნაქურდალი ფულის დასტები
ჩხრეკვისას მას შვიდი დასტა ასმანეთიანები აღმოუჩინეს, რაც საერთო ჯამში, 70 ათასი მანეთი იყო. დაკითხვისას „ფორტოჩკამ“ აღიარა, რომ ეს ფული მან ერთ-ერთ მოსკოვურ ბინაში „სტუმრობისას“ მოიპარა და გამომძიებლებს მისამართიც დაუსახელა.
დაზარალებული მოსკოველი თაღლითი, 50 წლის გურგენ სტეპანიანი იყო, რომელსაც „მურში“ კარგად იცნობდნენ.
როდესაც ოპერები მას სახლში ეწვივნენ, გამოცდილი თაღლითი ყველაფერს მიხვდა.
მიმალვა სცადა და როდესაც მეშვიდე სართულის აივნიდან მეზობლის აივანზე გადადიოდა, სიჩქარეში ფეხი დაუცურდა, ქვევით ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. სტეპანიანის ბიოგრაფიიდან და მისი მოღვაწეობის სფეროდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ ძალოვნებს არაორდინარულ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.
ჩატარდა ამოღებული ფულის სკურპულოზური ექსპერტიზა და შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
აღმოჩნდა, რომ 70 ათასი მანეთის კუპიურები ყალბი იყო, თუმცა უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული.
მთავარი კი ის იყო, რომ ყალბი ფული „გოსზნაკის“ სპეციალურ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი. ამ ქაღალდის შოვნა კი გამორიცხული იყო და მას ლენინგრადის „გოსზნაკის“ ფაბრიკაში ამზადებდნენ, თანაც უმკაცრესი აღრიცხვით.
საქმე ყალბი ფულის დამზადების მუხლით აღიძრა და ის „კაგებეს“ გადაეცა.
დაწუნებული ქაღალდები
„კაგებეს“ საგამოძიებო ჯგუფი ლენინგრადის „გოსზნაკის“ ფაბრიკას ეწვია, სადაც ფულს ბეჭდავდნენ და დირექტორი დაჰკითხეს.
მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ფულის საბეჭდი ქაღალდის ფაბრიკიდან გატანა გამორიცხული იყო. თუმცა არსებობდა, ე.წ. დაწუნებული ქაღალდები, რომლის გატანაც, მართალია, შესაძლებელი კი იყო, მაგრამ მასზე ფულს ვერ დაბეჭდავდნენ.
– რატომ? – ჰკითხა დირექტორს პოდპოლკოვნიკმა რიბკინმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა.
– იმიტომ, ამხანაგო პოდოპოლკოვნიკო, რომ ძირითადად წუნიანი ქაღალდი საღებავითაა დასვრილი. საღებავიანზე
კი ფულს ვერ დაბეჭდავ და არანაირი ხსნარი არ არსებობს, რომ ის ქაღალდს მოაშორო. შეიძლება ეს მექანიკური გზით გაკეთდეს, მაგრამ ქაღალდი დაზიანდება და ბეჭდვისთვის მაინც უვარგისი გახდებაო.
გამოძიება დამუხრუჭდა. თუმცა, უშიშროებამ ფაბრიკის ყველა თანამშრომლის გადამოწმება დაიწყო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ფაბრიკაში ფარული მინიკამერები დააყენეს და ოცდაოთხი საათის განმავლობაში ყველაფერს ფირზე იღებდნენ.
თუმცა შედეგი ამანაც არ გამოიღო. არა და, ეჭვსაც არ იწვევდა ის ფაქტი, რომ ყალბი ფული „გოსზნაკის“ ფაბრიკიდან გამოტანილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და ბოროტმოქმედი შინაურებში უნდა ეძებნათ.
ფაბრიკის 300 თანამშრომლის გადამოწმებამაც ვერ მოიტანა შედეგი, ყველა მათგანი „სუფთა“ იყო. თუმცა, სამი თვის შემდეგ ერთ-ერთი კამერის ჩანაწერზე აღმოჩნდა, რომ ფაბრიკის მუშამ, 39 წლის ოლეგ კობცევმა ფარულად ათი დაწუნებული ქაღალდი გაიტანა ფაბრიკიდან.
კობცევს „კუდზე დაასხდნენ“ და ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. სამი დღის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ეჭვმიტანილმა მუშამ მოსკოვიდან თბილისში ამანათი გააგზავნა.
გზავნილი შეამოწმეს და მასში ფაბრიკიდან გამოტანილი წუნიანი ქაღალდები აღმოაჩინეს. ამანათი მოთხოვამდე, ვინმე პეტრე გურეშიძის სახელზე იყო გაგზავნილი და ადრესატს ის თბილისის ფოსტაში უნდა მოეთხოვა და მიეღო. „კაგებემ“ ამ კვალს მისდია და როდესაც ადრესატმა ამანათი მიიღო, მას უკვე თბილისში დაასხდნენ კუდზე.
გადაამოწმეს გურეშიძის პიროვნება და გაირკვა, რომ სინამდვილეში ის ვარლამ კოდუა იყო. გურეშიძის სახელზე გაცემული პასპორტი კი – ყალბი. კოდუა თბილისის 31-ე ქარხნის ინჟინერ-მექანიკოსი იყო და მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდა. შეისწავლეს მისი დოსიე, სამსახურებრივი დახასიათება და მას ხინჯი არ აღმოაჩნდა – კოდუა უმწიკვლო ადამიანად და უმაღლესი კვალიფიკაციის ინჟინრად მიიჩნეოდა.
ყალბი ფულის საბეჭდი საამქრო
ვარლამ კოდუა თბილისში, დიღმის მასივში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. „კაგებეს“ ოპერებმა ხუთდღიანი თვალთვალის შემდეგ კოდუას ბინის სარდაფი შეამოწმეს და იქ ფულის საბეჭდი დანადგარი, სპეციალური საღებავები და ლენინგრადის „გოსზნაკიდან“ გამოტანილი ქაღალდები აღმოაჩინეს. მათი ნაწილი გასუფთავებული იყო, ნაწილი კი – საღებავით დასვრილი, ანუ „წუნდებული“.
იქვე იპოვეს ასმანეთიანების 14 დასტა, რაც სულ 140 ათას მანეთს შეადგენდა.
კოდუა დააპატიმრეს, „კაგებეში“ დაჰკითხეს და მან ყველაფერი აღიარა.
როგორც გაირკვა, ქართველმა ინჟინერმა 31-ე ქარხანაში ნაწილ-ნაწილ ააწყო ფულის საბეჭდი დაზგა, რასაც 7 წელი მოუნდა და ასევე ნაწილ-ნაწილ მოახერხა მისი იქიდან გამოტანა. მისივე აღიარებით, დანაშაულებრივი სამკუთხედი – თვითონ, კობცევი და გარდაცვლილი სტეპანიანი – მის მიერ იყო ორგანიზებული.
ამ საქმეში ყველაზე კურიოზული ის იყო, თუ როგორ ახერხებდა ქართველი ინჟინერი წუნდებული ქაღალდიდან საღებავის მოშორებას ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
ამ ხერხმა გამომძიებლები გააოგნა. კოდუა „გოსზნაკის“ ქაღალდის დასვრილ ადგილებზე შესქელებულ შაქრიან წყალს უსვამდა. შემდეგ მათ ჭიანჭველებს მიუსევდა და ეს მშრომელი მწერები იუველური სიზუსტით, ყოველგვარი დაზიანების გარეშე აშორებდნენ საღებავს ქაღალდს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კოდუამ და კამპანიამ მხოლოდ 300 ათასი მანეთის გასაღება მოასწრეს. სასამართლომ კობცევს 10, ხოლო კოდუას კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ავადმყოფობა, „უმამობა“, „ექსტაზით სიკვდილი“, ძმასთან დაპირისპირება - მენრაბ ნინიძის პორტრეტი
3 ცოლი, დანგრეული ოჯახი, ალკოჰოლი, „ქუჩური ცხოვრება“ და მორჩილობა - „უძინართა მზის“ დათოს პორტრეტი
სროლაც არ შეგიძლიათ, თქვენი! - რა აღმოაჩინეს გეგა კობახიძის საკანში - უცნობი ამბები