Digest Logo

ავადმყოფობა, „უმამობა“, „ექსტაზით სიკვდილი“, ძმასთან დაპირისპირება - მერაბ ნინიძის პორტრეტი

1618761300
მერაბ ნინიძე

ვინ არის ის, ვინც საქართველოს სახელი უცხოურ კინემატოგრაფიაში გაიტანა? ვინ არის ის, ვინც ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობდა? ვინ არის ის, ვინ სერიალში McMafia მონაწილეობდა?  - მერაბ ნინიძე. დიახ, დღეს ამ ფენომენალური არტისტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ჩვენდა გასაოცრად, ქართველებმა, სიცოცხლეშივე დავაფასეთ, თუმცა ეს ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ნინიძე ევროპამ აღიარა. 

ბიოგრაფია

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.

მან ითამაშა რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III” პრინც ედვარდის როლი.

მერაბ ნინიძე თამაშობდა რუსთაველის თეატრის სცენაზე და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა....

აფიშებზე ყოველთვის ეწერა: „მერაბ, მიყვარხარ”!

მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში” შესრულებული თორნიკე არავიძის როლი იყო.

1992 წელს, საქართველოში მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, მერაბი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

მერაბმა პირველი ავსტრიული როლი გორან რეგიჩის „ჰუგოფილმში” შეასრულა. მანამდე კი იყო „კურდღლებზე ნადირობა,” „მთვარე მამა” , „ქარვის ამულეტი”.

მთავარი წარმატება მერაბს მოუტანა ფილმმა „არსად აფრიკაში”. ეს ფილმი 2003 წელს „ოსკარის” 75-ე დაჯილოდოების ცერემონიაზე გამოცხადდა, როგორც წლის საუკეთესო უცხოური ფილმი.

2011 წლის აპრილში ლეჩეს ევროპულ კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა საუკეთესო ევროპელი მსახიობის პრიზი მიიღო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, რობერტ ადრიან პეჟოს ფილმში „მკვლელი კამერა”.

ჰობი

„ყოველთვის მაინტერესებდა წერა, მაგრამ ახალგაზრდა რომ ვიყავი, უფრო მეტს ვწერდი, ვიდრე ახლა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვწერ. დავიწყე პიესებით. იქ მხოლოდ დიალოგია და მოქმედების აღწერა – ნაკლები.

მეც დავიწყე დიალოგების ფორმით რაღაცების ჩაწერა და პიესა გამოვიდა. ეს არ არის ლიტერატურა. ეს, ალბათ, უფრო ჩანახატებია კინოსთვის, თეატრისთვის.

მერე, ძალიან დიდი სწრაფვა მქონდა ენების მიმართ და ერთ დღესაც, გადავწყვიტე, თვითონ შემესწავლა. ეს ინტერესი გამიღვივა „ბითლზებმა”. რამდენიმე ფირფიტა მქონდა სახლში. ჩემთვის ყოველდღიურობაში მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მეგობრები ერთმანეთში ვცვლიდით ამ ფირფიტებს. მერე ვიღაცამ წამართვა, გამიტეხა, ვიღაცამ ცოლი მოიყვანა, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა გოგო...

მოკლედ, ამ მუსიკამ მიმიყვანა იქამდე, რომ მაინტერესებდა; რაზე მღერიან, რა არის მათ ტექსტებში და დედაჩემს ვთხოვე, ჩემთვის ინლისურის მასწავლებელი აეყვანა.

მომიყვანა მასწავლებელი, ქალბატონი ნუნუ ტორონჯაძე, რომელიც კვირაში ორჯერ მამეცადინებდა. მაგრამ, ეს იყო ძალიან მოკლე პერიოდი, ძირითადი საფუძველი მან მომცა, რა თქმა უნდა და დანარჩენი თვითონ გავაგრძელე. ა

მაშინ ისიც დამეხმარა, რომ 15 წლის ასაკში რუსთაველის თეატრთან ერთად ლონდონში მოვხვდი. მე ვუთარგმნიდი კახი კავსაძეს, კარლო საკანდელიძეს რაღაცებს კომუნიკაციისთვის.

იქიდან დაბრუნებულმა ინგლისურად წიგნების კითხვა და წერა დავიწყე. დღემდე ინგლისური ჩემი ყოველდღიური ენაა.

რაც შეეხება გერმანულს, პირველი წლები ძალიან გამიჭირდა. აბსოლუტურად სხვაა, როგორც კი ემოციური ხდები რაღაც სცენაში, იქ პირი არ გემორჩილება, თითქოს არ ჯდება სიტყვები.

ამაზე დამჭირდა დიდი ტრენინგი, რამაც შემდგომში უფრო მეტი სითამამე და თავისუფლება შემძინა. ადრე თუ დღეები მჭირდებოდა, რომ ტექსტს გავმკლავებოდი, ახლა ერთი შეხედვით შემიძლია, ავითვისო. თუმცა, გერმანული გრამატიკა არასდროს მისწავლია. საერთოდ, მე უკუღმა მივედი გერმანულ ენასთან – ჯერ ვთამაშობდი ზეპირად, ვიღაცის მიერ მომზადებულ ტექსტზე და მერე ვისწავლე.

ხანდახან ვფიქრობ: ღმერთო, რა სასჯელია, რატომ არ შეიძლება, ქართულად ვითამაშოთ ეს ყველაფერი-მეთქი. მაგრამ, მეორე მხრივ, არის ძალიან საინტერესო. რაღაც იცვლება შენში და როგორც მსახიობს, პროფესიონალს გხვეწავს.

ფრანგული ენაც ვიცი, მაგრამ ისე არა – რაღაცები მაქვს ფრანგულ ენაზე ნათამაშები, ერთი ორი როლი. თბილისში რომ ვცხოვრობდი, ფრანგულზე დავდიოდი. ბოლოს და ბოლოს, ამ ენებს ვსწავლობ, როგორც მუსიკალურ ნაწარმოებს, სმენით. დიდი ჯახირი ამისთვის არ მჭირდება.

ავადმყოფობა

როცა ლილიკო ნემსაძემ თავისი სიმღერა მაჩუქა, შიში მქონდა, როგორ ვიმღერებდი. მერე ნატო მეტონიძემ დამპატიჟა დუეტის ჩასაწერად, რაც ძალიან გამიხარდა. ბავშვობაში ერთი პერიოდი, სულ ავად ვიყავი, მაღალი სიცხეები მქონდა, 40-მდე. როცა ამხელა სიცხე გაქვს, ბოდავ, სულ მოჩვენებები გაქვს. მახსოვს ვიწექი და ჩემს თავს ვუმღეროდი, ვღიღინებდი, იმიტომ რომ, რაღაცების მეშინოდა.

ახლაც, ხანდახან მარტო ჩემთვის რომ ვმღერი, თითქოს რაღაცისგან მათავისუფლებს და სხვა სამყაროსთან მაკავშირებს, რაღაც არის მეტაფიზიკური ჩემთვის სიმღერაში. კარგად ვიმღერებ თუ ცუდად, ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინმე მამღერებს, ბედნიერი ვიქნები.

შეხვედრა სტივენ სპილბერგთან

ძალიან სასიამოვნო და საინტერესო, მაგრამ გასაიდუმლოებული იყო ჩემი შეხვედრა უდიდეს რეჟისორთან, სტივენ სპილბერგთან, იმიტომ რომ, დამირეკეს შაბათ დღეს. შაბათ დღეს კი, როგორც წესი, არავინ არავის ურეკავს საქმესთან დაკავშირებით, თუ მართლა რაღაც არ ხდება.

ყველა მსახიობისთვის ეს არის ანეკდოტივით, ტელეფონი რომ რეკავს და ერთმანეთს ეუბნებიან: ალბათ, სპილბერგი რეკავსო. დამირეკა მისმა პროდიუსერმა და მითხრა, რომ ორშაბათს ჩამოხვალ პარიზში, ერთი-ორი დღე გაჩერდები სასტუმროში და მერე ჩემთან და რეჟისორთან გექნება შეხვედრაო. წავედი.

რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ორგანიზებული. აეროპორტში დამხვდა მანქანა, წამიყვანეს სასტუმროში. ვიცი, ვის უნდა შევხვდე, მაგრამ ვიცი, რომ სერიოზული შეხვედრაა.

მოკლედ, შევხვდი სპილბერგს. გავოცდი, ყველაფერი იცოდა საქართველოს შესახებ. არაფერი არ უნდა ამეხსნა მისთვის: საიდან ვარ, ვინ არის ქართველი? გელაპარაკება როგორც დიდი ხნის ნაცნობი და მეგობარი.

მერე მითხრა, რომ „არსად აფრიკაში” ნახა ორჯერ, ერთხელ ხმით, მეორედ უხმოდ. ხმა გამორთო, იმიტომ რომ, აინტერესებდა, ფიზიკა როგორ მუშაობს, რა მოსდის თვალში... ბევრი კომპლიმენტიც მითხრა, მკითხა ვლაპარაკობ თუ არა ივრითზე.

როცა ევროპაში ჩამოდის, ფილმებს, რომელსაც უყურებს კინოაკადემიაში და მოსწონს, უნდა რომ მასში მონაწილე მსახიობები პირადად გაიცნოს.

ასეთი პრინციპი აქვს. მე მასთან არ მიმუშავია, მაგრამ, როდესაც ვშორდებოდით ერთმანეთს, ვუთხარი: არ ვიცი, ამ ჩვენს შეხვედრას რა მოჰყვება, მაგრამ, რაც არ უნდა მოჰყვეს, ეს შეხვედრა უკვე ჩემთვის ძალიან დიდი რამ არის და ის ფაქტი, რომ თქვენ ევროპაში ჩამოდიხართ, უყურებთ ჩემს ფილმებს, მაკვირდებით როგორ ვმუშაობ, საფუძველს მაძლევს, უკეთესად ვიმუშავო-მეთქი.

შვილები

ორი შვილი ჰყავს მარიამი და მახარე. როგორც თავად ამბობს მათგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობს.

„მარიამის ადრეულმა ბავშვობამ ჩემ გარეშე გაიარა, მერე მოგვიწია ამ დანაკლისის აღდგენა. რა თქმა უნდა, ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით, მის ყოველდღიურობაში არ ვმონაწილეობდი როგორც მამა. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, ალბათ, მისთვის უფრო.

ახლა ვხვდები, რომ ისევ ისე საჭირო ვარ, როგორც მაშინ, როცა ორი თვის იყო, შეიძლება, უფრო მეტადაც.

მარიამთან ურთიერთობამ როგორც ადამიანი ძალიან დამხვეწა, დამაწყნარა, ბევრი ზედმეტი და ნერვული სტრესისგან გამათავისუფლა…

მივხვდი, რომ, რაც უფრო ნამდვილი და უშუალო ხარ, მით უფრო ადვილია ცხოვრება, უბრალოდ, უნდა მოდუნდე.

მეც ასე გავიზარდე, ჩემს ცხოვრებაში მამა იშვიათად, მაგრამ მძაფრად არსებობდა. ჩემთვის ბაბუა იყო მამობის მაგალითი.

რაღაც ასაკში ამაზე არ ვფიქრობდი, დანაკლისი 30-ს მიახლოებულმა ვიგრძენი, მანამდე რეალობას ისეთს ვიღებდი, როგორიც იყო.

ამაზე ფიქრის და წუწუნის დრო არ მრჩებოდა. ერთხელ გიზო ჟორდანიამ თქვა: „უმამოები” ცალკე დასხედითო.

აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 3 ბავშვი იზრდებოდა მამასთან. კითხვა: მამა, რატომ მიმატოვე? მოგვიანებით გამიჩნდა…

ინტერვიუ მერებ ნინიძესთან:

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?

- მართლა არ ვიცი, რა არის. ალბათ, წამები, როდესაც უნებლიეთ რაღაცას იაზრებ. როდესაც სიყვარულს აზრი მიეცემა და მომენტალურად ხვდები, რატომ არის ეს ასე - ეს უკვე ბედნიერებაა. მერე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კარგავ და კითხვები გებადება.

- ბოლოს როდის გაიცინეთ?

- მიყვარს ხალხის გართობა. მიხარია, როდესაც ჩემ გარშემო იცინიან. გუშინ ძველი მეგობრები შევიკრიბეთ. არავინ ლაპარაკობდა. მხოლოდ ვიცინოდით, ისე გვიხაროდა ერთად ყოფნა.

- ბოლოს როდის იტირეთ?

- ჩემს ასაკში ტირილიც ხშირია. სცენაზე არასდროს მიჭირდა ტირილი, მაგრამ ეკრანზე ცრემლები უფრო რთული იყო ჩემთვის. სულ ვცდილობდი, ტირილამდე მთქნარებით ან რაიმე ფიზიკური საშუალებებით მიმეღწია. ახლა უკვე ისე ადვილად მოდის ცრემლი, ეკრანზეც და პირად ცხოვრებაშიც, რომ ცრემლსადენ საშუალებებზე ფიქრი საჭირო აღარ არის. ალბათ, უფრო ვიხსნებით ადამიანები, უფრო მგრძნობიარეები ვხდებით. ტირილი ახლა უფრო ადვილია ჩემთვის.

- თქვენი მხატვრული გმირები?

- „იდიოტი" - ძალიან მძაფრი იყო ამ განზომილების პერსონაჟი ჩემთვის. ასევე, ჰოლდენ კოლფილდი მომდევს ახალგაზრდობიდან.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?

- 90-იან წლებში სამხრეთ ამერიკაში მომიწია დიდხანს ყოფნა და ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?

- იუმორის გრძნობას. თვითირონიასაც, ალბათ. ჯანმრთელ დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ, სადაც ადამიანი დაძაბული არ არის. პირიქით, გახსნილია.

- ქალში?

- საიდუმლოს, ალბათ. რაღაც ისეთს და ისეთი ფორმით, რაც კაცს არ აქვს.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემი შვილები. არ მინდა, რამე მოაკლდეთ. მათი არსებობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?

- ექსტაზში. ეიფორიულ მდგომარეობაში, ოღონდ ნარკოტიკულ საშუალებებს არ ვგულისხმობ. აი, მაგალითად, ცეკვაში, იმ მომენტში, როდესაც პიკს აღწევ.

ძმასთან დაპირისპირება

მერაბის ძმა ლაშა ნინიძეა. მათ საერთო მამა ჰყავთ. ლაშა ათი წლით უმცროსია მერაბზე. სწორედ იმ პერიოდში მოუწია სკოლაში სიარულმა, როცა მერაბი თინეიჯერ გოგონებში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა.

ამბობს, რომ ძმის ფანებისგან შეწუხებულიც კი იყო...

- დიდუბეში, წერეთელზე დავიბადე და გავიზარდე. მერაბი ჩემზე ათი წლით დიდია. ჩვენ ერთი მამის შვილები ვართ. მამაჩემი, ნუგზარ ნინიძე, გემრიელი, მოქეიფე, იუმორით სავსე თბილისელი კაცი იყო. მერაბის დაბადების შემდეგ მამაჩემი და დედამისი, ქალბატონი მანანა ერთმანეთს დაშორდნენ.

მამამ მეორე ოჯახი შექმნა დედასთან, ვიოლასთან. სხვა დედმამიშვილები არც მე და არც მერაბს არ გვყავს. 2003 წელს გარდაიცვალა მამა. მანამდე ყველაფერი გააკეთა, რომ ძმებს კარგი ურთიერთობა გვქონოდა. მერაბიც მოდიოდა ჩვენთან და მეც მივდიოდი მათთან სახლში.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- მამამ მიმიყვანა მათთან სახლში. ათარბეგოვზე ცხოვრობდნენ. პირველ სკოლაში სწავლობდა მერაბი. პირველივე ნახვისთანავე მომეწონა, სიახლოვე ვიგრძენი მისგან. მერაბს დედის მხრიდან ბაბუა რეჟისორი ჰყავდა. ბავშვობა თეატრში, კულისებში გაატარა და იქიდან მოხვდა ამ გარემოში. შრომისმოყვარეა მერაბი, მე ნამდვილად არ მგავს.

- სამაგალითო იყო ალბათ უფროსი ძმა თქვენთვის.

- რა თქმა უნდა, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, მერაბმა პოპულარობის პიკს მიაღწია. შეწუხებული ვიყავი გოგონებისგან, საკლასო ოთახის კარს მინგრევდნენ, მერაბი გაგვაცანიო. ვსარგებლობდი მისი სახელით, ვამაყობდი.

- მერაბის შვილებს თუ იცნობთ?

- გოგო და ბიჭი ჰყავს, რამდენადაც ვიცი. კარგა ხანია ურთიერთობა არ მქონია. ხუთი წელია არ მინახავს მერაბი.

- რატომ, ხშირად ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას თუ...

- ჩამოდის, როგორ არა. ასე მოხდა უბრალოდ.

- კონფლიქტი გაქვთ?

- არა, მე ძალიან უკონფლიქტო პიროვნება ვარ, არ მოსწონს ჩემი ცხოვრება, რომ არ ვმუშაობ... ძალიან პირადულ ამბებს მეკითხებით... თან მე იქით, „კურორტზეც“ ვიყავი, დაჭერილი ვიყავი 2-ჯერ. სერიოზული საუბარი მერაბთან არ მქონია. ბოლოს რომ შევხვდი მითხრა, უკვე დიდი კაცი ხარ, რამხელა გაზრდილხარ, აღარ შეგშვენის ასეთი ცხოვრებაო.

- გიფიქრიათ იმაზე, რომ სხვა ცხოვრებით გეცხოვრათ. იქნებ, მერე მაინც აგეწყოთ ურთიერთობა ძმასთან...

- ყველა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, რომ სხვაგვარად ეცხოვრა, სხვა პროფესია აერჩია, სხვა გზით ევლო. არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ...

- ლაშა, ურთიერთობის აღდგენა თუ უცდია მერაბს, როგორც უფროსს?

- კი, ერთხელ სპექტაკლზე დამპატიჟა ჩემს მეუღლესთან ერთად. მის მერე ისევ დავიკარგეთ. ჩემი ბრალია, რა, ვერავის დავადანაშაულებ. ის მანძილიც დიდ როლს თამაშობს ამ ურთიერთობის გაფუჭებაში, რომელიც ჩვენ ერთმანეთს გვაშორებს. ის ვენაში ცხოვრობს, მე - თბილისში. რთულია... თორემ მერაბს პატიება შეუძლია, თან რამეს ხომ არ ვუშავებ, ცუდი ვარ თუ კარგი, ეს ვარ. ერთი მახინჯი ყველა ოჯახშია. ალბათ ის მახინჯი მე ვარ, ხომ არ უნდა გამწიროს. მთელი ცხოვრება ძმის სითბო მაკლდა. 1991 წელს წავიდა მერაბი საქართველოდან.

მიღწევები

მერაბი ჩვენი დროის დამსახურებული არტისტია, რომელმაც ქვეყანას სახელი საზღვარგარეთ გაუთქვა.

მერაბია ის მსახიობი რომელიც სერიალ „შერლოკ ჰოლმსის“ მთავარ გმირთან ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობდა...

მერაბია ის მსახიობი, რომელიც კანის კინოფესტივალის რჩეულთა შორის მოხვდა.

მერაბია ის მსახიობი, რომლეიც BBC-ის ახალ სერიალში McMafia მონაწილეობდა.

მერაბია ის მსახიობი, რომლეიც ყველაზე პოპულარულ სერიალში მერაბ Homeland-ში მონაწილეობდა.

მერაბია ის მსახიობი, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სერიალში Treadstone მონაწილეობდა.

მერაბია ის მსახიობი, რომლის მიღწევებზეც მთელი საქართველო საუბრობდა....

წიგნი: მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდ

ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია, ოცი წლის წინ რომ დატოვა საქართველო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილიც და როლიც. იმ სუპერპოპულარული მსახიობის ამბავი, რომლის სახელსაც არა მხოლოდ ტიტრებში და თეატრალურ აფიშებზე, არამედ თბილისურ კორპუსებზეც აწერდნენ ყველას დასანახად მისი თაყვანისმცემლები. იმ ბავშვის თავგადასავალია, ერთი სოფლიდან მეორისკენ მიმავალს რომ შემოაღამდება და ბნელ გზას გულთან მიხუტებული ქათმის დახმარებით დაძლევს. და შემდეგ – ტყვიების წვიმაში მოხვედრილი კაცის განცდები, რომელსაც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის სახლამდე მისასვლელ ძალას მკერდზე მიკრული, ახალგამომცხვარი პური აძლევს. ეს წიგნი იმ თეთრკანიანის შთაბეჭდილებებიცაა, აფრიკელებს რომ თავიდან ჯეკი – ტიპური დამპყრობელი – ეგონათ, მერე კი ისიც მათსავით ყოფილი კოლონიის შვილი აღმოჩნდა. ყოველდღიური შეგრძნებები იმ ტიპის ცხოვრებიდან, რომელსაც ჰამლეტისა და ჰოლდენ კოლფილდის როლების შესრულება ეოცნებება და ქუჩაში ამ პერსონაჟების მარადიულ შეკითხვებზე ფიქრით ხეტიალი შეუძლია. ცოტ-ცოტა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ მაინც მერაბ ნინიძის შესაშური გულწრფელობაა, რაც ამ წიგნში შესულ ყველა ამბავს და ეპიზოდს სანდო, საინტერესო და განუმეორებელ საკითხავად აქცევს.


აგრეთვე წაიკითხეთ:

9-წლიანი პატიმრობა, 2 ქორწინება, ქუჩა, მარიხუანა და ლექსები - ცოტა რამ კოტე ყუბანეიშვილზე

მსხვერპლს გლოვობდა და ორმოცს უხდიდა - ქართველი სერიული მკვლელი ქალის ისტორია

მესხო, ელოდე სიკვდილს! შუბლს გაგიხვრეტ! - ვინ იყო სერიული მკვლელი, რომელიც მიხეილ მესხს ემუქრებოდა

44 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული, უბადლო მამა, ხიდან ჩამოვარდნა და სოლს შეწირული სიცოცხლე - გონაშვილის პორტრეტი