Digest Logo

„11 წლის ვიყავი, ბიძაჩემი ღამით მთელ სხეულზე მეხებოდა - მითხრა - თუ ვინმეს ეტყვი შენ დაისჯებიო...“ - ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ამბავი

1625312436
პედოფილია 2020 წელი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. 

აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 26 წლის ახალგაზრდის წერილი ვრცელდება რომელზეც ბიძამ 11 წლის ასაკში იძალადა. „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.

„გამარჯობა!

პირველ რიგში ჩემი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ სივრცის შექმნისთვის.

ვიცი, ცუდია, რასაც ვამბობ, მაგრამ აქ სხვების ისტორიების წაკითხვამ მაგრძნობინა, რომ მხოლოდ მე არ მომსვლია მსგავსი რამ, რადგან აქამდე ყოველთვის ვთვლიდი, რომ რაც ჩემს ბავშვობაში მოხდა, სრულიად ჩემი ბრალი იყო...

პირველად როცა მსგავსი რამ შემემთხვა, 4 ან 5 წლის ვიქნებოდი.

ერთი ბიჭი იყო, ალბათ 14-15 წლის იქნებოდა, ჩვენთან იყო სტუმრად და ჩემი თავიც „ანდეს“ და სათამაშოდ გაგვიშვეს. მესაუბრებოდა, თუ ვიცოდი რას შვრებოდნენ ქალი და კაცი, როცა მარტო რჩებოდნენ და თან მეფერებოდა და მეუბნებოდა, რომ არა უშავს რომ არ ვიცი, თვითონ მასწავლიდა.

ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ტირილი დავიწყე და გავექეცი. დამეწია და მითხრა, რომ თუ ვინმეს რამეს ვეტყოდი, დასჯიდნენ, რადგან დამნაშავე მე ვიყავი. დავიჯერე „ჩემი დანაშაული“. გავჩუმდი.

11 წლის ვიყავი. დედაჩემი ქალაქგარეთ იყო, მამაჩემი - ღამის ცვლაში. იმ საღამოს ბიძაჩემი ჩამოვიდა სტუმრად. ჩვენს სახლში სულ სტუმრები იყვნენ და ამას შეჩვეული ვიყავი, მით უმეტეს - ნათესავებს. იმ საღამოს სახლში მხოლოდ მე და ბიძაჩემი (დედაჩემის ძმა) ვიყავით.

მოკრძალებულად ვცხოვრობდით და მხოლოდ ერთი საძინებელი ოთახი გვქონდა. მანამდეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. ამიტომაც, ჩვეულებრივად მშვიდად დავიძინე. საპირისპირო კედელთან, საწოლზე, ბიძაჩემს ეძინა.
ღამით გამეღვიძა. ვიღაცას ფეხები ჰქონდა შემოხვეული და ყველგან მეხებოდა არ ვიცი, მაშინ რას ვგრძნობდი, რა იყო ეს: შიში, გაურკვევლობა, დაძაბულობა…

ვერაფერი მოვიმოქმედე. გავშეშდი. სუნთქვაც კი შემიჩერდა. იგრძნო, რომ გამეღვიძა და საუბარი დამიწყო, რომ მე ეს მომწონდა და ბიძიას გოგო ვიყავი…

არ ვიცი, საიდან ვიპოვე ძალა, წამოვვარდი საწოლიდან. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ის კი, თითქოს ახლა გაეღვიძა და მეკითხებოდა, რა მოხდა, მეძინა და რაღაც უცნაურ სიზმრებს ვხედავდიო.

ხმა ვერ ამოვიღე. მისაღებში გავედი და დილამდე იქ ვიჯექი. არ გამოსულა.

დილით, წასვლისას ვნახე. მთხოვა, არავის არაფერი უთხრა, არ ვიცი, რა მოხდა, მე მეძინა სიზმარში ვიყავიო, და თუ ვინმე გაიგებს, შენი ბრალი იქნებაო.

მეც დავიჯერე და არავის არაფერი ვუთხარი.

ახლა 26 წლის ვარ, მაგრამ ისევ იმ ასაკში ვარ გაჭედილი… უარის თქმის უნარი ფაქტობრივად არ გამაჩნია, და თავს იმით ვიცავ, რომ იშვიათად ვხვდები ვინმეს და თუ ვხვდები, ყოველთვის ვცდილობ, შეხვედრამდე გავარკვიო მსგავსი საკითხი, რადგან ვიცი, რაც არ უნდა არ მინდოდეს, უარს ვერ ვამბობ - სიტყვიერ არას ვგულისხმობ... მაგრამ ყველაფერი ისე რომ არ ხდება, როგორც ვგეგმავთ ალბათ საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ...

ამიტომაც, ღრმა ურთიერთობებში ვერასოდეს შევდივარ. მეშინია და მეზიზღება საკუთარ თავი მსგავს სიტუაციებში.
ამის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვინც მსგავს სიტუაციაში ხართ, აუცილებლად, აუცილებლად მოუყევით თქვენთვის სანდო ადამიანს, რადგან ეს ამბავი დუმილით აქ და ახლა, თავისით არ დასრულდება და არ მოგვარდება, მთელ ცხოვრებას შავ ლაქად გაჰყვება, დაკარგავთ მთავარს - საკუთარი თავის იმედს/რწმენას და ადამიანების ნდობას, განსაკუთრებით - საპირისპირო სქესის.

წელს ბიძაჩემი ტრაგიკულად დაიღუპა. ვტიროდი, მაგრამ ახლაც არ ვიცი, მის სიკვდილს, თუ ჩემს ბავშვობას...“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

7 წლის ვიყავი, როდესაც 6 წლით უფროსმა ძმამ გამაუპატიურა - ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

„აი, აქედან იბადება ღალატი“... - რატომ ბეზრდება ცოლ-ქმარს ერთმანეთი?

ცოტაც მოითმინეთ და 10-დან კოსმოსი კარგ ამბებს გპირდებათ - ხათუნა ნოელი