Digest Logo

28 წლის წინ, 2 ივლისს საქართველოს ისტორიამ გამოცდა მოუწყო ჩვენს მეომრულ სულისკვეთებას - დავით თევზაძე

1625209452
ტამიშის ბრძოლა

2 ივლისი აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში ტამიშის ბრძოლას იხსენებს. 

მებრძოლებს, რომლებიც ტამიშის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, დავით თევზაძე სამხედრო პატივსა და ღირსებას უსურვებს.

„დღეს 28 წელი გავიდა 1993 წლის 2 ივლისის შემდეგ. ამ 28 წლის გადასახედიდან ბევრი რამ სხვანაირად ჩანს: ფერებიც გაუფერმკრთალდა ცხოვრებას, იმედებსაც მოუდუნდა ძარღვი და სიცოცხლესაც ხიბლი გაუნელდა თითქოს...

ერთადერთი, რასაც დრო ვერ ეკარება, ეს ბედნიერების ის განცდაა, რომ გამარჯვების წამის თანაშემოქმედი ხარ და მონაწილე. თუმცა, ასეთივე ძნელად სატარებელი ტვირთიცაა ეს განცდა.

93-ის 2 ივლისს, საქართველოს ისტორიამ გამოცდა მოუწყო ჩვენს მეომრულ სულისკვეთებას და, იმ დღეს, ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ...

დღეს, 28 წლის შემდეგ, ალბათ უდიდესი მორალური შვების მომგვრელია ხელახალი განცდა იმისა, როდესაც საკუთარი თვალით უყურებდი, როგორ ისრუტავდა სიმშრალისაგან დამსკდარი ქართული მიწა შენსავე სისხლს, თითქოს ამით ამ მიწაზე სიარულის უფლებას ადებდა ბეჭედს...

უდიდესი მორალური შვების მომგვრელია განცდა იმისაც, რომ ამ მიწაში ჩაწოლის უფლებაც, ამ სისხლით გაქვს მოპოვებული...

ახლაც ყურში მაქვს რომელიღაც ჯარისკაცის ნათქვამი „ნუ გეშინია მეთაურო, ჩემს გამო არ შეგრცხვება შენ“...
არც შემრცხვენია და არც თქვენ შემირცხვენიხართ ღვთის მადლით. არც წასულები და არც დარჩენილნი.
ამ იღბალისთვის გმადლობ უფალო...

მხედრული პატივი და ღირსება თქვენ, ვინც დღევანდელ დღეს, 93-ში, ზეცად ამაღლდით...

მხედრული პატივი და ღირსება თქვენც, ვინც დღევანდელ დღეს, 93-ში, ომის ღმერთმა დაგინდოთ, ხოლო განგებამ სიცოცხლისათვის გაგწირათ...“ - წერს დავით თევზაძე.

ცნობისთვის, 1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნველყოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად

300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა ქართველმა ჯარისკაცემბა შეძლეს დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

13-14 წლის გოგოზე სამარშრუტო ტაქსიში სექსუალურად იძალადეს - „ხალხი მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა მიხვდნენ და შედგნენ...“

„ისტორიულად ცაციებიც არანორმალურები ეგონათ და იდევნებოდნენ... წითურებს კი ცეცხლზე წვავდნენ“ - არჩილ მარშანია

„სხვადასხვა ადგილზე ხელით შემეხო... ტკივილი, გაღვიძება და ისევ ტკივილი...“ - 6 წლის ასაკში მიყენებული ტრავმა - უცნობი ამბავი