პედოფილიის შემზარავ ფაქტს, სტატისტიკასა და პროფესიონალების რეკომენდაციებზე პლატფორმა „ამბებს მიღმა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„მახსოვს, იმდენად პატარა ვიყავი რომ ლიფსაც კი არ ვატარებდი. ჩვენთან სახლში დარჩა ღამის გასათევად ჩემი ახლო ნათესავი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 55 წლით დიდია ჩემზე. ღამით როცა ყველას ეძინა, ჩემს საწოლთან ჩამოჯდა, საბანი გადასწია და როგორც კი სასქესო ორგანოზე შემეხო, შემეშინდა.
ყვირილი დავაპირე, მაგრამ დამემუქრა, რომ ის გამგუდავდა. დღეს ზუსტად 10 წელი გავიდა და ის პედოფილი კიდევ დაუსჯელია. არ დამიჯერეს, რადგან სჯერათ, რომ ასეთ რაღაცებს უცხო ადამიანები აკეთებენ და ჰგონიათ, ეს ყველაფერი უბრალოდ დამესიზმრა” – ეს მხოლოდ ერთია იმ უამრავ ანონიმურ ისტორიას შორის, რომელიც კამპანიის „დამიცავი, პატარა ვარ“ ფარგლებში გამოქვეყნდა.
„დამიცავი, პატარა ვარ“
მხოლოდ 2018 წელს საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 287 შემთხვევა გამოვლინდა. სამწუხაროდ, სტატისტიკა წლიდან წლამდე მზარდია და ამას ხელისუფლებაც აღიარებს. 2019 წელს სასჯელი პედოფილიაზე გამკაცრდა და გადაწყდა, რომ პედოფილების ერთიანი ბაზა შეიქმნება.
თუმცა საკითხზე მომუშავე ადამიანები მიიჩნევენ – მხოლოდ სასჯელის გამკაცრება ვითარების შესაცვლელად არ კმარა. პრობლემის ნამდვილი მასშტაბები კვლავაც უცნობია, რადგან შემთხვევების რეალური რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკაზე გაცილებით მაღალია.
მოზარდებზე სექსუალური ძალადობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ დანაშაულად. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანის სექსუალობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებაში დღემდე ტაბუ ადევს. ამიტომ სპეციალისტები თანხმდებიან – ბევრი სხვა პრობლემის არ იყოს, მისი გადაწყვეტაც დუმილის დარღვევით უნდა დაიწყოს.
ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი შორენა გაბუნია ჰყვება, რომ კამპანია “დამიცავი პატარა ვარ” სწორედ ამ მიზნით წამოიწყეს – დაეხმარონ ადამიანებს ხმამაღლა ისაუბრონ, თუნდაც ანონიმურად. კამპანია უკვე 4 თვეა რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 150 ანონიმური ისტორია მიიღეს.
„ზრდასრულ ადამიანს თავად შეუძლია, გადაწყვიტოს, თუ როგორ გაუმკლავდება ტრავმას. ბავშვები კი ჩვენზე, უფროსებზე არიან მონდობილები. ამიტომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია” – მეუბნება შორენა.
მშობლების ბრალი
შორენა ჰყვება, რომ ბევრ ისტორიაში მშობლების ბრალეულობა იკვეთება. ადამიანები ადანაშაულებენ მშობლებს ყურადღების ნაკლებობაში, ან უბრალოდ იმაში, რომ წლების წინ მათი ტკივილი არ გაიზირეს და არ დაუჯერეს. სამწუხაროდ, ეს მართლაც ხშირად ხდება – ტაბუს გამო სირცხვილის გრძნობით მანიპულირება მოძალადისთვის უფრო მარტივია. შვილები დუმან, მშობლები კი კითხვებს არ ან ვერ სვამენ. ერთადერთი, ვინც არ ვითარებაში გამარჯვებული რჩება, თავად მოძალადეა.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მოძალადეებს ეხმარება, საზოგადოების მიერ ბავშვის პირადი საზღვრების არაღიარებაა. ბავშვი მიჩვეულია იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ეხებიან და ეს ნორმა ჰგონია. სხვა ადამიანების მხრიდან მსგავს არასასურველ შეხებას ხანდახან თავად მშობლებიც ახალისებენ. საბოლოო ჯამში, ამ შეცდომებს მივყავართ იქამდე, რომ ბავშვს საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.
„მუდმივად თვალებში უნდა უყურებდნენ შვილებს, იმისთვის რომ ბავშვზე ძალადობა არ გამოეპაროთ. ბავშვი მოძალადის დანახვაზე სხვანაირად რეაგირებს, დამოკიდებულებებიც მის მიმართ სხვანაირი აქვს” – ამბობს შორენა გაბუნია.
თვალებში ყურების მნიშვნელობაზე ყურადღებას ფსიქოლოგი იანა სალამაშვილიც ამახვილებს. მისი თქმით, მშობლებს შეუძლიათ შენიშნონ, რომ ბავშვს სტრესული გამოცდილება ჰქონდა. მკვეთრი ცვლილებები, აგრესია, გარშემომყოფებთან კომუნიკაციის შემცირება, გამომწვევი ქცევა – ეს და ბევრი სხვა ფაქტორი იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბავშვს ძალადობა აქვს გადატანილი.
მსგავსი სტრესის შემდეგ ბავშვს დახმარება სჭირდება, რადგან ტრავმამ წლების შემდეგაც შეიძლება იჩინოს თავი. ნეგატიური შედეგების სპექტრი მარავალფეროვანია: ფსიქიკური დაავადების და შფოთვი აშლილობების რისკის ზრდიდან დაწყებული და ქრონიკული ფიზიკური დაავადებებით დამთავრებული.
იანა სალამაშვილი ჰყვება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს უნდობლობა, აგრესია, ზიზღი იმ სქესის მიმართ, რა სქეისაც იყო მოძალადე. გარდა ამისა, ტრავმა ზეგავლენას ახდენს მსხვერპლის სექსუალურ ქცევაზე. და შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება სექსზე. ტრავმის მიშვების შემთხვევაში კი შემთხვევაში ბავშვს შეიძლება დაუქვეითდეს ემპათიის განცდა და გაუჩნდეს გაუცხოება ადამიანების მიმართ. ან კიდევ უარესი – იგი თავად შეიძლება გახდეს მოძალადე.
უბრალოდ საფრთხობელა
სხვადასხვა მონაცემების თანახმად, სექსუალური მოძალადეების თითქმის ნახევარი წარსულში თავად ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. ამ ერთი შეხედვით პარადოქსულ სურათს ფსიქოლოგები მარტივად ხსნიან – ძალადობის შემდეგ ადამიანში აგრესია გროვდება და იგი ეძებს გზებს მის ამოსაფრქვევად. ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ პრობლემასთან გასამკლავებლად სიღრმეებში ჩასვლაა აუცილებელი. ევროპის ქვეყნებში პატიმრობის პარალელურად სექსუალური მოძალადეები გადიან ჯგუფური თერაპიის კურსებს, რომლის მიზანიცაა მათში მსხვერპლის მიმართ ემპათია გააღვიძოს.
„მოძალადე ადამიანმა საკუთარი ქცევის მექანიზმი უნდა დაინახოს. ამის გარეშე ემპათია უბრალოდ ვერ გაუჩნდება. გეშტალტ თერაპია იმიტომ მომწონს, რომ ამ დროს ხდება ქცევის მექანიზმის გაანალიზება. გაცნობიერების შემდეგ ადამიანს არჩევანი უჩნდება და საკუთარი ქცევის გამო პასუხისმგებლობის გააზრება უფრო მარტივად შეუძლია“,- მიიჩნევს იანა სალამაშვილი.
თუმცა იმასაც აღიარებს, რომ პედოფილების შემთხვევაში ფსიქოთერაპია შედეგებს რთულად იძლევა, რადგან ფსიქიკის ძალიან მძიმე დარღვევასთან ჰგავს საქმე. მოძალადეების რეაბილიტაციაზე მუშაობა საქართველოსთვის ჯერაც შორეული პერსპექტივაა. ამასთან, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პრობლემის მიმართ საზოგადოებაში დამოკიდებულება ჯერაც ძალიან ზედაპირულია. განათლების ნაკლებობა კი ნეგატიურად აისახება როგორც ბავშვებზე და მათ მშობლებზე, ისე თავად მოძალადეებზეც.
პრობლემაა ისიც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისითვის პედოფილია უბრალოდ საფრთხობელაა. მოსახლეობის ბავშვებზე სექსუალური ძალადობით დაშინება ულტრამემარჯვენე ძალების და რუსული პროპაგანდის ხელწერაა. ოღონდაც ნარატივების თანახმად, საფრთხე საქართველოში უცხოეთიდან მოდის. ხშირად ამ შიშებს იყენებენ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გასაძლიერებლად. იმისდა მიუხედავად, რომ არ არსებობს არავითარი კავშირი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან და პედოფილიას შორის.
შედეგად, საზოგადოების ნაწილისთვის ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვა აღშფოთებით შემოიფარგლება. მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, დუმილი არ ირღვევა და მოძალადეების უდიდესი ნაწილი კვლავ დაუსჯელი რჩება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ახლა მოგიყვებით როგორ გავხდი „ბოზი“- ქეთი პაპუნაშვილის საჯარო აღიარება
🔵7 წლის ვიყავი, როდესაც 6 წლით უფროსმა ძმამ გამაუპატიურა - ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია