ააიპ „საქართველოს კულტურის პალატასთან“ არსებული კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს გენო პეტრიაშვილს მათი სახელობის ვარსკვლავებს გაუხსნიან.
„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბექაურის ვარსკვლავი გაიხსნება თელავში, პეტრიაშვილის - გორში.
როგორც ოქიტაშვილი განმარტავს, გადაწყვეტილება მიიღო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა კომისიამ. „ჩვენ გვყავს კომისიები დარგების მიხედვით", - აღნიშნა მან. „საქართველოს კულტურის პალატამ“ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა გორის მერიას და თელავის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელობას. მუნიციპალიტეტები გამოყოფენ ადგილებს, სადაც უნდა გაიხსნას ვარსკვლავები.
კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და, შესაბამისად, მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განხილულა.
რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს, ოქიტაშვილი ამბობს: „პეტრიაშვილის შესახებ კომისიამ იმსჯელა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოქროს კი არა, ყველაფრის ღირსია, რაც ოკუპანტებმა მას გაუკეთეს. მას მწვრთნელიც დაეღუპა და ა.შ. ეს იყო გამონაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმიტომ, რომ ერთ წამში მისი ცხოვრება სხვანაირად შეიცვალა. ჩვენ გვინდა, მას ვუთხრათ, რომ ქართველ ხალხს ის უყვარს“.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები