Digest Logo

„მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი...“

1633512277
სააკაშვილი და ილია მეორე

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პატრიარქს ღია წერილით მიმართავს, რომ მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სთხოვოს შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ და უკვე მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში.

პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი განცხადება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, იგი უარს აცხადებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაზე.

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. ადამიანებს შიმშილობის დაწყებიდან, ერთი კვირის შემდეგ, ეწყებათ ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ინტოქსიკაციის მოვლენები, გრძნობენ დაუძლურებას და აწუხებთ თავის ტკივილი.

მე-10 - მე-12 დღიდან გამოიხატება არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის და თირკმლის ფუნქციები, ამასთანავე შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია და მასთან დაკავშირებული კოლაფსი. დარღვეული ტროფიკის შედეგად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და ვითარდება თავის ტვინის იშემიური მოვლენები.

მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რითაც საფრთხე ექმნება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. ამავე დროს, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება შიმშილი, მით უფრო ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა.

უწმინდესო და უნეტარესო, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი, შეცვალოს მისი გადაწყვეტილება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით, რამე თუ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მრავალი სასიკეთო საქმეები, მისი ხელისუფლებაში ყოფნისას დასრულდა სამების საკათედრო ტაძარი, განახლდა ბაგრატის ტაძარი, აშენდა და რესტავრირებულ იქნა მთელი რიგი ქალაქები, ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მართვის თანამედროვე ინსტიტუციები, იგი საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა შორის.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მოცემულ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქართველებმა დავუშვით საბედისწერო შეცდომა და სათანადოდ არ დავიცავით საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, დღეს ვალდებული ვართ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა. ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს!", - წერია მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ნიჭიერ მოსწავლეთა შორის არ შეიძლება არ გამოვყო მიშა სააკაშვილი" - რას წერს გელა ჩარკვიანი ექსპრეზიდენტზე

🔵„დემნა-დემონები - 2021... 45 ზომა დეფიციტია, ვინმეს თუ დიდი მოგივათ აქ ვარ" - კოტე მათითაშვილი

🔵„დიდი იმედი მაქვს, ამ დღესაც პაწაწინა სიყვარულით გაიხსენებენ" - რა საჩუქარი გაუკეთა მასწავლებლებს ეკა ხოფერიამ

🔵„დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის... ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს" - სააკაშვილის უმცროსი ვაჟი განცხადებას ავრცელებს