Digest Logo

6 წლის ვიყავი, როდესაც მოხუცმა ნათესავმა ჩემზე სექსუალრად იძალადა და ეს 8 წელი გაგრძელდა - ძალადობის მსხვერპლის შემზარავი ისტორია

1616067815
არასრუ;წლოვანზე სექსუალური ძალადობა

სოციალურ ქსელში გვერდი - „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები.

ამჯერად სექსუალური ძალადობის მორიგი მსხვერპლის ამბავი ვრცელდება, რომელზეც მოხუცმა ნათესავმა 6 წლის ასაკში სექსუალურად იძალადა. „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.

„ყოველთვის, როცა ჩვენს სახლში დედას კეთილი ნათესავი, მეზობელი მოხუცი კაცი მოვა, დედა და ჩემი ძმა მას ღიმილით მიესალმებიან, დაჯდომას შესთავაზებენ, მოიკითხავენ და გაუმასპინძლდებიან, - მე სირცხვილის გრძნობა სახეზე ცეცხლის ალივით მომედება და სანამ ამ ალს თვალებიდან გადმოხეთქილი ჩემივე ცრემლების ჩანჩქერი ჩააქრობს, სანამ მთელი სხეული კანკალს დაიწყებს, მე ოთახიდან გავვარდები და შევეცდები, ზვავივით მოწოლილი საკუთარი გრძნობების წინ კედელი აღვმართო და არ მივცე მათ უფლება, რომ ჩემს თვალებში გამოისახონ...

მე გამახსენდება ის მომენტები საკუთარ ცხოვრებაში, როცა ჩვენთან კეთილი მოხუცი ნათესავი მოდიოდა და ხან ტკბილეული მოჰქონდა ჩემთვის და ჩემი პატარა ძმისთვის, ხან ფულს გვჩუქნიდა; ყოველთვის თბილად გვესაუბრებოდა, გამოხატავდა სიყვარულს და ზრუნავდა ჩვენზე; მე გამახსენდება ის პერიოდი, როცა მე ვენდობოდი, მიყვარდა და პატივს ვცემდი ჩვენს კეთილ, მოხუც ნათესავსა და მეზობელს.

სამაგიეროდ, მე ვერ გავიხსენებ, პირველად როდის ან როგორ სცადა ჩვენმა კეთილმა მოხუცმა მეზობელმა ჩემთან მარტო დარჩენა, როდის მომხვია პირველად წელზე თავისი უშველებელი ხელები, მკლავებში მომიქცია და ურცხვად დაეწაფა ჩემს ბაგეებს. ვერასოდეს გავიხსენებ, პირველად როდის მითხრა, რომ მისი ეს ამაზრზენი საქციელი ჩვენი საიდუმლო იყო და არავისთვის არ უნდა მეთქვა... არ ვიცი... ალბათ, ამ დროს 6-7 წლის ვიქნებოდი.

მე კიდევ ბევრჯერ გამახსენდება ის სცენა, როცა ოთახში არავინ რჩებოდა რამდენიმე წამით ან წუთით და ჩვენი კეთილი ნათესავიც არ უშვებდა ასეთ შანსს ხელიდან.

დედა, მე კიდევ ბევრჯერ გამახსენდება, როცა კეთილ ნათესავთან მაგზავნიდი ხოლმე და ჩემი თხოვნის მიუხედავად, მაინც ჩხუბით მიშვებდი კეთილი მოხუცის ოჯახში, რომ მისთვის ან რამე გადამეცა, ან რამე მეთხოვა.
მე კიდევ ბევრჯერ გამახსენდება ის სცენა, როცა შევძელი ჩემი პატარა ძმისთვის იმის თქმა, რომ კეთილი მოხუცი ნათესავი მარტო დარჩენისას მკოცნიდა და მეფერებოდა, მე ეს არ მსიამოვნებდა და თუ ტკბილეულისთვის გაგზავნიდა მაღაზიაში, არ წასულიყო, რადგან ის ამ მომენტით ისარგებლებდა...

მაგრამ ჩემი პატარა ძმა მაინც წავიდა. საკუთარი თავის დაცვის ეს უსუსური მცდელობა კრახით დასრულდა. ჩემი ძმისთვის კი ეს ამბავი სამუდამო დავიწყებას მიეცა.

გამახსენდება ის საშინელი დღე, როცა ჩემმა მოხუცმა ნათესავმა შარვალი ჩაიხადა, თავისი სასქესო ორგანო მაჩვენა და იგივეს გაკეთებას მეც მთხოვდა, შემდეგ კი სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა ჩემთან, მაგრამ არ გამოუვიდა...

მე ჩემი კეთილი მოხუცი ნათესავის დანახვისას გამახსენდება ის დღე, როცა მეყო გამბედაობა, შევწინააღმდეგებოდი მას.

მისგან თავის დაღწევა მხოლოდ 14 წლის ასაკში მოვახერხე. ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც აღარ მიწევს, მისი ბინძური სხეულის შეხება ავიტანო.

დედა და მამა, მე ვიცი, რომ რაც მოხდა, ჩემი ბრალია. მე ვიცი, რომ მაშინვე უნდა მეთქვა, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ჩემს სხეულს იყენებდნენ და მომეყოლა თქვენთვის.

მაგრამ ვერ შევძელი, ვერ გავბედე. შემეშინდა. ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალი იყო და მე დავისჯებოდი. იმასაც ვფიქრობდი, რომ არ დამიჯერებდით.

ახლა თქმას აზრი არც აქვს. საკუთარ სახლში ვიყავი სრულიად დაუცველი და ვისურვებ, რომ ეს ჯოჯოხეთი არც ერთ ბავშვს გამოეცადოს. ამოუთქმელი დარდი გულზე ქვასავით მაწევს.

დედა და მამა, თვალებში კიდევ მილიონჯერ ჩამხედავთ და ვერ მიხვდებით, რომ ჩემი წარსული ანგრევს ჩემს აწმყოსა და მომავალს. ამ თვალებში თქვენ ვერასოდეს შეძლებთ იმ ტკივილის დანახვას, რომელიც შიგნიდან მჭამს. მე დავიტანჯები, მაგრამ თქვენ ვერაფერს მიხვდებით. და როცა ჩემს ცივ სხეულს სამარეში ჩადებენ, მაშინაც საფლავის ქვასავით დამაწვება ამოუთქმელი დარდი.

და თუ კეთილი მოხუცი ნათესავის დანახვისას შევძლებ იმდენს, რომ ჩემს თვალებში არ მოიღრუბლება და კოკისპირული წვიმა არ წამოვა, მე მომავალშიც შევძლებ, ყალბად გავიღიმო და კეთილი მოხუცი ნათესავის კითხვას, თუ როგორ ვარ, ყალბად ვუპასუხო: „კარგად“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს

ილიკო სუხიშვილის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი

ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“