როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შესაძლოა ბევრი დამნაშავე ციხის გარეთ იყო და ბევრი უდანაშაულო ციხეში მოხვდეს. ციხეს ერთი უცნაური და თვისება აქვს, რომელიც ყველა პატიმარს აერთიანებს - შიგნით მყოფთს გარეთ გასვლა და თავისუფლად ცხოვრება სწყურიათ, იქ კედლებს მიღმა კი ცხოვრება სულ სხვანაირადაა...
როგორი რთული და მძიმე პირობებიც უნდა იყოს საკანში, პატიმრობა ხანდახან საამაყოც შეიძლება იყოს და თავისუფლად ცხოვრება სირცხვილი. დაახლოებით, ასე იყო ნანა კაკაბაძის დაპატიმრება...
მაშინ 21 წლის ვიყავი... 120 მილიციელის ცემის ფაქტზე, 5 წელი მოგვისაჯეს
„ვიბრძოდით თავისუფლებისთვის. გვინდოდა უფრო მეტი თავისუფლება კულტურაში ხელოვნებაში, ყოფით ცხოვრებაში. ჩვენ სტუდენტები ძალიან დიდი ძალა ვიყავით და ეს იგრძენს კიდევაც... 1978 დავბეჭდეთ პროკლამაციები, რომლებიც გავავრცელეთ უნივერსიტეტში. 14 აპრილს ყველას ვეპატიჟებოდით სვეტიცხოველში. ამ დღის ლოცვის დღედ გამოცხადება გადავწყვიტეთ. ძალიან ბევრ სტუდენტს ველოდით მცხეთაში, მაგრამ ვხედავთ,რომ არავინ არ ჩამოდის. უკვე გვეგონა, რომ არ შედგა ღონისძიება, რადგან სტუდენტები არ გამოუშვეს, ამ დროს მორბის რამდენიმე ახალგაზრდა და გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა, ტივები შეკრეს და გადმოდიან სტუდენტებიო. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ გზები გადაკეტა, მაგრამ ამ სტუდენტებმა ტივები შეკრეს მტკვარზე და გადმოდიოდნენ. მოკლედ, ძალიან კარგი ღონისძიება შედგა, რომელიც არ დარჩენილა დაუსჯელი.
ღონისძიების მერე მსვლელობით წამოვედით და არსენას ძეგლს რომ მივუახლოვდით, მილიციელები უკნიდან მოგვეპარნენ, დაგვაკავეს და მე, თამრიკო და მარიკა აღმოვჩნდით მილიციის მანქანაში და, ფაქტობრივად, გაგვიტაცეს. მიგვიყვანეს საპატრიარქოს გვერდით, სადაც იყო მაშინ მილიციის შენობა. ღამის სამ საათამდე ვიყავით იქ. ჩვენს წინააღმდეგ აღძრეს საქმე, როგორც ბოროტი ხულიგნობა - 120 მილიციელის ცემის ფაქტზე. უმეტესობა თურმე მე და თამრიკოს გვიცემია. გაგვასამართლეს მე, თამრიკო, მარიკა და ირაკლი წერეთელი. 5 წელი მოგვისაჯეს, 2 წელი ვიყავით ციხეში. მერე ამნისტია შეგვეხო. მაშინ 21 წლის ვიყავი.
ციხეში გატარებული დღეები
ციხეში გატარებული დღეები ძალიან კარგად და ძალიან თბილად მახსენდება. თავდაპირველად, როცა დაგვაკავეს, არ უთქვამთ, რომ დაპატიმრებულები ვიყავით. მე-5 იზოლატორში მიგვიყვანეს, რომელიც უკვე დანგრეულია. ნაზი შამანაურის ინციდენტის მერე, მეგონა, რომ ჩვენც ფსიქიატრიულში მივყავდით. რომან გვენცაძის კაბინეტში ვისხედით, როცა მას დაურეკეს ცეკადან და როცა უთხრეს - უნდა დავაპატიმროთო.
პირველად, წინასწარი დაკავების საკნებში უნდა წავეყვანეთ. რომანმა მითხრა, რაც უნდა მოხდეს, სულ რომ ამაფეთქონ, შენ და თამრიკოს ვერ დაგაშორებთ, ერთად იყავით, თუნდაც ერთი ღამე, თორემ, მერე, ერთმანეთს როდის შეხვდებით ცხოვრების მანძილზე, არავინ იცის, ამიტომ ეს ღამე მაინც დაგამახსოვრდებათო. შესვლისას რომან გვენცაძეს ვუთხარი - დიდი მადლობა ამ დღისთვის-მეთქი. თამრიკომ არ იცოდა, ჩვენი ერთად შესვლა რომ არ შეიძლებოდა და მითხრა - რა სისულელეს აკეთებ, რატომ უთხარი მადლობა?! გვიჭერენ და მადლობას ბნებიო?!
საკანში ერთი ქალი იყო, ე.წ. „ნასედკა“, რომელსაც ჩვენთვის თვალყური უნდა ედევნებინა. საუბრის შინაარსი კი არ აინტერესებდა მაინცდამაინც, უბრალოდ, თავი რომ არ მოგვეკლა ან რამე ასეთი... ჩვენ ამ დროს ასეთ რამეებზე საერთოდ არ ვფიქრობდით. თამრიკო ამბობდა - ხომ ხედავ, დაიკეტა ეს კარი, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ დაიკეტა ყველაფერი. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გარესამყარო არსებობს, იმიტომ, რომ თუ ჩვენ გარესამყაროზე ვიფიქრებთ, ყოველთვის იქნება ლტოლვა გარესამყაროსკენო. როცა ადამიანი კვდება, ის თავის ცხოვრებას სხვაგან იწყებს, აი, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ცხოვრებას აქ ვიწყებთო. მე ასე ვფიქრობდი... რაღაცნაირად გადამავიწყდა, რომ გარეთ, საერთოდ, რამე არსებობდა...
ის ღამე გავათენეთ. მიგვიყვანეს მე-5 იზოლატორში. ჩვენ გვეგონა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიგვიყვანეს. პატიმრებს კი ეგონათ, რომ რადგან მთელი მთავრობა გვახლდა, ჩვენ ვიყავით კომისია. ცალ-ცალკე საკნებში გადაგვანაწილეს.
ჩემს საკანში რომ შევედით, პატიმრები აიწურნენ, ამხელა თანამდებობის პირები ცხოვრებაში არ ჰყავდათ ნანახი. მაშინ მთავრობის პირებს მიუწვდომელ, ხელშეუხებელ ნაწილად აღიქვამდნენ.
საკანში შესვლისას, პატიმრებს რომ შევხედე, მეგონა, რომ ეს იყო ამ ადამიანების ავადმყოფური გამოხედვა, იმიტომ რომ ვთვლიდი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიყავი. დამტოვეს, კარი მიიხურა, მაგრამ არ ჩაიკეტა. როგორც მერე მითხრეს, პატიმრები ფიქრობდნენ, რომ მე კომისიის წევრი ვიყავი და მათთვის კითხვები უნდა დამესვა.
დავრჩი, ვუყურებ და ვფიქრობ - როგორ უნდა ველაპარაკო ფსიქიკურად შეშლილ ადამიანებს?! მერე იმედი გამიჩნდა, იქნებ ყველა არ არის შეშლილი და ვინმე პოლიტიკურიც ზის-მეთქი... აი, ამ გაუგბრობაში ვარ და ამ დროს მეუბნება ერთ-ერთი პატიმარი - ხომ არ დაბრძანდებით, რომ დავიწყოთო. შემეშინდა, ნეტა რა უნდა დაიწყოს ამ ადამიანმა-მეთქი. სად-მეთქი, ვკითხე და მიმითითა, აი, აქო, გრძელი მაგიდა იდგა. ვფიქრობ, რას მიპირებენ, ნეტა ამ მაგიდაზე არ დამაკრან და რამე არ ქნან-მეთქი... მოშორებით ნარზე დავჯექი. ბოლოს, რომ მითხრეს, რამდენი წუთი გაქვთო, აი, მანდ ვიფიქრე, ესენი სულ გაგიჟებულან-მეთქი... ვუთხარი, რომ ჩემს იქ ყოფნას მე არ ვწყვეტდი... ბოლოს ვკითხე, თქვენ რამდენი ხანი იქნებით-მეთქი? ჩამოთვალეს, მე ამდენი მაქვს მოსჯილი, მე ამდენიო... გამიკვირდა - რას ჰქვია მოსჯილი, ციხე ხომ არ არის-მეთქი?! და ეს იყო მომენტი, როცა პატიმრებმა ჩათვალეს, რომ მე ვერ ვიყავი კარგად და მიპასუხეს, კი, ეს ციხეაო... გაოგნებული ვეკითხები - ეს ფსიქიატრიული არ არის-მეთქი? არა, ციხეაო და მახსოვს, როგორ გადავეხვიე ჩემს გვერდით მდგომ ქალს და ვკოცნიდი - რა კარგია, რომ ციხეში მოვხვდით-თქო... ამის მერე მოვუყევი ჩემი ამბავიც...
ციხეში პრაქტიკანტი გოგონები იყვნენ. მათ საკნამდე უნდა მივეყვანეთ. ამ გოგონებმა იცოდნენ, ვინ ვიყავით. ერთ დღეს ერთ-ერთი მოდის და ყურში მიჩურჩულებს - ნანა, თქვენთან „პადაგრევიაო“. ვფქრობ, ნეტა ეს „პადაგრევია“ რა არის-მეთქი. არ შევიმჩნიე, ისედაც ბევრი რამ არ ვიცოდი და ესეც რომ არ ვიცოდი, არ ვთქვი.
ამ დროს ციხეს რუსის ყველაზე აგრესიული ბატალიონი იცავდა, ამ დროს ციხეში შემოვიდა ეს ე.წ. პადაგრევი და ეს გოგონა დაინტერესდა და მეკითხება - ხომ არ იცით, ვის შეიძლება გამოეგზავნა ამ სიტუაციაში „პადაგრევი". გამოგზავნა რომ გავიგე რაღაცის, ოჯახის გარდა ვის შეიძლებოდა რამე გამოეგზავნა და ვუთხარი, როგორ არა - მამაჩემი-მეთქი. მამათქვენი ქურდიაო? - გადავირიე, ლამის რაღაც ჩავარტყი, - რა ქურდი, მამაჩემი გეოლოგია-მეთქი. პასუხიც არ გამცა, მიხვდა, რომ აზრზე ვერ მოვედი. მე კი ძალიან გავბრაზდი, ამ თავხედმა როგორ მითხრა - მამაშენი ქურდიაო... რადგან მე ციხეში მოვხვდი, მამაჩემს რა აკადრეს-მეთქი...
შევედი საკანში. ყველა ფეხზე დგას ჯარივით. ყველა რაღაცას მანიშნებს თვალით, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეუბნება. ბოლოს ყველა ერთად მომიახლოვდა და ჩურჩულებენ - ნანა, შენთან „პადაგრევიაო“ მოსული და სანამ არ დაღამდება და დაბნელდება, მანამდე ვერ გაჩვენებთო.
დაღამდა, სინათლეები ჩააქრეს... მოკლედ, დაძინების დრო მოვიდა. მიმიყვანეს საწოლთან და მეუბნებიან - აი, ამ „ადიელის" ქვეშ დევსო შენი „პადაგრევი“. არ ვიცოდი, რა მექნა და იდოს-მეთქი, ვუთხარი. რას ამბობო, - შეიცხადეს. აბა რა უნდა ვუქნათ-მეთქი? - უნდა შეჭამოო. დისიდენტობის დროს, პროკლამაციებზე როცა იჭერდნენ, ახალგაზრდები ამ პროკლამაციებს ჭამდნენ, რომ არ ეპოვათ. ვფიქრობდი, ახლა აქ რა იყო ისეთი, რომ უნდა შემეჭამა. ცხოვრებაში არ მიჭამია ქაღალდი და ჯერ ამაზე ვფიქრობ და ვიკითხე - მარტო მე-მეთქი? რა ვიცითო... - მხრები აიწურეს, - შენი გადასაწყვეტიაო.
გადახსნეს ეს ადიელა და რაც ვხედავ - ტორტი, შოკოლადები, კანფეტები და წერილი... გაოცებულმა ვიკითხე, ეს ვინ გამომიგზავნა-მეთქი და მითხრეს, „ქურდებმა“ გამოგიგზავნესო. მაშინ მივხვდი, რატომ მკითხა იმ გოგონამ - მამაშენი ქურდიაო? კიდევ უფრო გაოცებულმა ვიკითხე - მე რატომ გამომიგზავნეს „ქურდებმა" და - თავიანთი პატივისცემა გამოავლინესო. მერე მითხრეს, იცით, ეს რა დაუჯდებოდათო ქურდებსო? არ ვიცი-მეთქი. კარგი, თუ არ იცი, მაშინ არ არისო საჭირო და ეს ასევე დამთავრდა...
ამის მერე უდიდეს ყურადღებას ვგრძნობდი... იმ ტორტში წერილი იყო. წერილში ეწერა - ნანა, კომუნისტები ამაზე მეტად არ გაწითლდებიან და დროა, მარტო აქ ყოფნაზე კი არა, გასვლაზეც იფიქროო... ამაზე მეტი არ შერცხვებათო. ვერაფერი გავიგე...
ამის მერე მოხდა ასეთი რამ - ამ ციხის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ გაითხარა გვირაბი, ორი „ქურდი" გადმოვიდა ჩვენს კორპუსში, ერთი ჩემი მოგვარე იყო - კაკაბაძე. ჩვენს ქვემოთ „ბალნიჩკა“ იყო, სადაც გათბობის მილი ჩადიოდა დაბლა. ამ მილში ქლიბით იმუშავეს და ფურცელი ამოაძვრინეს - ამ წერილით შემატყობინეს - შუაღამისას მზად იყავითო... ვერ მივხვდი, რა იყო ეს მზადება. მერე, როგორც გვითხრეს - ქურდებს გზა გაუკეთებიათ ჩვენს გასაყვანად. მაშინ მივხვდი, რომ ისინი კიდევ არ იყვნენ აზრზე, ჩვენ რა საქმეზე მოვხვდით იქ და ვუთხარით, რომ ჩვენ ჩვენი ფეხით, ჩვენი საქმიანობის გამო მივედით იქ და შესაძლოა, მოვმკვდარვიყავით, მაგრამ გაპარვით ვერ გავიპარებოდით. თან პასუხისმგებლობა ვიგრძენით...
ბოლოს გვითხრეს, თქვენ გახვალთ თუ არ გახვალთ, გვირაბი გათხრილია, ეს გზა უნდა შედგესო... შემზარავი ღამე იყო. იქ მსხვერპლიც იყო... არც ვიცი, საერთოდ თუ ვინემ გადარჩა ამ გაქცევის შედეგად...
ციხეში ბევრი ძალიან მძიმე ღამე იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით მძიმე იყო. მძიმე იყო ის ღამეები, როცა ციხეში ხდებოდა დახვრეტები, თუმცა, არავინ იცოდა, როდის იყო დახვრეტის დღე. ეს დღე გასაიდუმლოებული ჰქონდათ. ამ დღეს ციხეში ხდებოდა რაღაცა უჩვეულო. იდუმალი სიჩუმე ისადგურებდა, ალბათ, ისეთი სიჩუმე, სიკვდილს რომ ახლავს თან. ყველამ იცოდა, რომ ამ დღეს ვიღაცები გაიყვანეს დასახვრეტად. ამას გრძნობდა ყველა...“ - იხსენებს ნანა კაკაბაძე ციხეშ გატარებულ პერიოდს.
გზა ფეშენებელური სახლიდან ციხის საკნამდე
2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით პატიმრობა შეეფარდათ. რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. მაია რჩეულიშვილი კი იმ დღს განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
საქმე ეხებოდა თაღლითობას. მაშინ ბიზნესმენ დებს ფულის მითვისებასა და თაღლითობაში დასდეს ბრალი. უამრავი ადამინი წლები განმავლობაში ელოდებოდა ბინას, რომლებმაც ვერც ფული მიიღეს და ვერც ფართი. საქმის მიმდინარეობისას მაია ღცეულიშმილმა თავისი ქონება სხვა სამშენებლო კომპანიის სასარგებლოდ დათმო, რაც იას ნიშნავდა, რომ დაზარალებულებს საკუთარი თანხა აუნაზღაუდებოდათ.
ამის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილის 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მაია რჩეულიშვილის ციხეში გატარებულ დღეებზე პერიოდულად პოსტებს აქვეყნებდა თავისი დიშვილი ნინო დარასელი. ნინო ერტხანს ერტდა რომ მაია ციხეში პატიმრებს საჭმელებს უკეთებდა და იქ მყოფი ადამიანები მისი უშაუალობითა და მეგობრულობით გაოცებულები არიან.
„თოდუას კლინიკაში პატიმრები დაჰყავთ ხოლმე და ისინიც კონტაქტს მონატრებულები, ექიმებს სხვადასხვა ამბებს უზიარებენ. ბოლოს განსაკუთრებული აღფრთოვანებით თურმე მაიაზე მოუყოლიათ, ჩემს ლამაზ დეიდაზე. გაოცებულები არიან, ეს რა უშუალო და კონტაქტური ყოფილაო და მისი კულინარიის ნიჭით კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანებულან. საქმე იმაშია, რომ როცა საშუალებას აძლევენ, დგას თურნე მაია და მისი უკვე მეგობარი პატიმარი ქალებისთვის გემრიელ საჭმელებს ამზადებს სატრაპეზოში. უხ, როგორ ამზადებს რომ იცოდეთ.
მე კი ვიცოდი, მისაღებ ოთახში ყოფნას რომ სამზარეულოში დამხმარე ქალებთან ერთად ფუსფუსი, პარდონ მაი ფრენჩ დამებთან აწეული ნეკა თითით ყავის სმას, გემრიელ კახურ დიალექტზე მოსაუბრე ტასიკოსთან და თინასთან სიცილი რომ ერჩივნა, მაგრამ ეხლა მიხარია, რომ სხვებმაც დაინახეს, თან იმ ხალხმა ვისთანაც შეიძლება ისე ეცხოვრა ქუჩაშიც კი ვერ გადაჰყროდა ვერსად. ასე რომ, რაც არ გვკლავს... იმედია გვაძლიერებს. იმედია, თორემ მისი 50 კილოს და თეთრი პირსახის შემხდვარე ამას თამამად ვერ ვამბობ.
პ.ს. ვინც მიცნობს იცის ჩემს თავზე საუბარი არ შემიძლია, თხოვნა მიჭირს, ჩემი დარდის ვინმესთვის თავზე მოხვევა - მით უმეტეს. ჰოდა ამ ბოლო დროს ბევრმა მკითხა, სხვებს რომ თავზე გადაყევი ,მაიაზე რატომ არაფერს წერო?! გეტყვით, იმიტომ, რომ სხვა სხვაა, მაია კი მე ვარ“, - წერდა ნინო დარასელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ქალების უმრავლესობა ორგაზმს ვერ განიცდის - რჩევები სექსოლოგ ზურაბ მარშანიასგან 40+ ქალებს
ბავშვობის სიყვარული, მინისტრი ქმარი, ტრაგედიები - ლალი ბადურაშვილის პორტრეტი
ილიკო სუხიშვლის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი
ამერიკას პარფიუმერია ქართველმა აჩუქა - „არაამერიკული“ ამბავი