ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მედიკოსი, რომელიც გალიდან არის, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და წერს, რომ სადაც უნდა იყოს, ისე ლაღად ვერასდროს იქნება, როგორც გალში, საკუთარ სახლში იყო.
„ეს ერთ-ერთი ბოლო ზაფხულია გალში... მას მერე ბევრი რამ დატრიალდა ჩემი და ჩემი ოჯახის თავს. მამა, ბიძა, ბებია ერთმანეთის მიყოლებით შეიწირა აფხაზეთზე დარდმა პირველივე წლებში... დანარჩენებმა ვიმოგზაურეთ ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რათა იმ ადგილისთვის მიგვეგნო, სადაც ოდნავ მაინც ვიგრძნობდით თავს სახლში...
ბევრი რამ მაბედნიერებს ყოველ დღე, მიყვარს ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი, და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ვერასდროს ვგრძნობ თავს ისე ლაღად როგორც სახლში-გალში.
ამ ფოტოზე მეოთხე კლასის ბოლო დღეს აღვნიშნავდით. ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან. ჩემი შვილებისთვის ვისურვებდი სითბოს და სიყვარულს რაც ამ ფოტოზე აღბეჭდილი მეგობრებისგან და იზა მასწავლებლისგან მიმიღია.
აფხაზეთი სრულიად უნიკალური ემოციაა ჩემს ცხოვრებაში. ვერც მსოფლიო დედაქალაქის შესაძლებლობები და ვერც ვერანაირი წარმატება ჩაანაცვლებს შეგრძნებას რაც „სახლში ყოფნას“ მოაქვს. ძალიან, ძალიან მინდა სახლში-გალში“, - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონავირუსი გადამეტანა...“ - დათო ტურაშვილი