ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყნის განვითარებაში მოქალაქეების პასუხისმგებლობასა და მოქმედების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ფანჯიკიძე საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ უკეთესი მომავლისთვის ამ გზით რამე გამოვა.
„ქვეყანა უყვარს, მაგრამ თავისებურადო, რომ ამბობენ, განა სიყვარულის არ მჯერა, ყველას უყვარს ის ადგილი, სადაც დაიბადა, სადაც ყველაზე მეტი უტირია და უცინია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანისთვის აქვს სამტკიცებელი, რომ მისი არსებობა რამეს ნიშნავს. ეს ჯერ სახლია, მერე სკოლა, ეზო და ბოლოს სამშობლო დაერქმევა.
განსხვავება ფსიქოლოგიურ ასაკშია. მცირეწლოვნის სიყვარული მომხმარებლურია. უყვარს იმიტომ, რომ მეტი სათამაშო მიიღოს საჩუქრად, მის განკარგულებაში იყვნენ ადამიანებიც და გარემოც და ჰერმეტულობაში, სივიწროვეში უკეთესადაა, დაცულად გრძნობს თავს, გარემოს გაფართოება, მეგობრების სიმრავლე რთული ამოცანაა პატარასთვის. მოზარდის სიყვარული დესტრუქციული, მაგრამ სიახლის მომტანია, თუმცა აგრესიის და უხეში მსხვრევის მიღმა სიყვარულის დანახვა რთულია, მით უმეტეს, რომ მოზარდი თავს ესხმის ახლოს მყოფს, რადგან ფიქრობს, რომ ახლომყოფები უხუთავენ სულს და უშლიან ხელს განვითარებაში. მოზარდისთვის ყველაზე უხეშადაა გაყოფილი „ჩვენ“ და „ისინი“. ზრდასრული სიყვარული ემპათიის და სიმპათიის ნაზავია, ზრუნვაა, გათვალისწინება გარემოსაც, სხვისი გრძნობასაც. ზრდასრულები არც მცირეწლოვანივით სათამაშოს წართმევის მიზნით აწიწკნიან თმებს ერთმანეთს და არც მოზარდებივით ხროვად არავის ესხმიან თავს, ზრდასრულები თანამშრომლურ გუნდს ქმნიან და ყველასთვის თანაბრად, სამართლიანად ანაწილებენ შესაძლებლობებს, ცდილობენ, ადგილი რომელიც უყვართ, ყველასთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო, სანდო და საიმედო იყოს. ზრდასრულობა პოლიფონიურია. ხანდაზმულობა გათვალისწინებულობასთან, ძველ წესებთან მიჯაჭვულობაა, სიახლის აღმოჩენა და მით უმეტეს მიღება აშინებს. უახლოეს 18 წელიწადში ჩვენ გვყავდა მოზარდების მთავრობა, ახლა გვყავს მცირეწლოვანთა მთავრობა. ასეთ უკუღმა დინამიკას თუ გავაგრძელებთ, მომავლის გაფორმება კი არა, უდღეურ ახალშობილთა თავშესაფარში მოვხვდებით, რომელიც არასდროს იქნება ჩვენი სახლი.
ჩვენს სოციუმში, ზოგადად ზრდასრულობის მიღწევის პრობლემაა. ჰოდა, სანამ დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები (რა დაზრდით, აღმზრდელი, რომელიც ზრდასრული სიყვარულისთვის მოამზადებს, არსადაა), გამოიფიტა ქვეყანა ამდენი „თავისებური სიყვარულით“, რომელშიც ყველაფერია ადამიანზე და გარემოზე ზრუნვის გარდა. მოკლედ, არ ვიცი, ვის მივცე ხმა ამ არჩევნებში. ერთეულებად უნდა გამოვარჩიო მაქსიმალურად დიდი გოგოები და დიდი ბიჭები და იქნებ შეკოწიწდეს რამე უკეთესი, ასე თითო-თითოდ ნაგროვები ადამიანებისგან,“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მძიმე საყურებელია, გულის განმგმირავია ბავშვის ტირილი“ - უმძიმესი კადრები