სოციალურ ქსელში მოქალაქის წერილი ვრცელდება, რომელიც იმ კერძო ბაღს ეხება, სადაც მისი შვილიშვილი დადის.
მართალია, პოსტში არ არის დაკონკრეტებული კონკრეტულად რომელ დაწესებულებაზეა საუბარი და შესაბამისად ვერც მეორე მხარის პოზიციას შემოგთავაზებთ, თუმცა თუ ყველაფერი, გადაჭარბების გარეშე, ზუსტად ისეა, როგორც არასრულწლოვანის ბებო ჰყვება, მაშინ მდგომარეობა მართლაც შემაშფოთებელია.
მაშ ასე:
„ახლა რაც უნდა გითხრათ, გაბრაზებული დედამთილის პოზიციიდან შორს დგას. ის შეფასება, რაც მე ჩამომიყალიბდა, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ბავშვი ბაღიდან სულ დედას გამოჰყავდა. პატარა დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ბაღში ატარებდა დროს. ერთხელაც, როცა მე მომიწია შვილიშვილის გამოყვანა, ბრაზი ვერ დავმალე და საკუთარ რძალთან კამათი მომივიდა.
ჩვენი პატარა სამი წლისაა და მშობლებმა გადაწყვიტეს, კერძო ბაღში მიეყვანათ. ძალიან რთული არჩევანის წინაშე დავდექით, რადგან ბავშვების ბაღში მიყვანისას ბევრ სირთულეს ვაწყდებით, მიუხედავად იმისა, რა ხასიათისა და უნარების მატარებელია იგი.
მოკლედ, რძალმა ინტერნეტსივრცეში ქექვის მერე, ყველაზე სასურველ ბაღად, ყველაზე მეტად „დალაიქებული“ დაწესებულება შეარჩია და ჩვენი ოჯახის პატარა წევრი ასე მოხვდა ახალ გარემოში.
აღმოჩნდა, რომ ბაღი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზეა განთავსებული, არ ააქვს ეზო, არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული. ოთახში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, დაგებულია ხალიჩა - ნამდვილი მტვრის ბუდე. ეზოს ფუნქციას ითავსებს სკვერი, რომელიც კორპუსის უკან, სატრანსპორტო გზის გასწვრივ მდებარეობს და კიდევ ათასი წვრილმანი დეტალი, რომელზეც პირველ რიგში სახელმწიფო უნდა რეაგირებდეს, თუ მშობლის ინტერესი მოიკოჭლებს.
ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის, როცა აღმოვაჩინე, იმ უნიტაზს, რომლითაც ჩემი პატარა და მისი თანატოლები სარგებლობენ, ასევე მოიხმარენ ბაღის ადმინისტრაციის წევრები და აღმზრდელები. როგორც ჩანს ამ უხერხულობაზე ბაღის ადმინისტრაციამაც იზრუნა და მშობლების თვალის ასახვევად თქვა, რომ უფროსებისთვის სხვა საპირფარეშოც არსებობს, თუმცა ბავშვებს რას გამოაპარებ, ძალიან კარგი ინფორმატორები არიან და ჩემმა პატარამ თქვა, როგორ გაეპარა ფისები, იმიტომ რომ საჭირო ოთახში იმ მომენტში ბაღის მასწავლებელი იმყოფებოდა.
კითხვაზე, თუ რა პრინციპით დათანხმდა ჩემი რძალი ასეთი ტიპის ბაღში ბავშვის ტარებას, მშობლის პოზიციიდან შოკის მომგვრელადაც კი მოგეჩვენებათ - 200 ლარად მეტს რას ითხოვ, მშვენიერი თავშესაფარია. მთავარია, ბავშვი არ ტირის და კარგად ერთობა.
დაე, მიწოდონ ავი დედამთილი, მაინც ვიტყვი, რომ სანამ მშობელს გააზრებული არ ექნება, რომ ბაღი არ არის ბავშვის თავიდან მოცილების გზა და მით უმეტეს, თავშესაფარი, ჩვენს პატარებს დიდხანს მოუწევთ მსგავს პირობებში ყოფნა, მით უმეტეს, როცა სახელმწიფო ნაკლებად უფიქრდება, ვის და რას ანიჭებს საბავშვო ბაღის სტატუსს“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ოთხმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ, რომ შეყვარებულების ყოლის დრო იყო და“... - უსაყვარლესი ისტორია
უნდა გავიდე და ვიმღერო! არ მოგესმათ! – თამარ ივერს დედა გარდაეცვალა
წყარო: www.mshoblebi.ge