იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი სოლომონ ნერგაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე საჯაროდ წერს. აღნიშნულ წერილს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ჩემი საქართველო აღარ დაბრუნდება?!
თბილი, გამტანი, 14 აპრილს აფეთქებული და მზადმყოფი, სისხლი შეესხა სახეში მომხვდურისთვის... 9 აპრილის სიყვარულიანი საქართველო აღარ იქნება...
ჩვენმა თაობამ დედა უტირა... დაანგრია, გადაწვა, დაახინჩა... დაანაწევრა და ნაწილებად გააჩუქა...
90-იანების კერძო უნივერსიტეტების განათლება გაბატონდა ქვეყანაში...
აგრესიული უწიგნურობა ზეობს...
ნატო-ნატოო, ვბღავით - ვერ კი გაგვირკვევია, ნატოში უაფხაზეთოდ და უსამაჩაბლოოდ შევდივართ თუ მათთან ერთად...
ქვეყნის გამთლიანების გეგმა ან მოსაზრება მაინც, გამთლიანების შესახებ არავის აქვს, ორი ჯგუფის გარდა. იმ ორ ჯგუფს კი გამთლიანებული ქვეყანა რუსეთის ფედერაციის ერთ გუბერნიად წარმოუდგენია.
აგრესიული უწიგნურობა ზეობს...
აგრესიული უწიგნურობა ამუხრუჭებს ქვეყანას...
„70 ათასი ბავშვი შიმშილობს! ასეულ ათასობით პენსიონერები შიმშილობენ! ხალხი შიმშილით კვდება"... - აი, ამას ბღავიან აგრესიული უწიგნურები და გვპირდებიან, მოვლენ თუ არა ხელისუფლებაში, ეს პრობლემები აღარ იარსებებს.
ამას ბღავიან იმ ქვეყანაში რომელიც:
- პირველ ადგილზეა მსოფლიოში აი-ფონების პროცენტული რაოდენობის მხრივ;
- პირველ ათეულშია ერთ სულ მოსახლეზე მსუბუქი მანქანების რაოდენობით;
- თურქეთიდან აწარმოებს ლობიოს, კიტრის, პომიდვრის, სიმინდის იმპორტს, მაშინ როცა საკუთარი სახნავ-სათესს არ ხნავს;
- მსოფლიოში პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე "უმაღლესი განათლების დიპლომების" რაოდენობით.
დიახ, მეგობრებო, ამდენი დიპლომის ქვეყანაში, აგრესიული უწიგნურობა მძვინვარებს...
მე კი ჩემი ძველი, თბილი საქართველო მენატრება - სიყვარულიანი, გამტანი...
იმ საქართველოში არ შიმშილობდნენ, იმ საქართველოში არ სძულდათ, იმ საქართველოში უყვარდათ.
იმ საქართველოში...
იმ საქართველოდან არ გარბოდნენ...
იმ საქართველოს მრავალი შეჰხაროდა...
ის საქართველო მინდა...
ის საქართველო მენატრება...“,- წერს სოლომონ ნერგაძე.
~
ასევე დაგაინტერესებთ👇
„კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა“ - რას წერს ნოე სულაბერიძე