12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5128 შემთხვევა დაფიქსირდა, გართულებულ ეპიდვითარებას ისიც ამძიმებს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ვაქცინის გაკეთებისგან, სხვადასხვა მიზეზების გამო, თავს იკავებს.
პანდემიამ ქართველები რამდენიმე ნაწილად გაყო - აცრილები, ანტივაქსერები და აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც უკვე ვაქცინირებულები არიან, თუმცა საქართველოში არსებულ ვაქცინებს უნდობლობას უცხადებენ და პრეპარატების შენახვის პირობებს ეჭვქვეშ აყენებენ. ისინი საკუთარ მოსაზრებებს, რომლებიც დადასტურებული არ არის, საჯარო სივრცეში აფიქსირებენ და მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ აცრასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო აბრკოლებენ.
ერთ-ერთი ასეთი პირი სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვინმე კატო სატაველია, რომელმაც საქართველოში არსებული ვაქცინების შენახვის პირობები ეჭვქვეშ დააყენა და ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში დადასტურებულად განაცხადა, თითქოს საქართველოში, ერთ კორპუსში მცხოვრები 8 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ვაქცინირებულები იყვნენ.
აღნიშნული კომენტარის გამო, არგუმენტები და მტკიცებულება კატო სატაველს ჟურნალისტმა - ნათია ორველაშვილმა მოსთხოვა, აგრეთვე აუხსნა ის საშიშროება, რაც შესაძლოა, მის მოსაზრებას მოჰყოლოდა.
როგორც ორველაშვილი წერს, მისმა კითხვამ სატაველში აგრესია გამოიწვია, მისთვის მორალის წაკითხვა აუკრძალა, გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ კი, სანდო ადამიანები დაასახელა.
„საჯარო კომენტარია. ამიტომ არ ვფარავ ავტორს. მივწერე. ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა, სადაც ამბობს, რომ ერთი დოზით იყვნენ აცრილები ეს ადამიანები. რაოდენობა მაინც მაფიქრებს - 8 მსხვერპლი ერთ კორპუსში ნამეტანია. თუნდაც აუცრელები ყოფილიყვნენ საერთოდ. მთავარი მაინც ის არის, რომ ამ კომენტარს დაიჯერებს ათობით ადამიანი, დასქრინავენ და წაიღებენ უამრავ ჯგუფში. ხმოვანი შეტყობინებაც აქვეა. რჩევა მომცა, რომ ტოლი ვნახო და გავიარო აქედან. თან ექიმი ვარო. დეზინფორმაციის ამ ნაკადის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია“, - წერს ორველაშვილი.
ცნობისთვის, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სახელმწიფო სტრუქტურებს სახელმწიფოს ანტივაქსერების წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გამოყენებას სთხოვა. მედიკოსი მიიჩნევს, რომ სიცოცხლისათვის. ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ან გაყალბება კანონით უნდა დაისაჯოს.